ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულმა გია თაბუკაშვილმა პირველ მაისს თბილისში, პროფკავშირების სასახლეში, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის შემაჯამებელ ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.

ყრილობაზე მასთან ერთად ძირულასა და ბეჟათუბანში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულებიც იმყოფებოდნენ.

2016 წლის ნოემბერსა და 2017 წლის იანვარში, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების დახმარებითა და ჩარევით ზვარეში, ძირულასა და ბეჟათუბანში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულებს დამსაქმებელთან ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმდათ.

„სოლიდარობას ვუცხადებ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებს და მათ მოსაზრებებს სრულად ვიზიარებ, – ამბობს გია თაბუკაშვილი, – ჩვენს სამუშაო ადგილზე გაუსაძლისი მდგომარეობა აღარაა, თუმცა მიღწეულის დასაცავად მუდმივი ბრძოლაა საჭირო.“

„მშრომელების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისთვის სირთულეებით აღსავსე იყო განვლილი ოთხი წელი, – ასე შეაფასა ყრილობაზე რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების საქმიანობა მისმა თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ,  გაუსაძლისი შრომითი პირობების გამო რკინიგზაზე დასაქმებულ მუშათა მოძრაობა გაძლიერდა. უნდა გავაანალიზოთ, რა იყო ჩვენი მიზანი, რა გზა გავიარეთ, რას მივაღწიეთ და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

სამი საგაფიცვო აქციით რკინიგზის ხელმძღვანელის გადადგომას და ხელფასების მატებას მივაღწიეთ. გაუმჯობესდა დასაქმებულთა შრომითი პირობები, უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური შრომა. დღემდე პრობლემაა საპრემიო სისტემის სამართლიანი განაწილება და რკინიგზის ენერგომომარაგებაში დასაქმებულთა მცირე ხელფასი.

დღემდე გრძელდება სხვადასხვა სახის ზეწოლა ჩვენს წევრებზე. დღეს სამტრედიიდან 40 რკინიგზელს ველოდებოდით, მაგრამ ხელმძღვანელობამ მათ თბილისში ჩამოსვლას ხელი შეუშალა.

ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ რკინიგზაში სოციალური პარტნიორობის განცდა ჩამოყალიბდეს. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები და პირველი მაისი დასვენების დღედ გამოცხადდეს.“

პროფკავშირების სასახლეში შეკრებილებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ოთხი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ამსახველი ფილმი გვაჩვენეს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ყრილობის მონაწილეებს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა მიმართა:

„1856 წლის პირველ მაისს ავსტრალიაში დასაქმებულებმა რვასაათიანი სამუშაო დღე მოითხოვეს, მას შემდეგ, რაც ჩიკაგოში მუშათა პროტესტი სისხლში ჩაახშვეს.

ავსტრალიაში მუშათა პროტესტიდან დაწყებული, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების საქმიანობით დამთავრებული, ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. პირველმა მაისმა მოგვიტანა ხელფასი და არა ჯამაგირი, – ხელის ფასი და არა მოჯამაგირის ყოფაში მყოფი დასაქმებული. ამ ბრძოლებმა მოგვიტანა უსაფრთხო შრომა, ყველას მოგვცა ერთობის სტიმული, რომ მოვითხოვოთ თანასწორობა და არა დომინანტობა.

რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირებმა შექმნეს პრეცედენტი, რომ ყველამ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა მანამ, სანამ ჩვენს ქუჩაზეც არ მოვა გაზაფხული. უნდა გავითავისოთ, რომ არ ვართ ბევრნი და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.“

ყრილობის მონაწილეებს აუდიტორია 115-ის წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე მიესალმა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით რკინიგზის დეპარტამენტთან შრომითი დავის – მედიაციის – დაწყება დაანონსა.

ყრილობის შემდეგ რკინიგზელები რუსთაველის გამზირზე პროფკავშირების ფართომასშტაბიან აქციას შეუერთდნენ.

ნინო კაპანაძე