download (1)სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ფინანსური და შესაბამისობის ანგარიში მოამზადა და 2013 წლის მაისში ადგილობრივ ხელისუფლებას გასაცნობად გამოუგზავნა. ამ ანგარიშის პროექტი გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ 2013 წლის 10 მაისის ნომერში გამოვაქვეყნეთ.

აუდიტის სამსახურის დასკვნის საბოლოო ვარიანტს ჩვენი გაზეთის მკითხველები „ჩემი ხარაგაულის“ 5 ივლისის ნომერში გაეცვნენ.

ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2014 წლის ბიუჯეტის შედგენისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ამის მიზეზის გასარკვევად საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პავლე (ბაჩუკი) გორგაძეს ტელეფონით დავუკავშირდით:

ბაჩუკი გორგაძე: -ნამდვილად არ ვიცოდი ამის შესახებ.

-რის შესახებ არ იცოდით?

-დასკვნის შესახებ.

-აუდიტის დასკვნის შესახებ არ იცოდით?!

-არ ვიცოდი. ახლა პირველად მესმის ა(ა)იპ-ებზე დასკვნა.

-?!…

ნოდარ ებანოიძე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე:

– აუდიტის სამსახურისგან შემოწმების პროცედურა ასეთია – აუდიტის სამსახური ანგარიშის პროექტს წარუდგენს შემოწმებულ ობიექტს რეკომენდაციებზე მოსაზრებების გამოსახატად. ხარაგაულის თვითმმართველობისგან წარდგენილი არგუმენტები აუდიტის სამსახურმა არ გაიზიარა და დატოვა ანგარიშში.

აუდიტის ანგარიში არის სარეკომენდაციო. შემოწმებული ობიექტი ვალდებულია, რომ ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოს. აუდიტის სამსახურმა უნდა მოითხოვოს პერიოდულად, რამდენად შესრულდა მათი რეკომენდაციები და შეუსრულებლობის შემთხვევაში დააყენოს საკითხები.

დღემდე პარლამენტში არ არსებობდა შესაბამისი ინსტიტუტი, რომელიც მოთხოვდა აუდიტის სამსახურს, რამდენად გადაამოწმა, შესრულდა თუ არა რეკომენდაციები. ახლა პარლამენტში შევქმენით კომისია. მოვიწვევთ ორივე მხარეს – აუდიტის სამსახურს და შემოწმებულ ორგანიზაციას. როცა არ არის კონტროლი, დანაშაულს მოჰყვება დანაშაული, შეცდომას მოჰყვება შეცდომა.

ფაქტია, რომ ხარაგაულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები არ შეასრულა. ეს იყო არა ეფექტიანობის, არამედ ჩვეულებრივი საფინანსო შემოწმება.

საკრებულომ თუ დაამტკიცა, რომ ხარაგაულის მთელი ბიუჯეტი მოხმარდეს ვთქვათ, იმას, რომ რძე ასვა ყველა ხარაგაულელს, – თუ დაეთანხმნენ ამ გადაწყვეტილებას დეპუტატები, ეს უკვე კანონიერია. აუდიტის სამსახური აქამდე ამოწმებდა, მიეწოდა თუ არა რძე ადამიანებს და არა იმას, თუ რამდენად ჭკვიანურია მთელი წლის ბიუჯეტის დახარჯვა ადამიანებისთვის რძის მიწოდებაზე. ანუ, ხარაგაულში აუდიტის სამსახურმა 2013 წელს ის კი არ შეამოწმა, რატომ დაიგეგმა ასე; რაც დაიგეგმა ბიუჯეტში, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა.

აუდიტის სამსახური ახლა უკვე თანხების ეფექტურად ხარჯვასაც ამოწმებს – ეს სულ სხვა რამეა. ასეთი შემოწმება ხარაგაულისთვის იქნებოდა კატასტროფული. ხარაგაულის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, არის თანხების არაეფექტურად ხარჯვის ქრესტომათია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში დავობენ – სხვაგან როგორ არის. არ მაინტერესებს, როგორ არის სხვაგან. ზოგადად, ეს არის ინტიტუციონალური პრობლემა და სულაც არ არის მხოლოდ ხარაგაულის. თუმცა, ეს არაფერი შეღავათია ჩვენთვის.

ვერც თავისუფლებამ უშველა ჩვენს დეპუტაციას. იქამდე თუ ფიქრობდი, რომ ყელში უჭერდნენ, ახლა თვითონ იჭერენ ყელში. ეს არის აბსოლუტურად ამორფული მასა, რომელსაც არავითარი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს.

ხარაგაულის საკრებულოში რა გადაწყვეტილება მიიღეს, მაგალითად, ფარცხნალის აბანოსთან დაკავშირებით. რაში დაიხარჯა ის ფული, რას აგრძელებენ. ვინ აგებს პასუხს, რომ ტყუილად დაიხარჯა. თუ ტყუილად არ დაიხარჯა, რატომ არ აგრძელებენ.

როგორც ვხედავ, საკრებულო კვლავ აპირებს გაზეთის დაფინანსებას და ეს თანხის არაეფექტური ხარჯვაა. ასევეა ფეხბურთის გუნდის დაფინანსებაც.

ბევრი მირჩევს, რომ არ ვილაპარაკო ადამიანების უფუნქციოდ დასაქმებაზე, რადგან თურმე ამით  ამ ხალხს „ვკარგავ.“ მე არ ავურჩევივართ ამომრჩეველთა მოსატყუებლად. საქმის საკეთებლად ამირჩიეს. ასე საქმე არ კეთდება. ჩვენ არ ვდგავართ სწორ გზაზე. მხარში ვუდგავარ თვითმმართველობას, მის ხელმძღვანელებს. მაინტერესებს საქმე და სწორედ რომ არ მოვზომავ სათქმელს, როგორც არ უნდა მომიბრუნდეს მომავალში, თუ ეს საქმეს წაადგება.

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტი 5 მილიონ ლარამდეა. აქედან 3, 5 მილიონი ლარი მხოლოდ ხელფასებია – ა(ა)იპ-ებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების. თუ ამას დავამატებთ იმ თანხას, რაც იხარჯება ოფისის ხარჯებზე, საწვავზე, მივლინებებში, – საკმაოდ დიდი თანხაა.

დღეში ოც მესიჯს ვიღებ – იქნებ სადმე დამასაქმო – ის კი არა, რომ ჩემი სპეციალობით იქნებ რეკომენდაცია გამიწიო, – არა, „იქნებ სადმე დამასაქმო.“ უფუნქციოდ ადამიანების დასაქმებამ ბევრს ფსიქიკა გაუფუჭა. სად გინდათ დასაქმება, – ვეკითხები. სადმე, – სულერთია. ასეთი დამოკიდებულებები ადრე ნაკლებად იყო.

საკუთარ ბიუჯეტებს რატომ არ ექცევიან ასე, რატომ არ ფანტავენ საკუთარ ფულს? ასე აჰყავდა აკაკი მაჭავარიანს თანამშრომლები „ატეკაში,“ როგორც ახლა აჰყავთ საჯარო სამსახურებში? „ატეკის“ მთლიან შემოსავალს გაანაწილებენ მხოლოდ ხელფასებად?!

საბურთაოა ეს ქვეყანა?!

ლაურა გოგოლაძე