აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარებული კვლევის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატების სამეულში 39%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს; 18%-ით მას მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე, 7%-ით – „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
„ლეიბორისტების“ ლიდერს შალვა ნათელაშვილსა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს გიორგი თარგამაძეს 3-3% ისურვებდა საქართველოს პრეზიდენტად, ხოლო სხვა კანდიდატებზე არჩევანს 4% აკეთებს; 4% კი აცხადებს, რომ არც ერთს არ დაუჭერს მხარს.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით +/- 2%-ის ცდომილების მქონე კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 3 838 რესპოდენტი გამოიკითხა ქვეყნის მასშტაბით. პროცენტული მონაცემები დათვლილია გამოკითხულთა იმ 73%-დან, ვინც აცხადებს, რომ მიიღებს 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას.
გთავაზოთ ამ კვლევის მიხედვით გამოვლენილი რეიტინგული კანდიდატების საარჩევნო პროგრამებიდან ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს სოციალურ საკითხებზე. კანდიდატების ხედვა და პოზიციები სხვადასხვა თემებზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ www.prezidenti.ge
–როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ უნდა გაუმჯობესდეს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხი?
გიორგი მარგველაშვილი: -განათლების სისტემა ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებს უნდა დაუკავშირდეს. სახელმწიფო ვალდებულია, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოაწყოს განათლების სისტემა. ის თავად უნდა გახდეს განათლებისა და სამეცნიერო კვლევების უმთავრესი დამკვეთი. ქართულ აკადემიურ სივრცეში რეალურად უნდა განვახორციელოთ უნივერსიტეტთა ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება. ამისათვის უნდა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები და მექანიზმები. ქვეყნის წინსვლისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია პროფესიონალები, სპეციალისტები. სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარება გადამწყვეტ როლს აკისრებს განათლებასა და მეცნიერებას.
დავით ბაქრაძე: -აუცილებელია, სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განახლება, ყველა სკოლის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვა დ ასაჭირო რესურსებით მომარაგება. სასკოლო განათლების მართვის დეცენტრალიზაციის პირობებში სახელმწიფო განსაზღვრავს ეროვნულ სასწავლო გეგმას და ახორციელებს განათლების ხარისხის კონტროლს, ხოლო უშუალოდ სკოლის მართვა, ბიუჯეტის განკარგვა, საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისათვის აუცილებელი პედაგოგიური და მეთოდოლოგიური მიდგომების სრულყოფა, სკოლის თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება.
როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განთლების დონეზე უნდა შენარჩუნდეს ერთ მოსწავლეზე/სტუდენტზე გამოყოფილი სასწავლო გრანტის მოდელი, ხოლო გრანტის ოდენობა გაიზარდოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებული რეფორმების მომდევნო ეტაპი უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საშუალო სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ინტეგრაცია.
უმაღლესი განათლების მიმართულებით აუცილებელია უნივერსტეტების სრული აკადემიური, ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომიისაკენ შემდგომი სვლა. პრიორიტეტულია ტექნოლოგიების სფეროში განათლებისა და განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერა. უნდა გაგრძელდეს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩვენი სტუდენტების სწავლის დაფინანსება.
პროფესიული განათლების სისტემა უნდა პასუხობდეს ადგილობრივი და გლობალური ბაზრის მოთხოვნებს, უნდა იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ყალიბდებოდეს ბიზნესთან მჭიდრო კოოპერაციის გზით.
ნინო ბურჯანაძე: –შევიმუშავებთ უწყვეტი განათლების კონცეფციას, რომელიც საფუძვლად დაედება ასევე ერთიან კანონს განათლების შესახებ; შევცვლით სასკოლო, საუნივერსიტეტო, პროფესიული და სკოლამდელი განათლების შინაარსს (სტანდარტები, პროგრამები, სახელმძღვანელოები) ეროვნული კონცეფციისა და განათლების მიზნების (დოქტრინის) მიღებით.
