ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში, 25 წლიანი პაუზის შემდეგ, საბავშვო ბაღი ამოქმედდა.
ამ ღირსშესანიშნავ ფაქტს სიხარულით შეხვდნენ აღსაზრდელთა მშობლები, ღორეშის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და მოსახლეობა.
„შვილიშვილი საბავშვო ბაღში ღორეშიდან ბორითში უნდა მეტარებინა. საგონებელში ჩავვარდი, როგორ შევძლებდი მის ტრანსპორტირებას, – ამბობს ნონა ზუმბაძე, – ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ. გაისად მეორე შვილიშვილი შემოაღებს საბავშვო ბაღის კარს.“
საბავშვო ბაღში დღეიდან გოჩა კურტანიძის სამი შვილი ივლის – სამწლინახევრის ტყუპები – მართა, მათე და ხუთი წლის ქეთევანი.
„ბავშვები განვითარდებიან, ისწავლიან, ერთმანეთს მიეჩვევიან და სკოლისთვის მოემზადებიან“, – უხარია გოჩა კურტანიძეს.
ღორეშელ დარეჯან კურტანიძეს სკოლამდელი ასაკის ბავში აღარ ჰყავს, თუმცა თანასოფლელთა სიხარულით ძალიან ბედნიერია.
25 აღსაზრდელისთვის ამოქმედებულ საბავშვო ბაღს ღორეშაში ნინო ცინცაძე უხელმძღვანელებს. ის ამბობს, რომ ამ დღეს მთელი სოფელი დიდი სიხარულით ელოდა.
ღორეშის საბავშვო ბაღში აღმზრდელებად ნინო დეკანოსიძე და ანა კაპანაძე იმუშავებენ, აღმზრდელის თანაშემწედ – ირმა მეტონიძე, პატარებისთვის კერძებს ქეთევან გელაშვილი მოამზადებს. შენობის დასუფთავებაზე კი მზევინარ კაპანაძე იზრუნებს.
„ბედნიერი ვარ, რომ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ძლიერდება – ამბობს გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ავალიშვილი, – ის, რაც დღეს ღორეშაში ხდება, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 25 წელია, აქ საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებდა.
შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. სასკოლო ასაკის ბავშვები ცალკე გაივლიან სკოლისთვის მოსამზადებელ პროგრამას. მართალია, საბავშვო ბაღი ამ სასწავლო წელს ცოტა გვიან გაიხსნა, მაგრამ აღმზრდელებს ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ბავშვებს სკოლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები შეასწავლონ.
სოფელში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კონტინგენტი საკმაოდ დიდია და ვფიქრობ, სამომავლოდ მეორე ჯგუფის დამატება გახდება საჭირო.“
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის ამოქმედება განსაკუთრებულად სასიხარულოა სოფლისთვის და მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის.
ღორეშაში საბავშვო ბაღის შენობა 2015 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარემონტდა – შეიცვალა კარ-ფანჯარა, გაკეთდა ღობე და კანალიზაცია. 2016 წელს შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, მაისში საბავშვო ბაღი წიფაში გაიხსნება. უახლოეს პერიოდში დაიწყება ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა. სექტემბრიდან მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფი ამოქმედდება. წლის ბოლომდე გადაწყდება საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი.
ღორეშის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ბარბაქაძემ კარგად იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს სკოლაში ბაღგამოვლილი მოსწავლის მისვლას. ქალბატონი ქეთევანი სკოლის პედკოლექტივთან ერთად სოფელში საბავშვო ბაღის ამოქმედებას მიესალმება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში გურამ კურტანიძე ვარაუდობს, რომ მათ საბავშვო ბაღის ამოქმედებით მათ სოფელში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდება, რითაც სოფელი გაძლიერდება. „საბავშვო ბაღში პატარები პედაგოგებთან, ერთმანეთთან, საზოგადოებასთან ურთიერთობებს მიეჩვევიან,“ – ამბობს გურამ კურტანიძე.
ღორეშაში საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებაში ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, იმერეთის გუბერნატორი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გუბერნატორ გივი ჭიჭინაძის ინფორმაციით, გასულ და მიმდინარე წელს იმერეთში ოთხმოცამდე საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში იმერეთში ათამდე საბავშვო ბაღი გაიხსნება.
„გული სიხარულით ამევსო, გამახსენდა ჩემი პირველი საბავშვო ბაღი ფალიაშვილის ქუჩაზე, – გვითხრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ, – საბავშვო ბაღში იწყებს ფორმირებას ბავშვის უნარები და გონება. მიხარია, ჩემი წინამორბედის დროს დაწყებული პროექტი მე რომ გავხსენი.“
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალ წელს ხარაგაულში, ფაქტობრივად, ყველა იმ სოფელში იქნება საბავშვო ბაღი, სადაც ამის მოთხოვნა და საჭიროებაა. მაჟორიტარი დეპუტატი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ უკვე მოსახლეობის სხვა პრიორიტეტების დაკმაყოფილებაზე უნდა იზრუნოს.
ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძის ფოტორეპორტაჟი
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების