სოფელ ბაზალეთში მცხოვრები ეთერი დიასახლისია. მისი ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელი ერთადერთი ადგილი სახლთან ახლოს მდებარე ღელეა. კვების პროდუქტების ნარჩენებს ის შინაური პირუტყვისა და ფრინველის საკვებად იყენებს, სხვა ნარჩენები კი ხარაგაულში ხელით ვერ ჩამოაქვს. მისი საცხოვრებლის მახლობლად ნაგვის ურნა არსად დგას. „გამოსავალი“ ისევ სოფლის ღელე და ხევია.
უკონტროლოდ დაყრილი ნარჩენები გარემოსა და ჯანმრთელობისთვის რომ საზიანოა, ეს ეთერიმ კარგად იცის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს.
საქართველოში სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა უცნობია. 56 ოფიციალური ნაგავსაყრელიდან კი 39 მოქმედია.
„ჩვენს წინაშე სერიოზული გამოწვევებია, – ამბობს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე, – ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნები და საერთაშორისო კონვენციები ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა აისახოს. მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის სექტორის ინსტიტუციური მოწყობა. ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდები უნდა დავნერგოთ. რაც მთავარია, ამ ყველაფრიდან მოგებული უნდა დარჩეს საზოგადოება.“
ნარჩენების მართვის კუთხით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეფორმებს გეგმავს. რეფორმის თანახმად, 2017 წლის ბოლოს ყველა მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვის გეგმა უნდა ჰქონდეს.
„მუნიციპალიტეტებს მათი საჭიროებების დასადგენად კითხვარები გავუგზავნეთ, – ამბობს ხათუნა ჩიკვილაძე, – ახლა ზუსტად ვიცით, ნარჩენების შემკრები რამდენი კონტეინერი და ნაგავმზიდი მანქანა სჭირდებათ.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 7 კბმ ტევადობის მაღალი და დაბალი გამავლობის ორ ავტომანქანასა და ნარჩენების შემკრებ ას ცალ კონტეინერს შეიძენს. ამისთვის მუნიციპალიტეტი 173 ათასი ევროს სესხს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან აიღებს. სესხის გადახდა 2019 წლიდან დაიწყება.
გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი არჩილ ლურსმანაშვილი განმარტავს, რომ მყარი ნარჩენების მართვის გეგმის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
„სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გამოვაცხადებთ ჯგუფის შექმნის შესახებ, – ამბობს არჩილ ლურსმანაშვილი, – მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში საზოგადოების წევრები ჩაერთონ. 2017 წლის მარტში ან აპრილში პირველი შეხვედრა დაიგეგმება, განვსაზღვრავთ, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, თუ სად უნდა დავდგათ ნარჩენების შემკრები კონტეინერები, რამდენ მოქალაქეს მოემსახურება ნაგავმზიდი მანქანები და სხვ.
2017 წლის ბოლოსთვის ხარაგაულში სტიქიური ნაგავსაყრელები აღარ უნდა გვქონდეს, მითუმეტეს იმ სოფლებში, სადაც მობეტონებული და მოასფალტებული გზაა. მაღალგამავლიანმა ნაგავმზიდმა მანქანებმა ნარჩენები ყველა სოფლიდან უნდა გამოიტანოს.
„პროექტის განუხორციელებლობა მუნიციპალიტეტს სერიოზულად დააზარალებს, – ამბობს არჩილ ლურსმანაშვილი, – მუნიციპალიტეტი დაჯარიმდება და მაინც მოგვიწევს უსისტემოდ დაყრილი ნარჩენების შეგროვება.
ნარჩენების მართვის გეგმაში მოსაკრებლის გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს.
ნარჩენების მართვის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი გულიაშვილი ამბობს, რომ დღეს მოქმედი ტარიფები არაადეკვატურია და ვერ უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვების მომსახურების გაუმჯობესებას, არ არსებობს ხარჯების ამოღების ეფექტიანი მექანიზმი.
„პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის მინიმალური ოდენობა დავაწესოთ, – ამბობს არჩილ ლურსმანაშვილი, – ეს ჩვენი გადასაწყვეტია, თუმცა რეკომენდაციებსაც გავითვალისწინებთ. დაბა ხარაგაულში ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელი, სულადობის მიხედვით, 50 თეთრია. სავარაუდოდ, ამდენივეს დავაწესებთ სოფლებშიც.“
არჩილ ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ფიზიკური პირებიდან შემოსავალი უმნიშვნელოა. ძირითადი გადამხდელები რესტორნები და მაღაზიები არიან. ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელი ბიუჯეტში თვეში 2 ათას ლარზე მეტი არ შემოდის.
არჩილ ლურსმანაშვილი დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების არაეფექტურ მექანიზმზე საუბრობს და ამბობს, რომ სამომავლოდ ზედამხედველობის სამსახური ამ კუთხით გააქტიურდება.
„როდესაც მოსახლეობას სრულად მოვემსახურებით, მოსაკრებლის ამოღებაზე კონტროლიც გამკაცრდება, – განმარტავს არჩილ ლურსმანაშვილი, – მოქალაქეს პირველ ეტაპზე გავაფრთხილებთ, შემდეგ შემოწმდება მისი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია და თუ სტიქიური ნაგავსაყრელი აღმოჩნდება, მოქალაქე დაჯარიმდება.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან თერჯოლის ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად, სავარაუდოდ, 2 ათასი კბმ ნარჩენი გადის.
არჩილ ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმა ნარჩენების სეპარირებას – დახარისხებას გულისხმობს. ეს პროცესი მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად დაინერგება.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების