ზესტაფონში იმერეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა. ხარაგაულიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და ჩამოყალიბების შესახებ სააგენტოს უფროსმა გიორგი მიშელაძემ ისაუბრა. „სოფელი და სოფლის მეურნეობა რომ აღორძინდეს, ამისათვის საქართველოს მთავრობამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავეს პროექტი კოოპერატივების ჩამოყალიბების შესახებ“. გვესაუბრება ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მაჭავარიანი.
რა არის კოოპერატივი?
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული, მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მოიცავს მემცენარეობის და ცხოველური პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვას და რეალიზაციას.
რატომ უნდა გაერთიანდეს გლეხი კოოპერატივში?
კოოპერატივში გაერთიანებული გლეხები სარგებლობენ მთელი რიგი უპირატესობებით. კოოპერატივის ქონება ქონების გადასახადით არ იბეგრება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი და გრანტი მოგების გადასახადით არ იბეგრება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვალისწინებული აქვს კოოპერატივებისთვის მოტობლოკებისა და ხელით სათესების, ლიზინგით (გრძელვადიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით) გადაცემა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს უპირატესობით, მიიღოს გრანტი. კოოპერატივი, როგორც გაერთიანება, ითვლება კრედიტუნარიანად და საკრედიტო რესურსი უფრო ხელმისაწვდომია. განსაზღვრულია კოოპერატივებში დასაქმებულთათვის უფასო სწავლა-გადამზადება. კოოპერატივები სასუქს, შხამქიმიკატებს და ჰერბიციდებს შეიძენენ საბითუმო ფასებში.
კოოპერატივში უფრო ადვილია დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები და მოწინავეთა გამოცდილება. კოოპერატივს უფრო იაფი დაუჯდება ტექნიკის გამოყენება. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კოოპერატივს მიერ წარმოებული პროდუქცის თვითღირებულება იქნება უფრო იაფი, რაც აუცილებელია კონკურენტუნარიანობისთვის. კოოპერატივისთვის უფრო ადვილი იქნება პროდუქციის რეალიზაცია. ნებისმიერ მიმღებს ურჩევნია საქონელი შეისყიდოს ერთი ორგანიზაციიდან და არა ცალკეული გლეხიდან.
როგორია კოოპერატივში გაერთიანების წესი?
კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს კოოპერატივის საქმიანობაში და ფლობს პაის. მაღალმთიან რეგიონებში კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 3-ზე, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან 6 სოფელი გადის მაღალმთიანში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება იქმნება წევრთა (მეპაიეთა) შენატანით, საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებით და გრანტით.
კოოპერატივი შეღავათებით ისარგებლებს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიიღებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს. სტატუსს ანიჭებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო. სტატუსის მისაღებად საჭიროა გაერთიანებით დაინტერესებული პირები დარეგისტრირდნენ სამეწარმეო რეესტრში კოოპერატივის ორგანიზაციული ფორმით. შემდეგ სააგენტოში წარადგინონ განცხადება სხვა დოკუმენტებთან ერთად:
1. ამონაწერი მეწარმეთა იურიდიული პირების რეესტრიდან, რითაც დასტურდება რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება;
2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დასტურდება მათი სასოფლო-სამეურნეო ქონებაზე საკუთრების უფლება;
3. კოოპერატივის წესდება.
სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს, წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის ულებამოსილებას, შენატანის (პაის) ოდენობას, მოგებისა და დივიდენდების განაწილების წესს და სხვა საკითხებს.
თუ წარმოდგენილი საბუთები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგი, რის საფუძველზეც ადგენს, გაუგრძელოს თუ შეუწყვიტოს კოოპერატივის სტატუსი.
რით განსხვავდება კოოპერატივი სხვა გაერთიანებებისაგან?
კოოპერატივს აქვს ორი მთავარი პრინციპი, ნებაყოფილობითი გაერთიანება და თანასწორუფლებიანობა. მისი მართვა ხორციელდება დემოკრატიული პრინციპით, ყველა წევრი თანასწორია, 100 ჰა-ს მფლობელს და 1 ჰა-ს მფლობელს გადაწყვეტილების მიღებისას აქვს მხოლოდ თითო ხმის უფლება. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც მინიჭებული აქვს სტატუსი, სარგებლობს რიგი უპირატესობებით, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი.
ხარაგაულის პირობებში შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ჩამოყალიბდეს კოოპერატივები, როგორც მემცენარეობის, ასევე მეცხოველეობის მიმართულებით. იქ, სადაც ჩვენ გვაქვს ერთიანი ფართობები და კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას მიზანშეწონილად მიმაჩნია, ჩამოვაყალიბოთ კოოპერატივი მევენახეობის ან მესიმინდეობის მიმართულებით. ერთიანი ფართობის შემთხვევაში, ბევრად უფრო რაციონალურად ხდება ტექნიკის გამოყენება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ თემებში შესაძლებელია მოვაწყოთკოოპერატივები სასათბურე მეურნეობის მიმართულებით. თუ სათბურში მარტიდან სექტემბრამდე მოიყვანენ მაგ. კიტრს, პომიდორს, ხოლო სექტემბრიდან მარტამდე ცერეცოს, სათბური მთელი წლის განმავლობაში იქნება დატვირთული. მეცხოველეობის დარგში ჩვენ გვყავს ისეთი მეურნეები, რომლებიც ცხოვრობენ ერთ სოფელში, ჰყავთ 10 სულზე მეტი პირუტყვი და მომთაბარე მესაქონლეობას ეწევიან. მათი კოოპერატივში გაერთიანების შემთხვევაში, ისინი უფრო ადვილად გაუმკლავდებიან პრობლემებს და ექნებათ უპირატესობები. ასევე შესაძლებელია კოოპერატივების ჩამოყალიბება მეფრინველეობის, მეფუტკრეობის და სხვა მიმართულებითაც.
კოოპერატივის შესახებ აზრი ხარაგაულელ მეურნეს ლეო ბუაჩიძეს ვკითხეთ: -ხარაგაულის პირობებში უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი რთული რელიეფი და რთული კლიმატური პირობები. მიწები არის ძალიან დაქუცმაცებული. კოოპერატივისთვის ერთი მთლიანი მიწის მასივის შექმნა ძალიან რთულია. კოოპერაციაზე ამყარებენ იმედს. ამით ფიქრობენ, რომ სოფელი და სოფლის მეურნეობა უნდა აღორძინდეს. ამერიკაში ან თუნდაც ევროპაში ერთი ფერმერი საშუალოდ 200 ადამიანს არჩენს. ოჯახში იქ ყველა მუშაობს – ბავშვიც და დიდიც. ჩვენ ეს კულტურა და მენტალიტეტი არ გვაქვს. მე პირადად ძალიან ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი კოოპერაციის მიმართ. თანამოაზრეთა შეკრება, ხუთი ადამიანისა, თუნდაც სამის, ჩემი სოფლის პირობებში ძალიან რთულია. მე რომ მოვინდომო ჩემს სოფელში სამი შრომისუნარიანი, ახალგაზრდა თანამოაზრის მოძებნა, ძალიან გამიჭირდება. ამასთან ერთად, მე რომ მოვინდომო კოოპერატივის შექმნა, მასში რაღაც წილი ხომ უნდა შევიტანო. რა შევიტანო, რაც არაფერი მაქვს. შევქმენით კოოპერატივი, – შემდეგ გაყოფაზე მოგვივა ჩხუბი, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე. საჭიროა საქმის მცოდნე ბუღალტერი, რომ დადგინდეს პაი, დივიდენდი, აქ უთანხმოება გარდაუვალია. მაგრამ, დავუშვათ, შეიქმნა მეურნეობა. კოოპერატივის განვითარებისთვის საჭიროა აგროკულტურა; აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს აგროანბანი, – ის ელემენტარული, რაც მეურნეობისთვისაა საჭირო. ამის გარეშე ვერავინ განავითარებს კოოპერატივს.
თამთა გოგოლაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