გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმავლადიმერ გელაშვილმა და საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ აღნიშნეს, რომ ბიუჯეტიდან გასაცემი თითოეული თეთრის დაცვა მკაცრად მოსთხოვეს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მწირი ფინანსები, – განაცხადა პროექტის განხილვისას ვლადიმერ გელაშვილმა, – დაჩაგრული ორგანიზაციებია მუსიკალური სკოლა, ჯანდაცვა, მოსწავლეთა სახლი, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, ბიბლიოთეკა. აქ დასაქმებული ადამიანები დაბალ ანაზღაურებაზე დარჩნენ, ახალშექმნილ ა(ა)იპ-ებში კი თანამშრომელთა ხელფასები გაცილებით მაღალია. მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ყველაფერი შეიცვლება – სხვაგვარი იქნება ბიუჯეტი. ხელფასების ხარჯი ბიუჯეტის 25%-ს არ უნდა გასცდეს. ახლა კი ორგანიზაციებში ხარჯების 77 პროცენტი ხელფასია. ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ – ალბათ ზოგს მოაკლებს დაფინანსებას, ზოგს გაუზრდის.“
„რა საჭიროა ამდენი ახალი ა(ა)იპ-ი და ამდენი კონცერტი?! რატომ უნდა იყოს ვინმე უსაქმოდ ორგანიზაციაში და ჩემს თანამშრომელს ღირსეულ ანაზღაურებას ვერ ვაძლევდე. მთელი დღე კაპიკებს და გრამებს დავდევთ მე და ჩემი ბუღალტერი. ფუნქცია თუ არ აქვს, რად გინდა, რომ ღებულობ თანამშრომელს,“ – აღნიშნა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ზუმბაძემ.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება მომავალიწლისთვის 550 ათას ლარს ითხოვდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ 500 ათას ლარზე მეტს ვერ გამოუყოფენ. „ამ ეტაპზე 500 ათას ლარზე გვაქვს გათვლა. ცვლილებები იქნება მერე ბიუჯეტის და ჩვენ არაფერს დავაკლებთ საბავშვო ბაღებს,“ – აღნიშნა კომისიის წევრმა იური ლურსმანაშვილმა. ანალოგიური სიტყვებით მიმართავდნენ კომისიის წევრები თითქმის ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი თექვსმეტი ა(ა)იპ-იდან კომისიის წინაშე ბოლოს „ხარაგაულდასუფთავება“ წარდგა. „ყველას ასე ვეუბნებით, – რაც გამოჩნდება, პირველ რიგში თქვენ მოგცემთ, – მიმართა ორგანიზაციის წარმომადგენლებს იური ლურსმანაშვილმა. საკრებულოში უნდა გავაგრძელოთ ბიუჯეტის პროექტის განხილვა და ეს მონაცემიც, სავარაუდოდ, შეიცვლება.“
„126 ათასი ლარით რა გავაკეთოთ, როგორ უნდა იარსებობს ბიბლიოთეკამ. ბევრი პროექტი და ღონისძიება გვაქვს განსახორციელებელი. მომავალი წლიდან მარელისსა და საბეში უნდა ამოქმედდეს სასოფლო ბიბლიოთეკები. თუ ადამიანს არ მიეცა ანაზღაურება და არ დაინტერესდა, როგორ იმუშავებს. ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს პროფესიული დაავადება გვაქვს გადატანილი. ახლა ხელფასი თუ მოვამატეთ, ხარჯი აღარ გვრჩება საერთოდ. ცოდვები ვართ,“ – ამბობს საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი ნანა ლურსმანაშვილი.
„საბანი რამდენზეც გაგწვდება, იმდენზე უნდა დაიხურო,“ – უპასუხა იური ლურსმანაშვილმა.
„რა ვიცი, ბატონო იური, ზოგს წვდება და ზოგს არა,“ – აღნიშნა ნანა ლურსმანაშვილმა.
„სხვებსაც ვუთხარით, რომ ბიუჯეტის ცვლილება იქნება წლის განმავლობაში და მოგეხმარებით მერე. სავარაუდოდ, 15 ათასი შეიძლება დაგიმატოთ,“ – ამბობს იური ლურსმანაშვილი.
ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა, რომ ა(ა)იპ-ებსშტატები თითქმის ყოველ თვეში ემატება. კულტურის ცენტრში ამჟამად 31 თანამშრომელია დასაქმებული. მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის წელიწადში 137 ათასი ლარია საჭირო. კულტურის ცენტრმა 2014 წელს 200 ათასი ლარი მოითხოვა. „ეს არის მინიმალური თანხა, რომელიც გვჭირდება,“ – აღნიშნა კულტურის ცენტრის დირექტორმა ვასილ კიკნაძემ. სახალხო თეატრისა და თოჯინების თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ საკრებულოს წევრებს წარუდგინა პროექტები, რომელთა დაფინანსება აუცილებელია თეატრის მომავლისთვის. კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნიკო დეკანოსიძემ წარადგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს „ოქროს ფონდსა“ თუ კერძო კოლექციებში დაცული ხარაგაულის კულტურის ისტორიის ერთად თავმოყრას. ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისის“ ქორეოგრაფმა ელისო ლურსმანაშვილმა მოითხოვა თანხა ახალი ფორმებისა და ფესტივალებში მონაწილეობისთვის.
იური ლურსმანაშვილის თქმით, კულტურის ცენტრი მეტსაც იმსახურებს და ის კმაყოფილია ამ ორგანიზაციის მუშაობით, მაგრამ მისივე თქმით, „ამ ეტაპზე 165 ათას ლარზე მეტით ვერ დაგაფინანსებთ.“
„თეატრის შენობა რომ შევა ექსპლუატაციაში, მას ეყოლება მენეჯერი, – მიმართა საკრებულოს წევრებს ვლადიმერ გელაშვილმა, – ყველა ღონისძიება უნდა გახდეს ფასიანი. დარბაზი უნდა გაქირავდეს და ჩატარდეს ფესტივალები. შენობა თავის თავსაც შეინახავს და თეატრსაცდაეხმარება. შენობის რეაბილიტაციაში ნახევარ მილიონ ლარს ვიხდით და თეატრი უნდა გვქონდეს. ჩემი აზრით,თეატრი უნდა იყოს ცალკე ა(ა)იპ-ი და გადავიდეს ახალ შენობაში. მე ამ პოზიციას დავიცავ.“
„ზედმეტი არაფერი მითქვამს. მჭირდება 118 700 ლარი. ხომ უნდა დადგინდეს საბოლოოდ, რომელი საქმეა ღირებული, ვინ აკეთებს ქართულ საქმეს მომავალი თაობისთვის,“ – მიმართა საკრებულოს წევრებს ა(ა)იპ „ხალხური შემოქმედების სახლის“ ხელმძღვანელმა დალი მაღრაძემ.
„მაქსიმუმს ვეცდებით, მაგრამ ამჯერად 50 ათას ლარზე მეტით ვერ დაგაფინანსებთ. მყარად ამის თქმა შეგვიძლია. მომავალში ვეცდებით მომატებას,“ – უპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ბაჩუკი გორგაძემ ქალბატონ დალის.
50 ათასი ლარით ითხოვდა დაფინანსებას ა(ა)იპ ლიტერატურული თეატრი (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე). ორგანიზაციის ხუთი თანამშრომლის ანაზღაურებაზე 30 ათასი ლარი დაიხარჯება. 20 ათასი ლარი კი თეატრის საჭირო ინვენტარით აღჭურვას, ოთხი სპექტაკლის მომზადებას და ტრანსპორტირებას სჭირდება. მომავალ წელს იგეგმება ლიტერატურული კონკურსის „ოდეონი 9“, იმერეთის მასშტაბით გამართვა. იზა ვეფხვაძის თქმით, ოთხ ახალ სპექტაკლს ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 30-ჯერ ჩაატარებს. ბიუჯეტისპროექტის განხილვისას გადაწყდა, რომ ლიტერატურული თეატრი 2014 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, 46 ათას ლარს მიიღებს.
თვითმმართველობის დარბაზი, კარვების ბანაკი, ვიცნობდეთ ხარაგაულს, ეკოლოგიური პროექტები, ტურისტული მარშრუტების ბუკლეტების დამზადება, ერთი დღე ეროვნულ პარკში, თავგადასავლების მაძიებლები, სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც „ხარაგაულის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა მამუკა ჭიპაშვილმა კომისიის წევრებს წარუდგინა.
მამუკა ჭიპაშვილის თქმით, ყველა ღონისძიება, რომელსაც მისი სამსახური ატარებს, დებულებითაა გათვალისწინებული. მისივე თქმით, ყველა პროექტი არის მასიური და მათში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის მოსწავლეა ჩართული. მამუკა ჭიპაშვილმა ბიუჯეტიდან 119 700 ლარი მოითხოვა. აქედან 30 ათასი ლარი პროექტების განსახორციელებლად. დანარჩენი კი – 13 თანამშრომლის ხელფასებისთვის.
„სკეპტიკურად შეხედეს ფინანსთა სამინისტროში და გვითხრეს, ამდენი ხალხი არ სჭირდება ამ ორგანიზაციასო, – აღნიშნა ვლადიმერ გელაშვილმა, -დიდი ხვეწნა-მუდარით100 ათას ლარზე მივიყვანეთ დაფინანსება. საერთო ხარჯების 71% არის ხელფასები.“
„თუ არ იყო ამდენი თანამშრომელი საჭირო, შევთანხმებულიყავით, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ამ საქმის 80%-ს ისედაც ვაკეთებ მთელი ცხოვრება. უმუშევარი რომ ვიყავი, მაშინაც ვაკეთებდი. ვამბობ, რომ შრომატევადია ეს საქმეები. თუ ასი ათას ლარს მომცემთ, ხელფასის გარდა თანხა არ დარჩება.
დეპუტატ ბაჩუკი გორგაძისთქმით, თუ ხალხი იმიტომ დავასაქმეთ, რომ მათ მარტო ხელფასი მიიღონ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ მათ საქმე უნდა აკეთონ, მაშინ ამისთვის დამატებით ფულია საჭირო.
ვლადიმერ გელაშვილი: -რეალობა ეს არის. ფინანსთა სამინისტროში თითოეული თეთრის დაცვა მოგვიხდა. ამ პროგრამებზე მეტი გაუკეთებია მამუკა ჭიპაშვილს უფრო ნაკლები თანხით. დაფიქრდეს თავად და დაფიქრდით კომისია, ჰყავს თუ არა ზედმეტი შტატი და იმ შტატებზე გასაცემიხელფასით რამდენი რამის გაკეთება შეიძლება. სავარაუდოდ,მომავალი წლის გაზაფხულზე, გამოცდები ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთათვისაც ჩატარდება. დაგიდგენენ თანამშრომელთა რაოდენობასაც და ვინც გაივლის კონკურსს, ის დარჩება.
მამუკა ჭიპაშვილის თქმით, როცა სხვაგან დალაგდება ყველაფერი, ავტომატურად დალაგდება ყველგან. ის არ დაუჭერს მხარს ბიუჯეტს და100 ათასი ლარის მიღებას ურჩევნია, საერთოდ არ მიიღოს დაფინანსება. „ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ხელფასს ავიღებთ და ვერაფერს გავაკეთებთ. მაშინ გააუქმეთ ა(ა)იპ და დააფინანსეთ პროგრამები,“ – განაცხადა მამუკა ჭიპაშვილმა.
სპორტსკოლა 30 თანამშრომლის ხელფასის, მოსწავლეთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისა და სხვა ღონისძიებებისთვის 232 ათას ლარს ითხოვდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა 130 ათასი ლარი განუსაზღვრეს. „თუ ციფრი გაქვთ უკვე მიღებული და გადაწყვეტილი, ტყუილად რატომ მეძახით. რას დავათრევ ამ პროგრამებს, – აღნიშნა სპორტული სკოლის დირექტორმა ლევან ჭყოიძემ, – 130 ათასი ლარი ძალიან ცოტაა, 20 ათასი მაინც დამიმატეთ. დაბალი ხელფასები აქვთ თანამშრომლებს. ბორითის, კიცხის, ზვარისა და ხევის გარდა, სპორტული წრეების გახსნას ვგეგმავ სხვა სოფლებშიც.“
მოთხოვნილი თანხა დაუმტკიცეს სათნობის სახლს (70 ათასი ლარი), ჯანდაცვის ცენტრს (95 ათ. ლარი) და „ახალ ხარაგაულს“ (25 ათ. ლარი). სავარაუდოდ, სამუსიკო სკოლა 90 ათას ლარს მიიღებს, ისტორიული მუზეუმი – 70 ათას ლარს.
