aer velodebiTარჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, ადმინისტრაციული შენობის დარბაზში თათბირი გაიმართა. შეხვედრას საჯარო მოხელეები, მათ შორის სოფლების რწმუნებულები, მათი თანაშემწეები, ასევე საკრებულოს წევრები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გამგებლის თქმით, თათბირი შედგა საჯარო მოხელეებისთვის იმ რეკომენდაციების განმეორებით გასაცნობად, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ცენტრალურმა ხელისუფლებამ და არასამთავრობო სექტორმა მიაწოდა.

„აღნიშნული რეკომენდაციები საჯარო მოხელეებს, ადმინისტრაციული სამსახურის მეშვეობით, გავაცანით ინდივიდუალურ რეჟიმში. დაფაზეც იყო გამოკრული, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა, – მაგრამ ბოლო საარჩევნო კვირაა და თავი ვალდებულად ჩავთვალე, თითოეულ თქვენთაგანს გავსაუბრებოდი, რათა იცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე.“

გამგებლის თქმით, „საარჩევნო პროცესი ხარაგაულში მიმდინარეობს განსაკუთრებული ექსცესების გარეშე. არის ფონის დამძიმების მცდელობები, თუმცა ეს მშვიდ გარემოს, ალბათ, ვერაფერს დააკლებს.“

გამგებელმა ისაუბრა რეკომენდაციებზე, რომლებიც საჯარო მოხელეებს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნოდ გამოყენებას უკრძალავს. მანვე აღნიშნა:

„მაქსიმალურად ვცდილობდი არავისზე მომეხვია ჩემი პოლიტიკური შეხედულებები, თუმცა, ალბათ, თითოეულმა თქვენთაგანმა იცის ჩემი პოლიტიკური გემოვნების შესახებ. კანონი მიკრძალავს მე, რომ დავუშვათ, მოვუწოდო საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერა, ამიტომ ამას ვერ ვახერხებ. თუმცა ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გამგებლებს, როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, გვაძლევს საშუალებას, რომ ჩავერთოთ საარჩევნო კამპანიაში. მიმაჩნია, რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა კეთდება და რა იქნება ამის გაგრძელება ხვალისთვის და იმედიანად არიან განწყობილნი.

…არ აღიქვათ, თითქოსდა ჩვენ გაკეთებული საქმეების რეკლამირებას ვაკეთებდეთ. ეს ჩვენი ვალდებულებაა. ამიტომ ჩვენ არ ველოდებით, რასაც ვაკეთებთ, იმისთვის ვინმემ გვითხრას მადლობა. უბრალოდ, სურვილი გაქვს დაინახოთ, როგორ ვშრომობთ.

მადლობა გაწეული შრომისთვის აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლს, იქ დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც ნაყოფიერად მუშაობენ;

ძალიან დიდი მადლობა ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს და სპეციალისტებს, რომლებმაც მოკლე დროში შეძლეს ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან კარგი ტემპით და ხარისხიანად წარმართულიყო;

მადლობა სამსახურების ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით მათ, რომელთაც წარმატებები ჰქონდათ;

მადლობა ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს, რომლებიც მოსახლეობის სამსახურში იმყოფებიან და თავიანთი შრომით აძლიერებენ ხარაგაულს.

მინდა, თითოეულ თქვენთაგანს ვთხოვო, მჭიდრო ურთიერთობებით, ერთმანეთის პატივისცემით, ერთმანეთის გვერდით დგომით შევძლოთ ხვალინდელი ხარაგაულის შენება. ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ. ალბათ ეს იქნება ყველაზე ძლიერად დამუხტული ძალა, რომელიც საფუძვლიანად შეძლებს ხარაგაულის არა ფასადურ, არამედ რეალურ აღმშენებლობას“, – აღნიშნა თათბირზე კობა ლურსმანაშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობდა პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე. მან აღნიშნა, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები დარღვევების გარეშე, კანონის დაცვით უნდა ჩატარდეს.

ლაურა გოგოლაძე

 

გამოყენებულია ხარაგაულის გამგეობის საინფორმაციო სამსახურის ფოტო