შეიქმნება ახალი სასკოლო-საატესტატო საგამოცდო მრავალკომპონენტიანი (ატესტატის რეიტინგი, დახასიათება-რეკომენდაცია) სისტემა, რომლის საფუძველზეც მოხდება აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
უნდა აღდგეს დაშლილი და გაყიდული სამეცნიერო და დარგობრივი ინსტიტუტები.
მასწავლებელთა მინიმალური ხელფასი სამჯერ უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს.
შემოსაღებია ოცწლიანი იაფი სტუდენტური და საგანმანათლებლო კრედიტები.
სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ორწლიანი პროფესიული კოლეჯები, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ პრაქტიკული სპეციალობის, ხელობის შესწავლას საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ.
შალვა ნათელაშვილი: -მხარს ვუჭერ ბოლონიის პროცესის რეალურ დანერგვას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ განათლებას.
გიორგი თარგამაძე: –უნდა გაიზარდოს სკოლების ვაუჩერული დაფინანსება და მოხდეს პედაგოგების 900 ლარიანი საბაზისო ხელფასით, პორტატული კომპიუტერებით და სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა; ყველა სოფელში უნდა იყოს სკოლა; უნდა გაძლიერდეს
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო მხარდაჭერა და მოხდეს მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადების სისტემის სრულყოფა; უნდა დაიწყოს მართლმადიდებლური კულტურის ისტორიის საგნის სწავლება სკოლებში; საატესტაციო გამოცდების ჩაბარებით და მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილებით უნდადაფინანსდეს სტუდენტთა სწავლის საფასურის მინიმუმ 70%, ხოლო მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, მაღალმთიანი რეგიონების სტუდენტები 100 %-ით დაფინანსდებიან;
სწავლებაშეჩერებულ სტუდენტებს უნდა მიეცეთგ ამოცდების ჩაბარების უფლება და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ექნებათ სახელმწიფოს ხარჯზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
სკოლამდელი აღზრდის სისტემა უნდა დაუბრუნდეს განათლების სამინისტროს და სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს უნდა მიენიჭოთ პედაგოგის სტატუსი;
უნდა გაიზარდოს სახელობო სასწავლებლების დაფინანსება და აღდგეს უკანასკნელ წლებში დახურული სასწავლებლები.
–რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაუჭერდით მხარს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ასამაღლებლად?
გიორგი მარგველაშვილი:-ჯანდაცვის პოლიტიკის ამოცანებია, როგორც დაზღვევის სიტემის შემდგომი დახვეწა, ისე პრევენციული მედიცინის განვითარება. ამ მიზნით იგეგმება ხელმისაწვდომობის ზრდა ფასებსა და სერვისებზე. აგრეთვე, რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესება: კვალიფიკაციის, ტექნოლოგიების ხარისხის ამაღლება, ახალი ამბულატორიების, საავადმყოფოების აშენება.
დავით ბაქრაძე: -პაციენტის უფლებების დაცვასთან ერთად, პრიორიტეტი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის უფლებებიც, – ღირსეულ პირობებში მუშაობა და სამართლიანი ანაზღაურება. უნდა გაგრძელდეს სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა რეგიონში მაღალი სტანდარტითა და ეფექტურად შეძლონ მკურნალობა. აუცილებელია სადაზღვევო სისტემის მოდერნიზება და ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება.
აუცილებელია, სადაზღვევო პაკეტები მოიცავდეს მედიკამენტების გაფართოებულ ჩამონათვალს, რაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, ხოლო მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
პირველადი ჯანდაცვა, სოფლის და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მეტად უნდა იყოს მხარდაჭერილი ფინანსურად და სადაზღვევო სქემებში ფართო ჩართულობისგზით. აუცილებელია ძალისხმევა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორსულთა მეთვალყურეობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების გაფართოება, რაც გააუმჯობესებს დემოგრაფიულ მაჩვენებლებს.
ნინო ბურჯანაძე: –გვინდა, რომ ჩვენი ხალხი იყოს ჯანმრთელი. ამისათვის აუცილებელია: გამართული, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული და საზოგადოებრივად სამართლიანი ჯანდაცვის სისტემა. აქცენტი დაავადების პრევენციაზე უნდა გადავიტანოთ, მაგრამ, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის ამ პრობლემასთან მარტო არ არის, მის გვერდითაა მთელი სახელმწიფო. არც ერთი ადამიანი არ უნდა დაიღუპოს გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის, გულგრილობის, უსახსრობის გამო.
შალვა ნათელაშვილი: –გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საბიუჯეტო უზრუნველყოფა.
გიორგი თარგამაძე:-ჯანდაცვის ახალი სისტემის ჩამოყალიბებ მიზნით, მიზანშეწონილია მოხდეს საქართველოს მთელი მოსახლეობის გამიჯვნა კატეგორიებად.
პირველ ჯგუფში გაერთიანდება ადამიანები, რომლებსაც ასაკის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთ ჯანმრთელობა;
მეორე ჯგუფი გააერთიანებს საქართველოს ყველა დანარჩენ მოქალაქეს (მათ შორის დასაქმებული, თვითდასაქმებული).
ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირება განხორციელდება როგორც პროგრამულიდაფინანსების წესით, ასევე კერძო სადაზღვევო სექტორის მეშვეობით.
საქართველოს მთელი მოსახლეობა, ორივე ჯგუფი, მიიღებს მომსახურების უნივერსალურ საბაზისო პაკეტს, რომლის მიწოდება განხორცილდება პროგრამული დაფინანსების გზით.
უნივერსალური საბაზისო პაკეტის ზევით, პირველი ჯგუფი ასევე მიიღებს დამატებით პაკეტს, რომელიც მოიცავს აუცილებელ სადიაგნოსტიკო, სამკურნალო-სამედიცინო, ამბულატორიულ, სტაციონარულ გადაუდებელ (დამატებით) და გეგმიურ დახმარებას, აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
–თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) და პოზიცია ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.
გიორგი მარგელაშვილი: -საქართველოში ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს. ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ, ამიტომ დემოკრატიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ადეკვატური იყოს.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, მოხდეს ამ საკითხის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება. ამისთვის მმართველი გუნდისა და, ზოგადად, პოლიტიკური ელიტის პოლიტიკური ნება უაღრესად მნიშვნელოვანია.
ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მუშაობა. ერთად უნდა დავძლიოთ სტერეოტიპული შეხედულებები ქალის როლის შესახებ და საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე ისეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ, სადაც ყველა ქალს ექნება თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. ქალები ჩაბმული უნდა იყვნენ გადაწყვეტილებების მიღებაში, უნდა იმყოფებოდნენ ძალაუფლების ველში. საქართველოს დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე დამყარებულ საზოგადოებად გარდაქმნაში ქალთა როლი ფასდაუდებელია.
დავით ბაქრაძე: -არ მიმაჩნი არასწორად ქვოტირების და ე.წ. გენდერული მეინსტრიმინგის ყველა ფორმის გადმონერგვის დაჩქარება, „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ მიესალმება პოლიტიკაში ქალთა შემდგომ გააქტიურებას და ამ პროცესის წახალისებას.
ნინო ბურჯანაძე: -ჩემი ყოფნისას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შეიქმნა გენდერული თანასწორობის კონცეფცია, რომელიც დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს.
ჩვენ მივესალმებით საქართველოში ისეთი გენდერული პოლიტიკის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტრუქტურებში გენდერულ საკითხებზე დიალოგის წარმართვას, ქალთა აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მათ დაწინაურებას.
შალვა ნათელაშვლი: -არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს პრობლემა არსებობდეს. პოლიტიკაში უნდა მონაწილეობდეს ქალიც და კაციც, თუ ამის შესაძლებლობა და რესურს აქვს.
გიორგი თარგამაძე: -„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დაარსების დღიდან მხარს უჭერს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. პარტიაში ფუნქციონირებს ქალთა ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვაა. ორგანიზაცია ზრუნავს ახალი კანდიდატების, აქტივისტების, რიგითი წევრების მოზიდვაზე, ქალი ლიდერების აღზრდასა და წარმოჩენაზე; ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ტრენინგებს, სემინარებს და დისკუსიებს ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; ხელს უწყობს ქალების დაწინაურებას პარტიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მხარდაჭერა აუცილებელია საკანონმდებლო დონეზეც.
–თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა – აბორტი? რატომ?
გიორგი მარგველაშვილი: -ამ ძალზე მგრძნობიარე საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. იმ ქვეყნების პრაქტიკა, სადაც აბორტი არალეგალურია, აჩვენებს, რომ აკრძალვა იწვევს არა მათი რიცხვის შემცირებას, არამედ არალეგალური აბორტების ზრდას. ეს კი საფრთხეს უქმნის ქალთა ჯანმრთელობას, ხშირად, სიცოცხლესაც. აბორტის აკრძალვა განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანია ღარიბი და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის.
აბორტის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია არის არა აკრძალვა, არამედ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ნებისმიერი სხვა მიდგომა კიდევ უფრო გააუარესებს ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობას საქართველოში, გაზრდის დედათა სიკვდილიანობას, გააღრმავებს გენდერულ უთანასწორობას და გააასმაგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არასასურველი ორსულობის შედეგად გაჩენილ ბავშვებს ნაგვისსაყრელზე ვპოულობთ. ამავე დროს, საკითხის გადაწყვეტა მჭიდრო კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურგ ანვითარებასთან, სოციალური უსაფრთხოების ზრდასთან, განათლების და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასთან.
დავით ბაქრაძე: -იმპერატიული აკრძალვა პრობლემის გამაღრმავებელია და არა გადამწყვეტი.
ნინო ბურჯანაძე: -რომ არაფერი ითქვას დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და აქ აბორტის, როგორ ცერთ-ერთი ფაქტორის, უარყოფით როლზე, თავისთავად სიცოცხლის მოსპობა ჩანასახში უმძიმესი ქმედებაა, თუმცააკრძალვა გამოსავალი არ არის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ იგი თავიდან ავიცილოთ. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი სოციალურ-ეკონომიკური გარემო, რაც აქ მცხოვრებთა მძლავრი, მრავალშვილიანი ოჯახების შექმნის წინაპირობაა; უნდა შეიქმნას არა მარტო ზოგადი პირობები, არამედ განსაკუთრებული მატერიალური სტიმულებიერის გამრავლების, ახალშობილთა აღზრდისა და მოვლის, ქალთა ჯანმრთელობის დაცვისთვის.
აღსანიშნავია განათლების უდიდესი მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით.
შესაძლოა, აიკრძალოს აბორტის გაკეთება პირველივე მისვლაზე, გადავადდეს გარკვეული გონივრული ვადით, რომლის დროსაც მიეცემა ახსნა-განმარტება, ჩატარდება საუბარი და სხვა შესაძლო ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ აბორტი. გარკვეული ზომებია მისაღები სქესის გამო აბორტების რიცხვის შესამცირებლად. გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევები, როდესაც აბორტის საჭიროება სამედიცინო ჩვენებით არის განპირობებული.
შალვა ნათელაშვილი: -ვფიქრობ, ეს საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
გიორგი თარგამაძე: -ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრებისთვის, როგორც ტრადიციული ღირებულებების ერთგული, მორწმუნე ადამიანებისთვის, აბორტი ცოდვაა. სამედიცინო ჩვენების გარეშე ნაყოფის სიცოცხლის ხელყოფა განვითარების ნებისმიერ ეტაპზე დაუშვებელია. ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო დაბადებამდეც აქტიურად უნდა იცავდეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს და უფლებებს და ამისთვის პირველ რიგში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება, ახალგაზრდა ოჯახებთან, მომავალ მშობლებთან ინტენსიური მუშაობაა საჭირო. ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე აბორტის საწინააღმდეგო კამპანია ეროვნული მნიშვნელობის საქმედ გვესახება. ქვეყნის დემოგრაფიული განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ე.წ. შერჩევითი აბორტები, ანუ სქესის დადგენის შემდეგ არასასურველი სქესის მქონე ნაყოფის სიცოცხლის შეწყვეტა. აბორტების საერთო რიცხვიდან მსგავსი აბორტების ოდენობა თითქმის ნახევარს აღწევს. საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს მსგავსი აბორტების განხორციელება.
მოამზადა
ნინო კაპანაძემ
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