ა(ა)იპ გაზეთი „ახალი ხარაგაულის“ დაფინანსების განხილვისას იური ლურსმანაშვილმა იკითხა, აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს გაზეთის დაფინანსების უფლება. ვლადიმერ გელაშვილმა კომისიის წევრებს მიმართა, „რომ არ იყოს რაიმე სადავო, უნდა მიიღოთ სამართლებრივი გადაწყვეტილება.“
კომისიის თავმჯდომარე ბაჩუკი გორგაძის თქმით, თანხა დაიზოგება და არც დღეს არსებული შტატები იქნება საჭირო, თუ გაზეთის ნაცვლად ბიულეტენს დააფინანსებენ სამართლებრივი აქტების გამოსაქვეყნებლად. თუმცა, მისივე თქმით, ის არ არის მომხრე, რომ ვინმე სახლში წავიდეს.
„ორი გაზეთის არსებობა მიზანშეწონილად მიმაჩნია, – აღნიშნა დეპუტატმა გია არევაძემ, – ტენდენციურობა რომ გამოირიცხოსდა კონკურენცია გაიზარდოს.“
„ახალი ხარაგაულის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის დამოუკიდებელ გაზეთს კონკურენციას ვერ გაუწევს, რადგან ხანდახან მთელ გაზეთში მხოლოდ საკრებულოს დადგენილებებს აქვეყნებენ.
ბაჩუკი გორგაძის თქმით, „ახალი ხარაგაულის“ დაფინანსება ამ ეტაპზე როგორც არის, დარჩეს ისე.“
შეგახსენებთ, რომგასული წლის ბოლოს ბაჩუკი გორგაძე ჩვენი გაზეთის ფურცლებზე აღნიშნავდა: „თუ ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის“ ხარჯთაღრიცხვა 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების იქნება, მაშინ ვიმსჯელებთ ტენდერზე.“
იური ლურსმანაშვილი მიიჩნევდა, რომ საინფორმაციო მომსახურებაზე უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი.
გია არევაძე თვლიდა, რომ დადგენილებებსა და ნორმატიულ აქტებს საკრებულო მოსახლეობამდე ბიულეტენის სახით მიიტანდა თუ ტენდერს გამოაცხადებდა, მიზანი როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში მიღწეული იქნებოდა.
რა გახდა ერთი წლის შემდეგ საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, მათ ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არ განუმარტავთ.
97 100 ლარს ითხოვდა მოსწავლეთა სახლი, 220 ათას ლარს – ხარაგაულდასუფთავება, 263 ათას ლარს – ხარაგაულკეთილმოწყობა, 150 ათას ლარს – საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა – 2009“. კომისიის წევრები მოსწავლეთა სახლის 80 ათასი ლარით, ხარაგაულდასუფთავების 200 ათასი ლარით, ხარაგაულკეთილმოწყობის 212 ათასი ლარით, საფეხბურთო კლუბის 100 ათასი ლარით დაფინანსებაზე შეთანხმდნენ.
„ერთ თანამშრომელს, ვიცი, დამამატებინებთ და ამიტომ გავითვალისწინე ერთი შტატით მეტი,“ – აღნიშნა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ხარაგაულკეთილმოწყობის დირექტორმადავით ლაცაბიძემ.
2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა საკრებულოში გაგრძელდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2009-2012 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ფინანსურ და შესაბამისობის აუდიტს ეხება, აღნიშნულია:
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კულტურის, ხელოვნების და სპორტის სფეროს ა(ა)იპ-ების დაფინანსების (ხარჯების) 80-90% მოდის შრომის ანაზღაურებაზე. ა(ა)იპ-ების დაფინანსებაში არ არის გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და შესრულება. ამდენად, გაწეული ხარჯები ვერ უწყობს ხელს ამ სფეროების განვითარებას და ა(ა)იპ-ის დებულებით განსაზღვრულ საქმიანობას;
მიზანშეწონილი იქნებოდა საინფორმაციო მომსახურების შესყიდვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ალტერნატიული მედიასაშუალებები, რაც შექმნიდა კონკურენციის პირობებს და მუნიციპალიტეტს მისცემდა საუკეთესო პირობების არჩევის საშუალებას.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი