ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ დღეს მწერალ დათო ტურაშვილს უმასპინძლა.

„8 თებერვალი დავით აღმაშენებელის ხსენების დღეა, – აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში ბიბლიოთეკის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა, – ამიტომ, ძირითადად, ვისაუბრებთ დათო ტურაშვილის წიგნზე „ტყეების მეფე,“ რომელიც მწერალმა დიდი მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიუძღვნა.“

თავად მწერალმა შეკრებილ საზოგადოებას ნაწარმოების შექმნის ისტორია გააცნო და აღნიშნა, რომ ყოველთვის ახარებს მკითხველებთან შეხვედრა, ვისაც წიგნები და ლიტერატურა აინტერესებთ.

დათო ტურაშვილმა „ტყეების მეფე“ თავიდან მწერალ აკა მორჩილაძესთან ერთად კინოსცენარის სახით დაწერა. კინოპროდიუსერი ლევან კორინთელი ისტორიული ფილმის გადაღებას გეგმავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ სცენარის ფილმად ქცევის ბედი გაურკვეველია. თუმცა, შესაძლოა, სერიალი გადაიღონ.

„ამ წიგნის დაწერის იდეა გამიჩნდა იმის გამო, რომ არ მაკმაყოფილებს ჩვენი დამოკიდებულება წარსულისადმი, როგორც სამუზეუმო ექსპონატისადმი, – აღნიშნა დათო ტურაშვილმა, – ბევრჯერ გვსმენია სადღეგრძელოები დავით მეფის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში ვინ იყო და როგორი, არ ვიცით.

აღმაშენებელი 16 წლის ასაკში გამეფდა. სულ მაფიქრებდა, როგორ შეძლო ისეთი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც არც მანამდე გვქონდა და არც მის მერე.

მინდოდა, დავით აღმაშენებელი ძალიან თანამედროვე ყოფილიყო და ის, ვინც 16 წლის ასაკში „ტყეების მეფეს“ წაიკითხავს, – თავი მის ძმაკაცად ეგრძნო.

ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, ის არის საინტერესო, თუ როგორ განვლო 16 წლის ბიჭმა გზა წმინდანობამდე. ეს უნიკალური თავგადასავალია ადამიანისა.

თუ სხვა ისტორიულ წიგნებში ენის სირთულე გიგრძვნიათ, „ტყეების მეფე“ ძალიან მარტივად წასაკითხია,“ – აღნიშნა დათო ტურაშვილმა.

მწერლისა და ხარაგაულელი მკითხველის შეხვედრა მხოლოდ ერთ წიგნზე საუბრით არ შემოფარგლულა.

როგორ იქმნებოდა „ჯინსების თაობა,“ „გურჯი ხათუნი,“ „ტიბეტი არ არის შორს,“ „ამერიკული ზღაპრები,“ რას გრძნობს და განიცდის მწერალი გმირების მიმართ, რეალურია თუ არა ნაწარმოების პერსონაჟები, – ხარაგაულელი მკითხველების ამ და სხვა შეკითხვებს პასუხობდა დათო ტურაშვილი.

მან ცხოვრების მარადიულ ღირებულებებზე, წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, ქალის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე მთავარი, – როგორ გამოვიყენებთ ჩვენს პოტენციალსა და ნიჭს, – აღნიშნა მწერალმა, – თუ ხარაგაულში შექმნით თქვენს ცხოვრებას, აქ იქნება თქვენი დედაქალაქი.

ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ საკუთარი თავის რეალიზაციას, თუ დავრჩებით მხოლოდ ლეგენდებში. მე წარსულში ყოფნა არ მაკმაყოფილებს.“

შეხვედრის მონაწილე ნინო გელაშვილისთის დათო ტურაშვილი საყვარელი მწერალი იმიტომაა, რომ სათქმელს ყველა თაობის მკითხველისთვის გასაგებად გადმოსცემს.

ისტორიის მასწავლებელ ირმა ყრუაშვილს გული დასწყდა, რომ მწერალთან შეხვედრას მისი მოსწავლეების უმრავლესობა ვერ დაესწრო.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ასეთი პოპულარული ადამიანისგან მოისმინონ, რატომაა აუცილებელი წიგნების კითხვა, რა უნდა იყოს ცხოვრებაში პრიორიტეტი, – ამბობს ირმა ყრუაშვილი, – ხარაგაულის ბიბლიოთეკის პროექტი – „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მომავალ თაობაში განათლების პოპულარიზაციისთვის.

დავით ტურაშვილმა ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საკუთარი წიგნები უსახსოვრა. ბიბლიოთეკის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა მწერალი ხატით დაასაჩუქრა.

სახალხო მთქმელმა ნიკოლოზ წიკლაურმა დათო ტურაშვილს ექსპრომტად ლექსი დაუწერა.

მწერალმა ხარაგაულში ფეხბურთის ლეგენდარული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის მუზეუმის შექმნის იდეა შემოგვთავაზა.

დათო ტურაშვილი ხარაგაულელებს დაგვპირდა, რომ გაზაფხულზე ისევ გვესტუმრება.

ნინო კაპანაძე

ავტორის ფოტოები

ვიდეოს ავტორი თამთა გოგოლაძე

ამავე თემაზე 

დათო ტურაშვილის საჩუქარი ხარაგაულელებს