დღეს, 15 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა. ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა მომავალ თვეშიც გაგრძელდება. დავინტერესდით, რა მოთხოვნები აქვთ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რა არის 2014 წელს მათი პრიორიტეტი და რა პროგრამების დასაფინანსებლად ითხოვენ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

სასოფლო ბიბლიოთეკებთან ურთიერთობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი

nana lursmanashviliა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის ნანა ლურსმანაშვილის უმთავრესი სურვილია, ბიბლიოთეკარების დარიცხული ხელფასი 300 ლარი გახდეს. თუმცა, მისივე თქმით, არც მთლიანად ხელფასებზე არიან ორიენტირებულნი. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო და საბავშვო ბიბლიოთეკის დარბაზების რემონტია გათვალისწინებული. ამისთვის 5 ათასი ლარია დაგეგმილი.

ნანა ლურსმანაშვილის თქმით, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩასატარებელი ყოველთვიური ღონისძიებებისთვის თანხას არ ითხოვენ. მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს სოფლის ბიბლოთეკებში გეგმავენ სხვადასხვა სახის ღონისძიებების მოწყობას და მინიმალური ხარჯი ამ მიმართულებით გაითვალისწინეს. „ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა ჩართულია პროექტში, რომელსაც პოლონური მხარე აფინანსებს. პროექტის ფარგლებში გადმოგვეცა 6 ათას ლარამდე ღირებულების ტექნიკა. ეს ტექნიკა გვინდა გამოვიყენოთ სოფლებში ღონისძიებების ჩასატარებლად.  სასოფლო ბიბლიოთეკებთან ურთიერთობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი,“ – ამბობს ნანა ლურსმანაშვილი.

სოფლის ბიბლიოთეკარებს ხელფასები 60-დან 120 ლარამდე მოემატათ სექტემბრიდან. ისინი კვირაში სამი დღე დადიან ბიბლიოთეკაში. საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის სურვილია, რომ მომავალი წლიდან საარსებო მინიმუმის ტოლი გახდეს მათი ხელფასი. ასევე იგეგმება, რომ სოფლებში თითო გაზეთი ან ჟურნალი მაინც გამოუწერონ ბიბლიოთეკებს.

2014 წლისთვის ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანება 141 ათას ლარს ითხოვს. გაერთიანების დირექტორის თქმით, ეს თანხა ძალიან საჭირო და მინიმალურია.

კვლავ პრობლემააა ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ფართის სიმცირე, რის მოგვარებასაც ნანა ლურსმანაშვილი არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით ფიქრობს. „ვიმუშავებ ამ კუთხით მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომ ბიბლიოთეკის შენობის გაფართოება ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოხვდეს,“ – ამბობს ნანა ლურსმანაშვილი.

 

არარეალურს არაფერს ვითხოვთ

maia bluashviliნინო სახვაძის სახელობის ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი 2014 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 97 100 ლარს ითხოვს. უმთავრესი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების გაზრდაა. „125 ლარია მასწავლებლის ხელფასი ორი ჯგუფის მეცადინეობისას. გვინდა, რომ მომავალ წელს 150 ლარი აიღოს, სამი ჯგუფის მეცადინეობისთვის კი 200 ლარი ხელზე, – ამბობს მაია ბლუაშვილი. მისივე თქმით, ძალიან დიდი მოთხოვნაა ინგლისურის, მათემატიკის, საგალობლების, კომპიუტერისა და ხატვის შემსწავლელ წრეებზე. „არც ერთ წელს არ ყოფილა ამდენი ბავშვი ჩვენთან, რამდენიც წელსაა, – გვიამბობს მაია ბლუაშვილი, – მოსწავლეთა სახლში დასაქმებული მასწავლებლები, ვამბობ და ვიმეორებ, რომ არიან სპეციალისტები. ძალიან ბევრს შრომობს თითოეული მათგანი. ორი კი არა, ოთხი ჯგუფის მოსწავლეები დადიან წრეებზე, მაგრამ ხელფასს ორი ჯგუფისას ვაძლევთ. მეტის შესაძლებლობა არ გვაქვს.“

2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ხარჯების მატებაც. 15 700 ლარია ოფისის, მივლინების, გათბობის, სველი წერტილის რემონტის, საოფისე ავეჯის, წრეების საჭირო ინვენტარით მომარაგებისთვის, საახალწლო და ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და ფესტივალებში მონაწილეობისთვის.

მოსწავლეთა სახლის დორექცია კმაყოფილებას გამოხატავს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ იმის გამო, რომ წელს მათ შეძლეს კომპიუტერების შეძენა, წლის ბოლომდე მიიღებენ რემონტის თანხას და ამით შემოსასვლელისა და დარბაზის რემონტი დასრულდება.

მოსწავლეთა სახლის კოლექტივი იმედს გამოთქვამს, რომ 2014 წელს მათი დაფინანსება გაიზრდება, რადგან არარეალურს არაფერს ითხოვენ.

 

მთავარი საზრუნავი ხელფასებს მოწესრიგება და ინსტრუმენტების განახლებაა

lali aleqsizeშოთა ბუაჩიძის სახელობის ხარაგაულის სამუსიკო სკოლის უმთავრესი პრიორიტეტი მომავალ, 2014 წელს, პედაგოგთა და თანამშრომელთა ხელფასების გაზრდაა. სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე ამბობს, რომ ორგანიზაციას 80 ათასი ლარი სჭირდება. „ხელფასების გარდა, ჩვენი სურვილია, შევიძინოთ ერთი როიალი საკონცერტო დარბაზისთვის. საკლასო ოთახებში ძალიან მოძველებული ინსტრუმენტებია და ნელნელა მათაც შევცვლით. 250 ლარია ჩვენი მასწავლებლების საშუალო ხელფასი, მაგრამ ეს ჩვენს შრომასთან შედარებით ძალიან მინიმალურია. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი პროცენტით გავზრდით ხელფასებს, მაგრამ რისი საშუალებაც გვექნება, მაქსიმალურ თანხას გავითვალისწინებთ,“ – ამბობს ლალი ალექსიძე.

სამუსიკო სკოლის შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. „მინდა მადლობა ვუთხრა საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს, საფინანსო სამსახურის ყოფილ და ახლანდელ ხელმძღვანელებს, საკრებულოს თითოეულ წევრს, ყველას, ვინც სამუსიკო სკოლის მიმართ თანადგომა გამოხატა და შენობის სრულ რეაბლიტაციას მხარი დაუჭირა. რამდენიმე ათეული წელი სამუსიკო სკოლის შენობას რემონტი აღარ დასჭირდება,“ – ამბობს ლალი ალექსიძე და დასძენს, რომ მათი მთავარი საზრუნავი ხელფასების მოწესრიგება და ინსტრუმენტების განახლებაა.

 

ხელი უნდა შევუწყოთ ფოლკლორის პოპულარიზაციას

dali marrazeა(ა)იპ „ხალხური შემოქმედების სახლის“ დირექტორი დალი მაღრაძე საპროექტო განაცხადში ასაბუთებს, რომ 2014 წელს მათ ორგანიზაციას გამართული ფუნქციონირებისათვის 119 ათასი ლარი სჭირდება. „ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშების დაცვისა და შემოქმედებითი პროცესის გაგრძელებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას წარვუდგინეთ, – ამბობს დალი მაღრაძე, – იმისათვის, რომ არ დაიკარგოს იმერული ხალხური სიმღერები და ცეკვები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, საბავშვო გართობა-თამაშობები, შელოცვები, დღეობები, ძველი მომღერლების და ლოტბარების შესახებ ცნობები, ამა თუ იმ სოფლის ლეგენდები, ძველი სასიმღერო ლექსები, ხალხური გამონათქვამები, ხალხური რეწვის ნიმუშები, აუცილებელია მათი ფოტოგადაღება და აუდიოჩანაწერების გაკეთება.

უნდა მოეწყოს ზეიმი და გამოფენები, სახალხო პოეტების საღამოები, ზონალური ტურები ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად. ხელი უნდა შევუწყოთ სოფლებში და სკოლებში ხალხური სიმღერისა და ცეკვის გუნდების შექმნას.“

საპროექტო განაცხადში აღნიშნულია, რომ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „კახორი“ გასვლით კონცერტებს გამართავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში; მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ფესტივალებში, რაც ხელს შეუწყობს ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციას.

ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი გეგმავს, რომ შექმნას ხალხური საკრავების, თექასა და მინანქარზე მუშაობის, ხალხური გამოყენებითი ხელოვნებისა და სალამურის შემსწავლელი წრე. დალი მაღრაძე ითხოვს „კახორის“ წევრების მგზავრობის თანხის ანაზღაურებას.

საქართველოში დასაფინანსებელი საფესტივალო თანხა 4 ათასი ლარია. ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი ამბობს, რომ მათ მიკროავტობუსის შეძენა ესაჭიროებათ და ამ მიზნით 8 ათას ლარს ითვალისწინებენ. შეშის შესაძენად საჭიროა 750 ლარი, 2 ცალი ჩონგურისთვის – 600 ლარი, 2 ცალი ფანდურისთვის – 450 ლარი, ორი ცალი სალამურისთვის – 250 ლარი, ციფრული აპარატისთვის – 1000 ლარი, ბანკის პროცენტია 300 ლარი, სასაუბრო ბარათებისა და საკანცელარიო ნივთებისთვის 300-300 ლარი. ანსამბლ „კახორს“ოთხი წევრი დაემატა. ამიტომ მათი ჩოხებისთვის 750 ლარია საჭირო, 4 წყვილი „აზიაცკებისთვის“ – 420 ლარი,4 ცალი ხანჯლისთვის – 180 ლარი.

ხალხური შემოქმედების სახლის სახელფასო ფონდი, 2014 წლის საპროექტო განაცხადის მიხედვით, 83 850 ლარია. „ეს თანხა ნამდვილად გვეკუთვნის. უდიდესი ძალისხმევა სჭირდება მოსწავლეებისთვის ხალხური სიმღერის შესწავლას. ვფიქრობ, ეს მოკრძალებული თანხაა. წლების მანძილზე უხელფასოდ ვმუშაობდით და ჩემი სახლის აივანზე ვამეცადინებდით მოსწავლეებს,“ – დასძენს დალი მაღრაძე.

 

გვსურს 10%-ით მასწავლებლების და 5%-ით ტექპერსონალის ხელფასების გაზრდა

qetino zumbazeხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 2014 წლისთვის 550 ათას ლარს ითხოვს. „ეს თანხა, ამ ეტაპზე, ცხრა საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, – განმარტავს გაერთიანების დირექტორი ქეთევან ზუმბაძე, – ამ თანხაში გათვალისწინებულია 10%-ით მასწავლებლების და 5%-ით ტექპერსონალის ხელფასების ზრდა. სკოლამდელი აღზრდა არის პრიორიტეტი. როგორც ჩემთვის ცნობილია, 9 იანვრისთვის უნდა დამთავრდეს ზვარის, ვახანის, ვარძიის, ლეღვანისა და კიცხის საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობის პროცესი. ვფიქრობ, ამ სოფლებში გაზაფხულიდან შეუდგებიან საბავშვო ბაღები მუშაობას.“

ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, სოფელ ღორეშის მოსახლეობას სურს საბავშვო ბაღის ამოქმედება 25 აღსაზრდელზე. მისივე თქმით, მალე შედგება ღორეშის საბავშვო ბაღის შენობის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.

 

nხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი ამბობს, რომ მან მაქსიმალურად გაითვალისწინა იმ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების მოთხოვნები და პრიორიტეტები, რომლებიც მისივე თქმით, „დაჩაგრულ მდგომარეობაში არიან.“ ვლადიმერ გელაშვილი ამბობს, რომ ამ ორგანიზაციებში დასაქმებულები ვერ სარგებლობენ მასწავლებლის სტატუსით, არადა ისინი ძალიან დიდ შრომას ეწევიან. ამიტომ მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა მომავალი კვირიდან საკრებულოში გაგრძელდება.

ნინო კაპანაძე