ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი გამგეობას საკრებულოსთვის 15 ნოემბერს უნდა გადაეგზავნა. როგორც 19 ნოემბერს საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე საკრებულოს აპარატის უფროსმა ლენა კალანდაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტი გამგეობამ მათ არასრულყოფილად, მხოლოდ ცხრილების სახით მიაწოდა.
რა დაფინანსებას ითხოვს 2014 წელს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რომელი პროგრამების განხორციელება იგეგმება, – ამ შეკითხვებით ა(ა)იპ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორს ალექსანდრე ბარბაქაძეს მივმართეთ.
ბატონი ალექსანდრეს თქმით, მათი სამსახური განახორციელებს ეპიდზედამხედველობის მართვისა და არაგადამდები დაავადებების პრევენციის, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვის, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ფუნქციაა ასევე თამბაქოს მოხმარებისა და სხვა მავნე ჩვევებთან ბრძოლის პროფილაქტიკა, ბავშვთა ჯანსაღი აღზრდის საფუძვლების ჩამოყალიბება, მოზარდების სამედიცინო პროფილაქტიკური განათლება, სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მონიტორინგი.
ბატონი ალექსანდრე ამბობს, რომ ღონისძიებებს ჯერჯერობით სტიქიური ხასიათი აქვს. „ვთქვათ, დღეს არის სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის დღე. ამ თემაზე ლექციის ჩასატარებლად ერთ ან ორ ორგანიზაციაში თუ მივალთ, ისიც დაბა ხარაგაულის ცენტრში. მასობრივად ამის გაცნობა ვერ ხდება. არ გვაქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა,“ – ამბობს ალექსანდრე ბარბაქაძე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის სურვილია, რომ გაზაფხულზე აუცილებლად ჩატარდეს ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამედიცინო შემოწმება. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში სპეციალისტებია. სამედიცინო ბრიგადაში აუცილებლად უნდა იყოს ქირურგი, თერაპევტი, ოკულისტი, ოტოლარინგოლოგი, პედიატრი, სტომატოლოგი. ამ პროექტის განსახორციელებლად ბატონი ალექსანდრე ცალკე შეიმუშავებს ბიზნეს-გეგმას და წარუდგენს საკრებულოს.
„მოსწავლეთა სამედიცინო შემოწმების შემდეგ ადრეულ სტადიაზე გამოვლინდება ისეთი დაავადებები, რომელიც ამჟამად, შესაძლოა, არც მშობლისთვისაა ცნობილი, – ამბობს ბატონი ალექსანდრე, – კლინიკური დიაგნოზის შემდეგ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ სათანადო მკურნალობა. მოზარდებში შეიმჩნევა ზრდის პრობლემა, ხერხემლის, გულმკერდის დაავადებები. მოსწავლეები უმეტესად კომპიუტერთან სხედან და ფიზიკური განვითარების მეტი ნაკლი გამოჩნდა. ამის სტატისტიკა ჯერ არ არსებობს, მაგრამ პრობლემა ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, თვალნათელია. ამას დროული ყურადღება უნდა. ადამიანის ჯანმრთელობა არის ჩვენი პრიორიტეტი.“
2014 წელს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 95 ათას ლარს ითხოვს. ცენტრის დირექტორის თქმით, ეს თანხა მათი საქმიანობისთვის აუცილებელია. ბატონი ალექსანდრეს თქმით, მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდება, რადგან ორგანიზაცია პოლიციის ყოფილ შენობაში დაიდებს ბინას. ამავე დროს შეიძინეს კომპიუტერული ტექნიკა. ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მათი სამსახური უზრუნველყოფილია ყველა ასაცრელი საშუალებით და სხვადასხვა შრატით.
ალექსანდრე ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო სფეროში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სერიოზული პრობლემები აქვს – არ გვაქვს საავადმყოფო და სამედიცინო პერსონალი ფინანსურად არ არის უზრუნველყოფილი. „პროფილაქტიკური მედიცინა და ჯანდაცვის პირველადი რგოლები თუ არ იფუნქციონირებს გამართულად, არაფერი გამოვა,“ – ამბობს ბატონი ალექსანდრე.
220 ათას ლარს ითხოვს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება.“ ორგანიზაციის ბუღალტერი ვიტალი იჩქიტიძე ამბობს, რომ გათვალისწინებულია თანამშრომელთა ხელფასების 30 ლარით ზრდა, ნაგავმზიდი მანქანის მოვლა-შენახვისა და მაწანწალა ძაღლების იზოლაციის ხარჯები. ვიტალი იჩქიტიძის თქმით წყალარინების ჯგუფისთვის დაგეგმეს ხელფასი, თუმცა, სავარაუდოდ ეს ჯგუფი ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბდება.
„ჩვენთვის მთავარი პრობლემა იყო საღანძილეში ნაგავსაყრელზე ასვლა, – ამბობს ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორის მოადგილე ბესო დავაძე, – ძალიან რთულად მისასვლელი გზაა. პირველი აგვისტოდან საღანძილეში ნაგავსაყრელი გაუქმდა და ნარჩენები თერჯოლაში გადაგვაქვს ყოველდღე. ამის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გვერიცხება და ვებერთელა პრობლემა მოგვეხსნა.“
დასუფთავების სამსახურს ყოველდღე გააქვს ნარჩენები დაბა ხარაგაულიდან, კვირაში ორჯერ პატარა ხარაგაულიდან, ძირულას ხეობიდან ყოველ ხუთშაბათს, ყოველ პარასკევს კიცხიდან.
„სოფლებში მოსახლეობა ითხოვს ბუნკერებს. ეს იმის ნიშანია, რომ მოსახლეობის შინაგანი კულტურა ამ თვალსაზრისით იზრდება. მუნიციპალიტეტს 20 დიდი ბუნკერი აქვს მოთხოვნილი მომავალი წლისთვის, რომელსაც თხოვების წესით ჩაგვაბარებს,“ – ამბობს ბესო დავაძე.
მაწანწალა ძაღლების იზოლაციისთვის მომავალ წელს 5 ათასი ლარი დაიგეგმა. წელს ამ მიზნით 3 500 ლარია გათვალისწინებული. ბესო დავაძე ამბობს, რომ მთავარია აღარ ხდება ძაღლების ლიკვიდაცია ბარბაროსული მეთოდით. ხელშეკრულების საფუძველზე ინდმეწარმეს ერთი ძაღლის დაჭერაზე 20 ლარს ურიცხავენ, ხოლო მუშა ბრიგადის გამოძახებას 120 ლარი სჭირდება.
დირექტორის მოადგილე ბესო დავაძე ამბობს, რომ მათი ორგანიზაციის ოფისს აუცილებლად სჭირდება რემონტი. თუმცა საამისო თანხები 2014 წლის ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებიათ. მისივე თქმით, შენობას საკუთარი ძალებით გაარემონტებენ და ეს არც ისე ძვირი დაჯდება.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი