ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე თამაზ ვაშაყმაძემ ხარაგაულში იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლების სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა.

შეხვედრას იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე უძღვებოდა.

მუნიციპალიტეტების გამგებლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ შენიშვნები გამოთქვეს. მათი თქმით, ხშირად სოციალური აგენტები დაინტერესებულნი არიან კონკრეტული ოჯახისთვის ფულადი შემწეობის დანიშვნა-გაუქმებით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე თამაზ ვაშაყმაძემ გამგებლებს სთხოვა, რომ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდონ სოცაგენტების მხრიდან საქმის არაკეთილსინდისიერად შესრულების თაობაზე.

თამაზ ვაშაყმაძის ინფორმაციით, მარტის მონაცემებით, იმერეთში ფულად სოციალურ შემწეობას 19 431 ოჯახი იღებს (66 ათასი პირი), ბაღდათში – 755 ოჯახი (2 500 პირი), ვანში – 1 200 ოჯახი (4 500 პირი), ზესტაფონში -1949 ოჯახი (7 155 პირი), თერჯოლაში – 507 ოჯახი (1 936 პირი), სამტრედიაში – 1300 ოჯახი (4 524 პირი), საჩხერეში – 1 262 ოჯახი (5 591 პირი), ტყიბულში – 1 024 ოჯახი (2 834 პირი), ქუთაისში – 2 910 ოჯახი (8 230 პირი), წყალტუბოში – 1 939 ოჯახი (4 604 პირი), ჭიათურაში – 3 073 ოჯახი (10 252 პირი), ხარაგაულში – 1 644 ოჯახი (6 147 პირი), ხონში -1 868 ოჯახი (5 894 პირი).

მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ფულად სოციალურ შემწეობას პროცენტულად ყველაზე მეტი მოქალაქე (31%) ხარაგაულში იღებს. რაც შეეხება ასაკს, სოციალურ შემწეობას 18-დან 30 წლამდე და 70 წელს ზემოთ მოქალაქეები ითხოვენ.

„ეს ფაქტი ძალიან დასაფიქრებელია, – აღნიშნა შეხვედრაზე თამაზ ვაშაყმაძემ, – ჩვენ დასაქმების პროგრამა ავამოქმედეთ, მაგრამ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, დასაქმების პროგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვი მცირეა. რამდენიმე მენეჯერის, მცხობელის, ზეინკალის ვაკანსიაა და არავის სურს დასაქმება. ერთმა მითხრა, 300 ლარიან სამსახურს მთავაზობთ, დახმარება 250 ლარია და რატომ ვიმუშავებო. პროფესიული გადამზადების პროგრამები გვაქვს. 1000 ლარია განსაზღვრული სახელმწიფოსგან თითოეული მოქალაქის გადამზადებაზე.“

შეხვედრაზე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირება დასაქმების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ შუამდგომლობის თხოვნით მისული ყველა მოქალაქის მდგომარეობას დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ადგილზე სწავლობს და შემდეგ მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო სამსახურს.

„სამწუხაროდ, არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა ოჯახები ხელახლა გადამოწმებაზე, – მიმართა კობა ლურსმანაშვილმს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე თამაზ ვაშაყმაძეს, – ძალიან კარგად იციან აგენტებმა, რა შეიტანონ დეკლარაციაში და რა – არა. როგორ გადამოწმდება თქვენს მიერ მიწის ფართობის სიზუსტე, როცა გლეხს მიწა საჯარო რეესტრში არ აქვს დარეგისტრირებული. სუბიექტურია აგენტების მიდგომა, – თუ ადრე დახმარების დანიშვნით იყვნენ დაინტერესებულნი, ახლა შემწეობის მოხსნა სურთ.“

თამაზ ვაშაყმაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ნიუანსებს სწორად ჩავწვდეთ. მისი თქმით, ორი წელია, აგენტების არაჯეროვან მუშაობაზე საუბრობენ და კონკრეტული ფაქტები არ სახელდება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ აქცენტი ბავშვიან ოჯახებზე აიღო.  შეხვედრაზე ითქვა, რომ სოციალური დახმარების კუთხით საკანონმდებლო ბაზა სუსტია და ცვლილებებს საჭიროებს. პარლამენტარ კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ცვლილებათა პაკეტი მზადდება.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ აღნიშნა, რომ ჩვენ სიღარიბე უნდა დავძლიოთ, მდგომარეობის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ და არა აგენტების დადანაშაულებაზე. მისივე თქმით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობს.

ნინო კაპანაძე