axali proeqticხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ახალი სარკინიგზო ხაზის #9 ზვარის გვირაბის დასავლეთ პორტალის პროექტში შეტანილმა ცვლილებების და დამატების პროექტმა გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით არ შეიძლება მიიღოს დადებითი დასკვნა. პროექტის უნებართვოდ შეცვლამ უკვე მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი ზვარეს მინერალური წყლის საბადოს და მდინარე ზვარულას კალაპოტს – ასეთი მოსაზრება აქვს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობას.“

ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ხარაგაულში, #9 ზვარის გვირაბის დასავლეთ პორტალის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტი დაინტერესებულ პირებს საკონსულტაციო ფირმა „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენელმა ჯუღული ახლვლედიანმა გააცნო.

საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელმა, აკაკი საღირაშვილმა, მოდერნიზაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, რელიეფის გამო, ყველაზე რთული ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალია და აქ საკმაოდ ხშირია დაყოვნებები და ტექნიკური გაჩერებები. „პროგნოზით სარკინიგზო გადაზიდვები გაიზრდება. უღელტეხილის მონაკვეთის გამტარუნარიანობა დღეის მდგომარეობით მაქსიმუმ 27 მილიონი ტონაა. შეიძლება ისეთი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ, რომ ტვირთი იყოს გადასატანი და ჩვენი რკინიგზის ინფრასტრუქტურა არ იყოს მზად ამისთვის. ამ გამოწვევას უნდა შევხვდეთ მზად. მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ რკინიგზას მიეცემა საშუალება, რომ დამატებითი ელმავალი არ გამოიყენოს აღნიშნულ მონაკვეთზე და დაყოვნების გარეშე გააუმჯობესოსსაოპერაციო საქმიანობა,“ – ამბობს აკაკი საღირაშვილი. მისი განმარტებით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთვა მოდის სწორედ ზვარეს რვაკილომეტრიან გვირაბზე.

გვირაბის მშენებლობა პროექტის თავდაპირველი ვარიანტით სხვა ადგილას იყო გათვალისწინებული. შემდგომი ცვლილება, აკაკი საღირაშვილის განმარტებით, მშენებლობის ზედამხედველების რეკომენდაციით მოხდა, რადგან მშენებლობა და შემდგომ მისი ოპერირება იქნებოდა დიდ რისკებთან დაკავშირებული. „პორტალის მოსაწყობად ქანები იყო არახელსაყრელი. გარდა ამისა, მდინარე გადადიოდა რკინიგზის ზევით, რაც დამატებით საოპერაციო ხარჯებს და რისკებს შეიცავდა. უკეთესი ტექნიკური გადაწყვეტილება გახლავთ ის, რასაც ჩვენ ახლა გთავაზობთ.“

„გამა კონსანტილგის“ წარმომადგენლის, ჯუღული ახვლედიანის თქმით, ის მაშინ ჩაერთო პროცესში, როცა სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. მისი თქმით, გვირაბის აღმოსავლეთის მიმართულებით გადატანა მოხდა შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, „პროექტი არ იყო შეთანხმებული და განხილული გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და არ იყო გაცემული შესაბამისი მშენებლობის ნებართვა. ასეთმა ცვლილებამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა ზვარის მინერალურ წყლებზე და მდინარე ზვარულას კალაპოტზე. რისკი იყო ძალიან მაღალი, რომ ზვარეს მინერალური წყლის საბადო საერთოდ დაკარგულიყო. გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის შეცვლა ქმნიდა გარკვეულ ჰიდროლოგიურ პრობლემებს. იყო თავიდან მცდელობა, რომ ესტაკადა მოწყობილიყო და ჭაბურღილები მოექცეოდა რკინიგზის ქვეშ. ჭაბურღილებზე მოეწყობოდა 5 მეტრი სიმაღლის ჰიდროიზოლაცია და დაბინძურების რისკი გამოირიცხებოდა, მაგრამ არავინ იყიდის იმ წყალს, რომელიც რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გადის. ამიტომ შეჩერდა სამუშაოები გარემოს დაცვის სამინისტროს ჩარევით,“ – აცხადებს ჯუღული ახვლედიანი.

რას ითვალისწინებს ახალი პროექტი. შესასვლელმა პორტალმა მინიმუმ 15 მეტრის დაშორებით უნდა გადაიწიოს აღმოსავლეთით, რაც საშუალებას იძლევა გათავისუფლდეს სამივე ჭაბურღილის პირველი სანიტარული დაცვის ზონა. ჭაბურღილები უნდა გამოვიდეს რკინიგზის გავლენიდან და გათავისუფლდეს მდინარის კალაპოტი. მეორე სანიტარულ ზონაში, როგორც თავდაპირველ, ისე თვითნებურ და დღევანდელ პროექტში, მაინც გადის სარკინიგზო მაგისტრალი და ეს პრობლემატურია.

გამოსასვლელი პორტალიდან ორივე მხარეს სარკინიგზო მაგისტრალს ექნება წყალშემკრები კიუეტები, რომელიც რკინიგზის ვაკისზე მოსულ ატმოსფერულ წყლებს შეაგროვებს და სალექარის საშუალებით მდინარე ზვარულაში ჩაუშვებს. რაც შეეხება მოქმედ ჭაბურღილს, დაგეგმილია, რომ მის ირგვლივ 15 მეტრის რადიუსში მოეწყოს ჰიდროიზოლაცია და აშენდეს საყრდენი კედელი 300 მეტრიანი სანიტარული დაცვის ზონაში.

ნაყარი მასალა, რითაც დღეს დაფარულია მდინარე ზვარულას მარჯვენა ნაპირი, სანაყაროზე უნდა გაიტანონ, რომ ჰიდროლოგიური პრობლემები არ შეექმნას ნალექის დროს მდინარესა და სოფელს.

საპროექტო ცვლილების თანახმად, გვირაბი 15 მეტრით შედის მთის სიღმეში. მშენებელმა ყოველ ხუთ მეტრში გეობადით უნდა დაიცვას ფერდობის დახრილობა.

დიდი რისკია მცენარეულ საფარზე ზემოქმედების. 3-4 ჰა ფართობზე მცენარეული საფარი უკვე განადგურებულია. ახალი პროექტით 1-2 ჰა ტყის ფართობი მოიჭრება. გავლენის ზონაში ხვდება კაკლისა და წაბლის ხეები.

სარკინიგზო ხაზმა უნდა გაიაროს სოფლის ტერიტორიაზე. ამიტომ ხმაურის ზემოქმედების რისკი ძალიან მაღალია. აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული დროებითი ხმაურდამცავი ხის ეკრანები როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის დროს.

„გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, სარკინიგზო მაგისტრალისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა სამშენებლო ნარჩენების განთავსება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მცირემიწიანია, ხეობები ვიწროა. თუ მშენებელი სოფელ ნუნისთან არსებულ ხევში ნარჩენების განთავსების პირობებს დაიცავს, მოეწყობა გაბიონი ისე, რომ წყლის მიმართულების ცვლილება არ გამოიწვევს ეროზიებს. სამშენებლო ნარჩენები, ჯუღული ახვლედიანის რეკომენდაციით,  შესაძლებელია სხვა დანიშნულებითაც იქნეს გამოყენებული, თუ მისი რეკულტივაცია მოხდება.

ჯუღული ახვლედიანის თქმით, აუცილებელია მშენებელმა გაითვალისწინოს „გამა კონსალტინგის“ მიერ წარდგენილი შემარბილებელი ღონისძიებები, გარემოს დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებები და შენიშვნები. დანარჩენი მონიტორინგზეა დამოკიდებული, თუ როგორ შესრულდება რეკომენდაციები.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენელმა თემურ კეპულაძემ გზშ-ს განხილვისას აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტით დაკანონდება ის უკანონობა, რაც მშენებელმა ჩაიდინა. „მომხდარია სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც არ ეპატიებოდა არცერთ მცირე მეწარმეს. დიდი აჟიოტაჟი იყო ამ წლის დასაწყისში ამ საკითხზე, მაგრამ შემდეგ სახელმწიფო უწყებებმა მიაჩუმათეს,“ – ამბობს თემურ კეპულაძე. მისი თქმით, არაფრის მომცემია გვირაბის პორტალის გადატანა ზვარეს მინერალური წყლის საბადოდან 15-20 მეტრით, რადგან გვირაბი მაინც გაივლის სანიტარული დაცვის მეორე ზონაში. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობისთვის“ არც ტექნიკური ხასიათის დასკვნებია დამაჯერებელი. თემურ კეპულაძე მიიჩნევს, რომ გვირაბის მშენებლობის თავდაპირველი ვარიანტი იყო ყველაზე მისაღები, რადგან იმ პროექტის თანახმად, გვირაბი არ გადიოდა საბადოზე. „ვფიქრობ, თქვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი მძიმედ აისახება წყლის ხარისხსა და ვარგისიანობაზე და წყალი შეიძლება დროთა განმავლობაში დაიკარგოს. საინტერესოა, ვინ იქნება სამართლებრივად ამაზე პასუხისმგებელი?“ – კითხულობს თემურ კეპულაძე.

ჯუღული ახვლედიანის თქმით, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ის დაეთანხმა თემურ კეპულაძეს, რომ გვირაბის მშენებლობის პირველი ვარიანტით ზვარეს მინერალური წყლის საბადოზე ზემოქმედება მინიმალური იქნებოდა, მაგრამ 30-ე საბადოსთვის ყველა ვარიანტი ერთნაირია. „ყოველგვარი წინასწარი შესწავლის გარეშე გაიცა ნებართვა, გაფუჭდა ყველაფერი, დაიქცა ქვეყანა, შეწუხდა გარემოს დაცვის სამინისტრო, რკინიგზა წავიდა დათმობაზე და ახლა ეს აღარ განვახორციელოთ, უხერხულია. მშენებლობის პროცესში მონიტორინგია ერთადერთი გამოსავალი,“ – ამბობს ჯუღული ახვლედიანი.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ახალი პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებული 37 პუნქტიანი შენიშვნები გადაუგზავნა საქართველოს რკინიგზას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ სამინისტრო გასცემს დადებით ეკოლოგიურ დასკვნას.

გზშ-ს განხილვისას სოფელ ზვარის მოსახლეობის სახელით გიორგი ფანქველაშვილმა ისაუბრა. მან მოსახლეობის წერილობითი მოთხოვნა საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს გადასცა. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ორი ვარიანტიდან ზვარელებისთვის პირველი ვარიანტია მისაღები, რადგან ის ნაკლებ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს სოფელზე გარემოს დაბინძურებისა და ხმაურის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე აზრი გამოთქვეს ემზარ ჩაჩანიძემ, თემურ მაღლაკელიძემ, ბერიკა ტალახაძემ, რუსუდან გურგენიძემ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა იკითხა, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ ზვარეს მინარალური წყლის წარმოებით დაინტერესებულ ინვესტორს ზიანი მიადგება. გამგებელმა მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება მოითხოვა. მისი თქმით, სერიოზულად დაზიანდა ხანდების სამანქანო ხიდი. საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა კი აღნიშნა, რომ მაღალგამავლიანმა მანქანებმა გააფუჭეს ხანდების გვირაბის მიმდებარე საავტომობილო გზა.

აკაკი საღირაშვილის თქმით, მშენებლობა გაცილებით მაღალი სტანდარტებით მიმდინარეობს და ზვარეს საბადოს დაკარგვის ან მისი შემადგენლობის შეცვლის რისკი მინიმალურია. გაუგებრობის შემთხვევაში კი ყველაფერი სასამართლო დავის საგანია.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, აკაკი საღირაშვილის თქმით, მშენებელი – ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო, ყოველთვის ქირაობს ქართველ მძღოლებსა და ზეინკლებს. მათ სპეციალური მუშახელი სჭირდებათ გვირაბში. „ჩვენ ვთხოვთ ხოლმე და არ იქნება ეს პრობლემა,“ – აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა. მისივე თქმით, ხიდისა და გზის პრობლემაც მოგვარდება, თუ იქნება მოსახლეობის მოთხოვნა.

ნინო კაპანაძე