tvitmmartvelobis reformis dziritadi arsiსაქართველოს მთავრობამ თვითმმართველობის კოდექსის პროექტი დაამტკიცა. რა შეიცვლება ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის ამ სიახლეებით, – ამ შეკითხვით პარლამენტარ ნოდარ ებანოიძეს მივმართეთ:

-ამ კოდექსის მიხედვით იცვლება ზოგადად ქვეყნის მოწყობის სისტემა. ჩნდება სამხარეო წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შეიქმნება ადგილობრივი წარმომადგნელობითი ორგანოებიდან. მაგალითად, იმერეთის სამხარეო წარმომადგენლობაში შევა ხარაგაულიდან გარკვეული წესით არჩეული დეპუტაციის ნაწილი.

ხარაგაულისთვის იცვლება ის, რომ ამ პროექტით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის თანამდებობა იქნება არჩევითი.

სიახლე იქნება საზოგადოებრივი მმართველობის, საბჭოების შემოღება დასახლებულ პუნქტებში. საზოგადოებრივი საბჭო აირჩევა საერთო კრებაზე. საზოგადოებრივი საბჭოები იქნებიან ორიენტირებულნი ადგილობრივ პრობლემებზე. საზოგადოებრივი საბჭო არ არის საჯარო ხელისუფლების განხორციელების ფორმა. ის წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის მექანიზმს.

საზოგადოებრივი საბჭო არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საკუთარი ორგანოები, აგრეთვე უფლებამოსილია გააჩნდეს საკუთარი ქონება და შემოსავლები. საზოგადოებრივი საბჭო ამ კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ. საზოგადოებრივი საბჭოს მიმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია გაუწიოს მას სამართლებრივი დახმარება.

საზოგადოებრივი საბჭოს შემოსავლებს შეადგენს: შემოწირულობა; ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მიზნობრივი დახმარება; საქართველო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავალი.

ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, რა სიახლე იქნება და რა სისტემით აირჩევა მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანო. ამას სჭირდება საარჩევნო კოდექსში ცვლილება.

თვითმმართველობის კოდექსის თანახმად გაჩნდა თვითმმართველი ქალაქების ცნება. მუნიციპალიტეტების რაოდენობა ასს გადააჭარბებს. მომავალში 15 თვითმმართველი ქალაქი გვეყოლება.

რეფორმის ძირითადი არსი არის ის, რომ ხელისუფლება მივიდეს ხალხთან. დღევანდელი ადმინისტრირება არ არის ეფექტური. მაგალითად, ვითარდება ხარაგაულის ცენტრი, სადაც რამდენიმე პროექტი კეთდება, მაგრამ სოფელ ნადაბურში მცხოვრები ხარაგაულის ცენტრში გარემონტებული კულტურის ობიექტით ვერ ისარგებლებს, – დაბა ხარაგაული არ არის მისთვის ცენტრი. ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ცენტრები და მართვის სისტემები დავუახლოვოთ ერთმანეთს.

ტერიტორიული მოწყობა ხარაგაულსაც შეეხება. მომავალი, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, ალბათ, იგივე ტერიტორიაზე, როგორც 2010 წელს. საუბარია მხოლოდ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. მთავარია ეს სისტემა იყოს მოქნილი და მივიღოთ კარგი საკრებულო.

ნინო კაპანაძე