წიფაში მცხოვრები ჯემალ ტალახაძე სოფელში საბავშვო ბაღის ამოქმედებას გასული წლის სექტემბრიდან ელოდება. მისი ორი შვილიშვილის მსგავსად წიფაში საბავშვო ბაღის კარის გაღებას ათი სკოლამდელის ოჯახი ელის.

ოცდაათი სკოლამდელია ღორეშაში. ხუთი შვილის დედა, ღორეშელი ირინა ჩხიტუნიძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღის ამოქმედება მისთვის დიდი შეღავათი იქნება, – მისი სამი შვილი ბაღის ასაკისაა. მასაც ხელისუფლების დაპირების სჯეროდა და ამიტომ 2016 წლის სექტემბერში, სასწავლო წლის დაწყებისას, ელოდა ღორეშაში საბავშვო ბაღის გახსნას.

წიფაში საბავშვო ბაღისთვის შენობა ხელახლა აიგო, ხოლო ღორეშაში ყოფილი საავადმყოფოს შენობა გარემონტდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისთვის ორივე სოფელში რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 106 825 ლარი გაიხარჯა. ობიექტები 2016 წლის აგვისტოში ჩაბარდა.

წიფის საჯარო სკოლის მასწავლებელი ამალია გუდაძე ამბობს: „წიფაში საბავშვო ბაღი 1967 წლიდან 1990 წლამდე ფუნქციონირებდა. 2016 წლის ზაფხულში მშენებლები დაჩქარებული ტემპით მუშაობდნენ. ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ საბავშვო ბაღი 2016 წლის სექტემბერში გაიხსნებოდა.

შემოდგომაზე გამგებლობის კანდიდატი, ნიკო თოფურიძე, დაგვპირდა, რომ საბავშვო ბაღი ამ წლის იანვრიდან ამოქმედდება. ახლა შევიტყვეთ, რომ ეს პროცესი ჭიანურდება. თუ საბავშვო ბაღის ასამოქმედებლად ფინანსები არ იყო, მაშინ შენობა რისთვის ააგეს, თანხა რატომ დახარჯეს?“

ქალბატონი ამალია მაღალმთიან სოფელ წიფაში საბავშვო ბაღის ამოქმედების შეფერხებას დანაშაულად მიიჩნევს.

წიფაში მცხოვრებმა ფატმან ღამბაშიძემ სკოლაში შესასვლელი შვილის ხაშურში წაყვანა წიფაში საბავშვო ბაღის გახსნის იმედით გადაიფიქრა. ის ახლა იმედგაცრუებულია. ფატმანს სურდა, რომ მის შვილს საბავშვო ბაღში ის უნარ-ჩვევები და ცოდნა შეეძინა, რაც სკოლაში სწავლასა და ურთიერთობებს გაუადვილებს.

ოცდაათ წელზე მეტია, წიფის საჯარო სკოლაში ჯილდა მახაროპულო დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ასწავლის. ქალბატონი ჯილდა მოსწავლეებზე დაკვირვებით ამბობს, რომ ბაღგამოვლილი ბავშვები გაცილებით მეტ უნარებს ფლობენ და მეტი ცოდნა აქვთ.

„პირველკლასელებთან, მთელი სასწავლო წლის მანძილზე, იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის ვმუშაობ, რასაც ბაღგამოვლილი ბავშვები უკვე ფლობენ. რაც უნდა კარგი და განათლებული იყოს მშობელი, შვილს სასკოლოდ ისე ვერ მოამზადებს, როგორც საბავშვო ბაღის აღმზრდელი.

საბავშვო ბაღში ბავშვი ზოგადად ყველანაირად ვითარდება. მისი დისციპლინა და აკადემიური მოსწრება ბაღგაუვლელი ბავშვებისგან ძალიან განსხვავდება.“

სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე თვლის, რომ სოფლის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლადაა უმნიშვნელოვანესი მაღალმთიან სოფელ წიფაში საბავშვო ბაღის ამოქმედება.

„აქ თუ საბავშვო ბაღი არ გაიხსნა, ოჯახები, ძალაუნებურად, ქალაქში გადასახლდებიან, – ამბობს გოჩა კვინიკაძე, – ამ დუხჭირ ცხოვრებაში მშობელი ვერ იცლის, რომ ბავშვს სკოლამდელი განათლება მისცეს. შვილისთვის ყველას საუკეთესო უნდა.

ხაშური აქვეა და თუ შვილი საბავშვო ბაღში იქ მიიყვანა, შემდეგ სკოლაშიც ხაშურში ატარებს. მერვე წელია, სკოლის დირექტორი ვარ და მოსწავლეთა რაოდენობა თანდათან მცირდება, – რვა წლის წინ წიფის საჯარო სკოლაში 82 მოსწავლე სწავლობდა, ახლა 56 გვყავს.“

გოჩა კვინიკაძე ამბობს, რომ პირველ კლასში პედაგოგი მოსწავლეებს გაკვეთილზე ჯდომის წესებს ასწავლის. საბავშვო ბაღიდან მოსული ბავშვი მასწავლებელსაც შეჩვეულია და იცის, რა დროს უნდა ითამაშოს და ისწავლოს. სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ ბაღგამოვლილი ბავშვი, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული მოსწავლეა.

„წიფაში წლიდან წლამდე ოჯახის სარჩენი ვერაფერი მოგვყავს. წიფაში მცხოვრებნი მხოლოდ რკინიგზაში თუ დასაქმდებიან. თუ საბავშვო ბაღი და სკოლა არ იარსებებს, სოფელი თავისთავად დაიცლება,“ – ამბობს გოჩა კვინიკაძე.

ღორეშის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლია კიკნაველიძე აღნიშნავს, რომ საბავშვო ბაღში აღსაზრდელები ისეთ უნარ-ჩვევებსა და განათლებას იღებენ, რაც პირველი კლასის მასწავლებელს მათთან ურთიერთობას უადვილებს.

„მოსწავლემ თუ გაკვეთილზე ჯდომის კულტურა, ფერების ცნობა იცის, საწერკალამის ხელში დაჭერისა და სხვა ელემენტარულ უნარ-ჩვევებს ფლობს, პირველ სემესტრში ამაზე დროს არ დავკარგავთ და უკეთეს შედეგს მივაღწევთ, – ამბობს ლია კიკნაველიძე, – საბავშვო ბაღი დიდი შეღავათია მშობლებისთვის.

მოგეხსენებათ, სოფელში ოჯახები პირად მეურნეობაში შრომობენ. პატარას უყურადღებოდ ხომ ვერ დატოვებენ. საბავშვო ბაღის ამოქმედების შემდეგ კი მათ მეტი დრო ექნებათ იმისთვის, რომ რაღაც შექმნან.“

ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი იური მჭედლიძე ამბობს, რომ „სოფელში საბავშვო ბაღის გახსნის იდეა აღსაზრდელთა რაოდენობის გამო გაჩნდა.

ღორეშაში საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სარგვეშისა და უბისის მოსახლეობაც სარგებლობს. ღორეშის საბავშვო ბაღში ღორეშელ პატარებთან ერთად საბელი, სარგვეშელი და უბისელი აღსაზრდელებიც ივლიან.“

როდის ამოქმედდება წიფასა და ღორეშაში საბავშვო ბაღები, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ახალდანიშნულ დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს მივმართეთ.

„წელს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 889.6 ათასი ლარით დაფინანსდება, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ამ დაფინანსების პირობებში ღორეშასა და წიფაში საბავშვო ბაღების ამოქმედება სექტემბრიდან იგეგმება.

ამ ორი საბავშვო ბაღისთვის წლის ბოლო ოთხი თვის მანძილზე – 2017 წლის სექტემბერიდან დეკემბრის ჩათვლით, – 20 ათასი ლარია გათვალისწინებული. ინვენტარის ნაწილი შეძენილია. რაც შეეხება ხევის საბავშვო ბაღს, იქ მეორე ჯგუფს თებერვალში გავხსნით.“

გამოდის, რომ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას კიდევ 20 ათასი ლარი რომ ჰქონდეს, ამ ორ სოფელში ბაღების გახსნა გაცილებით ადრე, სავარაუდოდ, აპრილიდან, იქნებოდა შესაძლებელი. ოცი ათასი ლარის მოძიება კი, საბიუჯეტო თანხის ეფექტურად ხარჯვის პირობებში, სულაც არაა ძნელი.

საბიუჯეტო თანხის არაეფექტურად ხარჯვის ერთ-ერთ მაგალითად ხარაგაულის ბიუჯეტიდან ტელერადიომაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობისთვის განსაზღვრული თანხის ხარჯვა გამოდგება.

ხარაგაულის თვითმმართველობა რომ მისგან დაფუძნებულ ააიპ-ს სუბსიდიას კი არ უხდიდეს, არამედ საინფორმაციო მომსახურების შესასყიდად ტენდერს აცხადებდეს, ბუნებრივია, თანხა დაეზოგება ისევე, როგორც, თანხა ეზოგება ბორჯომის მუნიციპალიტეტს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტში საინფორმაციო მომსახურებისთვის გამოყო 25 ათასი ლარი, რომელსაც ტენდერით განკარგავს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა კი წელს ბიუჯეტის ამ მუხლში 53,2 ათასი ლარი გაითვალისწინა გამგეობისგან დაფუძნებული ააიპ-ისთვის სუბსიდიის გადასაცემად.

საბიუჯეტო სახსრების გამოთავისუფლების სხვა გზების გამოძებნაცაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ღორეშასა და წიფაში ორმოცზე მეტი სკოლამდელის ოჯახი საბავშვო ბაღების გახსნას ელის.

ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძე

ამავე თემაზე
25 წლიანი პაუზის შემდეგ, ღორეშაში
ხარაგაულში 2017 წელს სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა