ნარჩენების მართვის სისტემაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა.
ამ კუთხით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმებს გეგმავს. რეფორმის თანახმად, 2017 წლის ბოლოს ყველა მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვის გეგმა უნდა ჰქონდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 7 კბმ ტევადობის მაღალი და დაბალი გამავლობის ორი ავტომანქანა და ნარჩენების შემკრები ასი ცალი კონტეინერი შეიძინა. ამისთვის მუნიციპალიტეტმა 173 ათასი ევროს ოდენობით სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან აიღო. სესხის გადახდა 2019 წლიდან დაიწყება.
რა მდგომარეობაა ნარჩენების გეგმის შემუშავების კუთხით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – ამ შეკითხვით გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ჯაბა ბერაძეს, მივმართეთ.
„გასულ კვირაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გერმანელი ექსპერტები მოიწვია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაგვიტარდა, – გვიამბობს ჯაბა ბერაძე, – ძალიან საინტერესო იყო მყარი ნარჩენების მართვის კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარება.
მყარი ნარჩენების მართვის გეგმა სამუშაო ჯგუფმა უნდა შეადგინოს. გეგმა ხუთ წელზე გაიწერება და მასში დეტალურად აისახება, თუ როგორ მართავს მუნიციპალიტეტი მყარ ნარჩენებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
ვფიქრობთ, რომ ჯგუფში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, დაახლოებით ოცი პიროვნება, მოვიწვიოთ. სავარაუდოდ, ჯგუფის შექმნას გამგებლის ბრძანება დასჭირდება. სამუშაო ჯგუფში მუშაობა ნებაყოფლობითი იქნება, – ვისაც სურს ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანა.“
ჯაბა ბერაძის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი თებერვლის ბოლოს უნდა შეიქმნას. მარტის ბოლოს ტრენინგის მორიგი ეტაპი გაიმართება. ჯაბა ბერაძე იმედოვნებს, რომ სამუშაო ჯგუფსაც მეტ ინფორმაციას გაუზიარებენ.
„გეგმაში უნდა გაიწეროს, თუ რა გზით მოგვარდება სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა, – ამბობს ჯაბა ბერაძე, – ზოგი უნდა დასუფთავდეს. რომელიც ვერ დასუფთავდება, მიწით უნდა დაიფაროს.
სამოქმედო გეგმაში გაიწერება ასევე მოსაკრებლის ოდენობა და მისი ამოღების მექანიზმები. სავარაუდოდ, თვეში 0,50 ლარი იქნება ერთ სულზე დასუფთავების მოსაკრებელი, თუმცა, დაწესდება ზღვრული თანხა, რომელიც სულადობის მიუხედავად, 1,50 ლარს არ აღემატება.
დასახვეწია მოსაკრებლის გადახდა – ბანკში 50 თეთრი რომ გადარიცხო, ერთი ლარი საკომისიო ემატება. შესაძლოა, ბანკთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება ან გადახდის სხვა ეფექტური სქემა შევიმუშაოთ. სამუშაო ჯგუფი ამაზეც იმსჯელებს.
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრობლემა არასაკმარისი ბუნკერებია. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი სესხით შეძენილ ას ცალ ბუნკერს შეძლებისდაგვარად გავანაწილებთ, თუმცა, ეს მაინც არასაკმარისია.“
ჯაბა ბერაძის ინფორმაციით, ბუნკერებს ხარაგაულში თებერვლის ბოლოს შემოიტანენ. თვის ბოლოსთვის გადმოიფორმებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ორ ახალ ნაგავმზიდ ავტომანქანას. ბუნკერებში მოსახლეობამ დახარისხებული ნარჩენები უნდა განათავსოს. ამისთვის ბუნკერში განყოფილებები ცალ-ცალკე იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება, – ამბობს ჯაბა ბერაძე, – სამუშაო ჯგუფმა ამ მიმართულებითაც აქტიურად უნდა იმუშაოს. ამჟამად ბუნკერები ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრშია განთავსებული. ყველა მათგანს მომძვრალი აქვს ბორბლები და სახელური, რაც ძალიან ძვირი ღირს. რას გვიშავებს ნაგვის ბუნკერი, არ ვიცი.
უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება და ნარჩენები აუცილებლად ურნაში უნდა მოვათავსოთ. ქუჩაში ხშირად ვხედავთ ურნის გვერდით დაგდებულ სიგარეტის ნამწვებსა და კოლოფებს. თითოეულ ჩვენგანზე ბევრი რამაა დამოკიდებული.“
ჯაბა ბერაძე მიიჩნევს, რომ მდგომარეობას საჯარიმო სანქციების რეალურად ამოქმედებაც შეცვლის.
„ერთ ადგილზე ყოფნა შედეგს არ მოგვცემს და ყველაფერი უცვლელად დარჩება. ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტია, რომელიც ყველა აქ მცხოვრებს ეკუთვნის,“ – ამბობს ჯაბა ბერაძე და ყურადღებას სოფლის რჩეულების მხრიდან ამ მიმართულებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე ამახვილებს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ნარჩენების მართვის გეგმაზე მუშაობას იწყებს
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების