რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის შესახებ სემინარი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეგვხვდა და იმ სიახლეებზე გვესაუბრა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან პროფესიული განათლების სისტემაში იგეგმება.

დავინტერესდით, თუ რა გეგმა აქვს განათლების სამინისტროს ხარაგაულში პროფესიული სასწავლების გახსნასთან დაკავშირებით.

ხარაგაულის #2 სკოლასთან ოპტიმიზირებულ თეთრაწყაროს სკოლის კორპუსში პროფესიული სასწავლებლის ამოქმედება 2015 წლის სექტემბერში საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ დაანონსა.  

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისში დავით კიკნაძემ განმარტა, რომ ხარაგაულში პროფესიული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.

დავით კიკნაძის თქმით, ხარაგაული არ არის ცენტრალურ მაგისტრალზე. პროფესიულ სასწავლებელში არ იქნება სტუდენტების საკმარისი რაოდენობა და ეს გარემოება ხარაგაულში პროფესიული სასწავლებლის გახსნას აბრკოლებს.

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, დამამთავრებელი კლასების ბაზაზე მცირეკონტინგენტიან სკოლებში პროფესიული ელემენტების შემოღება იგეგმება.

„მოსწავლემ უნდა მოსინჯოს და მიხვდეს, რა აინტერესებს. მცირეკონტინგენტიან სკოლებში ამას პრაქტიკულად განვახორციელებთ. კაპიტალური კოლეჯის გაკეთებისას კი თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ, – ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა, – ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეულ ჩადებულ ლარზე მეტი შედეგი მივიღოთ. თუ ერთი ლარით სადღაც მიიღება ორი სტუდენტი და სადღაც – ოცი, ოცს ვამჯობინებთ, ცხადია.“

პროფესიული განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა თამარ სამხარაძემ განმარტა, რომ ხარაგაულში პროფესიული სასწავლებელი გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაფუძნდებოდა, – კერძო სექტორი არ არის განვითარებული და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების პრობლემაა.

„ამიტომ იყო საუბარი, რომ სკოლის ბაზაზე პროფესიული პროგრამები განვითარებულიყო, თუმცა თეთრაწყაროს სკოლის შენობა პროფესიული განათლების მიზნებისთვის არ გარემონტებულა,“ – ამბობს თამარ სამხარაძე.

მისივე ინფორმაციით, თეთრაწყაროში სკოლის რეაბილიტაცია ზოგადი განათლების მიზნებიდან გამომდინარე განხორციელდა და სამინისტრო ფიქრობს, რომ სწორედ ამ სკოლის ბაზაზე შეიძლებოდა, შეიძლება და აუცილებლად დაინერგება კიდეც პროფესიული პროგრამების პროექტი.

„სამინისტროში ძალიან კარგი პროგრამა მუშავდება, რომელიც გულისხმობს სკოლის მოსწავლეებისთვის მოკლევადიანი საორიენტაციო პრაქტიკული კურსების ორგანიზებას, – ამბობს თამარ სამხარაძე, – რა თქმა უნდა, განიხილება ის მუნიციპალიტეტებიც, სადაც არავითარი კოლეჯი არ ფუნქციონირებს.“

თამარ სამხარაძის ინფორმაციით, შესაძლოა, 2017 წელს ხარაგაულში პროფესიული პროგრამების პროექტი განხორციელდეს.

ნინო კაპანაძე