sakrebuloთვითმმართველობის კოდექსი, რომელიც მთავრობამ პარლამენტს გადაუგზავნა, გასულ ხუთშაბათს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა განიხილეს. დეპუტატებმა ფართოდ იმსჯელეს საზოგადოებრივი საბჭოების ეფექტურობის, ფრაქციების თავმჯდომარეთა სახელფასო ანაზღაურების, რეგიონალური გაერთიანების საჭიროებისა და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.

კოდექსით განსაზღვრულია, რომ სოფლებში, მოსახლეობის საერთო კრებაზე აირჩევა საზოგადოებრივი საბჭოები. საზოგადოებრივი საბჭოები იქნებიან ორიენტირებულნი ადგილობრივ პრობლემებზე და წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის მექანიზმს.საზოგადოებრივი საბჭოს შემოსავლებია: შემოწირულობა; ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მიზნობრივი დახმარება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავალი.

საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარინის თქმით, საზოგადოებრივი საბჭოები ვერ იმუშავებს, თუ მათ არ ექნებათ ანაზღაურება.

საკრებულოს აპარატის უფროსის,ლენა კალანდაძის მოსაზრებით, საზოგადოებრივი საბჭოების ასე ჩამოყალიბება არასწორია.„ეს ნიშნავს, რომ სოფელი დარჩება თვითმმართველობის გარეშე, – ამბობს ლენა კალანდაძე, – ანაზღაურებადი უნდა იყოს საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის და საბჭოში მომუშავე 2-3 კაცის საქმიანობა. საკუთარი ინიციატივით არავინ შეიწუხებს თავს, რომ სოფლის პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. ამასწინათ, ერთი მოსახლის სახლში უნდა შეეყვანათ წყალი და ასე თქვა, – თუ ფულს არ მომცემთ,  წყლის მილის ჩასადებად ორმოს არ გავჭრიო.“

დეპუტატ იური ლურსმანაშვილის თქმით, დაუკონკრეტებელია, ვინ უნდა აწარმოოს საფინანსო ანგარიში საზოგადოებრივ საბჭოებში, ან ზოგადად, ვინ უკეთებს ორგანიზებას საზოგადოებრივ საბჭოებს და სოფლის საერთო კრებებს.

დეპუტატი რუსუდან გურგენიძე ფიქრობს, რომ რთული იქნება საზოგადოებრივი საბჭოების მუშაობა. ისინი სსიპ-ებად უნდა ჩამოყალიბდეს, რასაც რუსუდან გურგენიძის თქმით, შესაბამისი განათლების მქონე ადამიანები სჭირდება. „ჩემი აზრით, რთულია სოფელში იპოვო ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც კანონპროექტზე, ბიუჯეტის შედგენასა და საბჭოს ჩამოყალიბებაზე იზრუნებენ. მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაედოთ განათლების კუთხით,“ – ამბობს დეპუტატი.

კოდექსის თანახმად, სოფელში, სადაც კრება ვერ შედგება, წარმომადგენელს გამგებელი დანიშნავს. რუსუდან გურგენიძე მიიჩნევს, რომ არ არის მართებული, ერთ სოფელს არჩეული საბჭო ხელმძღვანელობდეს, მეორეს – გამგებლისგან დანიშნული პიროვნება.

საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანის თქმით კი, შესაძლოა, კრების ჩაუტარებლობა გადამდები აღმოჩნდეს და მოსახლეობამ აღარ აირჩიოს საზოგადოებრივი საბჭოები.

 

კოდექსის პროექტის თანახმად, საკრებულოში შექმნილი ფრაქციების თავმჯდომარეები ვეღარ მიიღებენ სახელფასო ანაზღაურებას. ისინი სურვილის შემთხვევაში, უნდა დააფინანსოს იმ პარტიამ, რომლის წევრიც იქნება კონკრეტული ფრაქციის თავმჯდომარე.

ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე რომან შერგელაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ფრაქციის თავმჯდომარე ავტომატურად ბიუროს წევრია და მონაწილეობს სხვადასხვა საკითხების განხილვაში, მაშინ ის უნდა იღებდეს ხელფასს ბიუჯეტიდან. „ფრაქციას რატომ ვქმნი, ეს ჩემი საქმეა. მე თუ გავხდი ფრაქციის თავმჯდომარე, ავტომატურად ვარ ბიუროს წევრი. მაშინ უნდა მქონდეს უფლება, არ ვიყო ბიუროს წევრი და არ მქონდეს პასუხისმგებლობა.პარტიის პოლიტიკურ იდეებს, თუ მინდა, მე მაინც გავაჟღერებ საკრებულოს სხდომაზე, მაგრამ გაუგებარია, ბიუროს წევრობას მავალდებულებ და არ მაფინანსებ, არ მაძლევ ამისთვის მოტივაციას. არ ვამბობ, რომ აპრიორი უნდა დაფინანსდეს ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი, მაგრამ თუ ისბიუროსწევრი იქნება, მაშინ უნდა დაფინანსდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა დაავალონ ბიუროს წევრობა,“ – ამბობს რომან შერგელაშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძე თვლის, რომ ბიუროს წევრობა დადგენილი ანაზღაურების პირდაპირპროპორციულია. „არ არის მართებული, როცა ვეუბნებით ადამიანს, რომ აქვს იგივე მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რაც ბიუროს დანარჩენ წევრებს, მაგრამ არ ვაძლევთ ანაზღაურებას,“ – ამბობს კობა გოგსაძე.

იური ლურსმანაშვილი:-ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 30 კაციანისაკრებულოა, სადაც არის შვიდი თანამდებობის პირი. ვთქვათ, შეიქმნა ათი ფრაქცია. ბიუროს ჩვიდმეტი წევრიდან ათი კაცი რომ არ დაგესწროთ არასდროს ბიუროს სხდომაზე, როგორ მიიღებთ გადაწყვეტილებებს?!ექვს თვეში ერთხელ მოვალ, საკრებულოს სხდომებზეც ვივლი, ვერავითარ სანქციას ვერ გაატარებთ ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ შემთხვევაში, მე ვეთანხმები რომან შერგელაშვილს.

იური ლურსმანაშვილის თქმით, უნდა გართულდეს ფრაქციის შექმნის პროცედურა და ამისთვის სამის ნაცვლად 4-5 დეპუტატი უნდა იყოს საჭირო.

 

დეპუტატი თემურ გამცემლიძე დაინტერესდა, თუ რა იქნებასაკრებულოს იმ წევრების ანაზღაურება, რომლებიც არ იქნებიან თანამდებობის პირები.

კოდექსის თანახმად, დეპუტატს აუნაზღაურდება მხოლოდსადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის გაწეული ხარჯები.

თემურ გამცემლიძე მიიჩნევს, რომ ჯობია, საკრებულოს წევრს დაუდგინდეს საარსებო მინიმუმის ტოლი ანაზღაურება. „რა ინტერესი ექნება უხელფასო ადამიანს,“ – ამბობს თემურ გამცემლიძე. მისივე თქმით, ჯობია შემცირდეს საკრებულოს წევრთა რაოდენობა და მათ ჰქონდეთ ანაზღაურება.

რომან შერგელაშვილის თქმით,მაღალმთიანი სოფლებიდან რთულია მგზავრობის დოკუმენტების წარდგენა.

რუსუდან გურგენიძე ამბობს, რომ კოდექსი საზოგადოებრივი ინტერესების წინწამოწევას ემსახურება.

თემურ გამცემლიძის თქმით კი, „საზოგადოებრივი რაც არის, არაფერი კეთდება.“ მანვე აღნიშნა, რომ „ეს კოდექსი არ არის ქართულ მენტალიტეტზე ნავარაუდევი.“

 

იური ლურსმანაშვილის განცხადებით, ყველაზე დიდი ნაღმი, რაც თვითმმართველობის კოდექსში დევს, ის არის, რომ მთავრობას შეუძლია მოსახლეობასთან და საკრებულოსთან კონსულტაციით შეცვალოს მუნიციპალიტეტის საზღვრები. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სიტყვა კონსულტაცია შეიცვალოს თანხმობით.

