ხმაურით წარიმართა დღეს, 5 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. დეპუტატებმა ადგილობრივი ბიუჯეტის 2017 წლის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშის თაობაზე შეკითხვებით გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, ვლადიმერ გელაშვილს, მიმართეს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა, რამდენად საკმარისია ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების გამართულად ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხები;
რატომ დაიხარჯა თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თავდაცვის მიმართულებით, როცა ეს სფერო დელეგირებული ტრანსფერით ფინანსდება;
რატომ არ არის ქუჩები ღამით განათებული;
არსებობს თუ არა დიდთოვლობისას გზების გაწმენდის შესაბამისი დოკუმენტები;
დაფინანსდება თუ არა გზების მოვლა-შენახვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
შესრულდება თუ არა დაგეგმილი ბიუჯეტი მომდევნო თვეებში.
დეპუტატები თორნიკე ავალიშვილი და ქეთევან ზუმბაძე ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელთა ხელფასების არათანაბარი კლება-მატებით დაინტერესდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე – ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხით.
საკრებულოს სხდომას დაესწრო ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღმზრდელი მედული ბოგვერაძე, რომელმაც სხდომაზე დეპუტატებს მიმართა:
„50 წელია, რაც საბავშვო ბაღში ვმუშაობ. გამგებელმა არ მიპასუხა და თქვენ მაინც გამეცით პასუხი, რატომ გაათავისუფლეთ ირმა სებისკვერაძე სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორობიდან. გავიგეთ, რომ ფინანსური კრიზისია და ხელფასები მოგვაკლდა, მაშინ რატომ დანიშნეთ გათავისუფლებული ირმა ახალშექმნილ შტატზე?! ბატონი გივი თხელიძე წინასაარჩევნოდ დაგვპირდა, რომ ხელფასები მოგვემატებოდა და წელს პირიქით მოხდა. გაზეთ „ჩემი იმერეთის“ ფურცლებზე წავიკითხე დეპუტატ ჯამბულ გამცემლიძის სხდომაზე ნათქვამი, ლეღვნის საბავშვო ბაღში ფურცელი და ფანქარი არ აქვთ ბავშვებსო. ეს მართალია, ბოლო ორი წელია, საკანცელარიო ნივთები ჩემთვის არავის მოუცია. აღსაზრდელებთან დღემდე ქალბატონ ქეთევან ზუმბაძის დირექტორობის დროს შეძენილ ცარცს, წებოსა და ფურცლებს ვიყენებ.“
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის თქმით, საკადრო პოლიტიკას გამგებელი წყვეტს და არა საკრებულო. ის აღმზრდელ მედული ბოგვერაძეს დაჰპირდა, რომ სხდომაზე მისგან დასმულ შეკითხვებს გამგებელს წერილობით გაუგზავნის.
დეპუტატი ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ხარაგაულის თვითმმართველობა დასაქმების ბიუროდ იქცა, მოსახლეობის რეალური საჭიროებების მომგვარებელი ორგანოს ნაცვლად.
„კონკრეტულად მიპასუხეთ, რა გამოსწორდება მომდევნო თვეებში და როგორ. ადამიანებს უკეთესობის მოლოდინი ჰქონდეთ თუ უარესობის?“ – მიმართა მან ვლადიმერ გელაშვილს.
საკრებულოს წევრი გელა გოლუბიანი თვლის, რომ ხარაგაულის თვითმმართველობამ რეალურად უნდა შეაფასოს საკუთარი საქმიანობა, რომ მომავალშიც საბიუჯეტო კრიზისში არ აღმოვჩნდეთ. დეპუტატის აზრით, ააიპ-ებში შტატების არაგონივრულად მატებას ეს შედეგი რომ მოჰყვებოდა, ამაზე საკრებულოს თავიდან უნდა ეფიქრა.
დეპუტატმა მარინე ვეფხვაძემ ხარაგაულში მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოებისა და ეზოების მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა, საკრებულოს წევრებმა მერაბ ღონღაძემ, კობა გოგსაძემ და გოგი ლაცაბიძემ – სასოფლო გზების კეთილმოწყობაზე.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა დეპუტატებს მიმართა, რომ „ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიში წლიური ბიუჯეტის საბოლოო ამინდს არ ქმნის. ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ ინდმეწარმეებისგან გადახდილი საშემოსავლო გადასახადი რჩება. მიწისა და ქონების გადასახადი კი ბიუჯეტში წლის ბოლოს, ნოემბერში ჩაირიცხება. პირველ კვარტალში ხელფასები და აუცილებელი ხარჯები გაცემულია. ნუ დასახავთ ისე, რომ ქვეყანა დაიქცა. გთხოვთ, მოიწვიეთ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი და ჰკითხეთ, რომელ თანამშრომელს მოაკლდა ხელფასი, რომელს მოემატა და რატომ.“
„ქვეყანა არ დაქცეულა, მაგრამ ის ადამიანები, ვინც გასული წლის დეკემბერთან შედარებით წელს 10, 20, და 40%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ, დაიქცნენ,“ – ასეთი რეპლიკით უპასუხა დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიში დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.
ნინო კაპანაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.