„სურვილი და ნებართვა სხვა რამეა. კონსულტაცია ვიცით, რასაც ნიშნავს – ერთ დღეს დაგიბარებენ და გეტყვიან, რომ აღარ არის თქვენი საკრებულო და წადით სახლში,“ – ამბობს დეპუტატი კობა გოგსაძე.

 

კოდექსის თანახმად, საკრებულოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ამავდროულად იქნება გამგეობის რომელიმე სამსახურის თანამდებობის პირი.იური ლურსმანაშვილის წინადადებით ასეთი შეზღუდვა უნდა გავრცელდეს საკრებულოზე დაქვემდებარებულისამსახურების ხელმძღვანელებზე, მათ მოადგილეებსა და რიგით წევრებზეც.

 

საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანადაძის მოსაზრებით, ზედმეტი რგოლია რეგიონალური გაერთიანება. „სახელმწიფოსა და ზედამხედველობის სამსახურს შორის ჩნდება ზედმეტი რგოლი, რომელსაც ეწოდება თვითმმართველობა, მაგრამ ეყოლება მთავრობისგან დანიშნული ხელმძღვანელი. ესკიდევ ერთი ბიუროკრატიული ბარიერია, რომელიც აკონტროლებს ზედამხედველობის სამსახურსაც. ეს ორგანო რეგიონალურპროექტებზე კონსულტაციებს გაწევს გუბერნატორთან.

კობა გოგსაძე მიიჩნევს, რომ რეგიონალურ გაერთიანებას პოლიტიკური დატვირთვა უფრო ექნება.

„უნდა შეიქმნას რეგიონული სამსახური, რომელსაც დასჭირდება აპარატი, ცალკე დაფინანსება და ამ დროს საზოგადოებრივი საბჭოს და ფრაქციის თავმჯდომარეების ანაზღაურების საშუალება არ არის.ამას ჯობია, 2-3 კაციანი საზოგადობრივი საბჭოები დავაფინანსოთ,“ – ამბობს კობა გოგსაძე.

იური ლურსმანაშვილისთქმით, კოდექსიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სამი დეპუტატი ეყოლება რეგიონულ გაერთიანებაში და ამიტომ„ჩვენი წინადადებები მაინც ნაკლებად გავა.“

 

რუსუდან გურგენიძის აზრით,გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადება უნდა მოდიოდეს ამომრჩევლებიდან და არა საკრებულოდან.მისივე თქმით,ერთპარტიული საკრებულოს შემთხვევაში გამგებლის მიმართ უნდობლობა, შესაძლოა უსაფუძვლოდაც მოხდეს. ამიტომ ის ამ ინიციატივის მოსახლეობიდან წამოსვლას უფრო მართებულად მიიჩნევს. საკრებულოს წევრთა თქმით, საკრებულოს უფრო მეტად ექნება ინფორმაცია გამგებლის შესაძლო უკანონო ქმედებების შესახებ და მეტად შეძლებს ამის დასაბუთებას, ვიდრე მოსახლეობა.

 

საბოლოოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შემდეგ შენიშვნებზე შეჯერდნენ: – სოფლების ადმინისტრაციულ ტერიტორიულერთეულს  ცენტრებშიჰყავდეს თავისი არჩეული წარმომადგენლობა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით და ეს თანამდებობები იყოს ანაზღაურებადი;

– ფრაქცისხელმძღვანელებმა, თუ იქნებიან ბიუროს წევრები, უნდა მიიღონანაზღაურება, ფრაქციის შექმნა შეეძლოს ოთხ დეპუტატს;

– საკრებულოსთან თანხმობის გარეშე მთავრობას არ უნდა ჰქონდეს უფლება, შეცვალოს მუნიციპალიტეტის საზღვრები;

– საკრებულოს წევრობა უნდა აეკრძალოს საკრებულოსა და გამგეობაზე დაქვემდებარებული სამსახურების თანამდებობის პირებს, ასევე ამ სამსახურების რიგით თანამშრომლებს;

– ანაზღაურებადი იყოს საკრებულოს არათანამდებობის პირთა საქმიანობა საარსებო მინიმუმის დონეზე;

– ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ ეთანხმება რეგიონულ გაერთიანებას.

ნინო კაპანაძე