ხარაგაულში მცხოვრებმა ქეთევან ზუმბაძემ და ნინო ეფრემიძემ აგვისტოს შუა რიცხვებიდან ბავშვებს ტანზე გამონაყარი შენიშნეს. ასეთივე სიმპტომები მათ მეზობლად მცხოვრებ პატარებსაც აღენიშნებოდათ. მოგვიანებით ქეთევან ზუმბაძემ შეიტყო, რომ საღანძილედან ოთხი ბავშვი ჩირქოვანი გამონაყარით თბილისში სამკურნალოდ წაიყვანეს.

„ჩემი ძმისშვილი ზესტაფონში წავიყვანეთ ექიმთან, – გვიამბობს ქეთევან ზუმბაძე, – მან გვითხრა, რომ ეს გამონაყარი, შესაძლოა, წყლის დაბინძურებას გამოეწვია.“

ქეთევანი იხსენებს, რომ მდინარე ჩხერიმელა, სადაც მისი ძმისშვილები და მეზობლის ბავშვები ბანაობდნენ, შოკოლადისფრად შეფერილი მოდიოდა. იმ დღეებში ხარაგაულში ნალექი არ მოსულა და მდინარის ამღვრევამ ძალიან გააკვირვა.

ქეთევან ზუმბაძე გვიყვება, რომ შემთხვევით გადააწყდა გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას.

ckherimela_1გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, 22 ივლისს სამინისტროს ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზე დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულში, სოფელ საღანძილეში, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს „ნიუ სფეისი“ შეამოწმეს.

„დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილი არ არის. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საწარმოში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის სამი თანაბარი ნიმუში მდინარეში ჩაშვების ადგილზე აიღეს.

სინჯის ლაბორატორიული დამუშავების შედეგად მიღებული დასკვნით, კომპანიას საწარმოო ობიექტის ფუნქციონირების შედეგად დარღვეული აქვს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმები და მდინარე ჩხერიმელას დაბინძურებას ახდენს შეწონილი ნივთიერებებით,“ – ნათქვამია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ ინფორმაციის პარალელურად, სოციალურ ქსელში წითლად შეფერილი მდინარე ჩხერიმელას ფოტო გავრცელდა.

chkerimela_6

ქეთევან ზუმბაძემ საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დააყენა.

„ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრიდან საკრებულოში ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქალბატონი, გულნაზ ვეფხვაძე, მოიწვიეს, – გვიამბობს ქეთევან ზუმბაძე, – ვიკითხე, ხომ შეიძლებოდა, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციის შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს განცხადება გაევრცელებინა და ბავშვებს მდინარეში საბანაოდ აღარ გავუშვებდით. პასუხად მივიღე, რომ შეწონილი ნაწილაკებით დაბინძურებული მდინარე გამონაყარს არ იწვევს. ეს ზედაპირული პასუხია.“

ქეთევან ზუმბაძე მიიჩნევს, რომ მდინარის დაბინძურებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს უნდა ეთანამშრომლათ.

ხარაგაულელმა ნინო ეფრემიძემ გვითხრა, რომ მისი შვილის მდგომარება ძალიან რთული აღმოჩნდა და ბავშვს დღემდე მკურნალობს. მან შვილი ექიმებთან თბილისსა და რუსთავში მიიყვანა. ნინო ამბობს, რომ სამივე ექიმისგან ერთნაირი პასუხი მიიღო, – გამონაყარის, მაღალი სიცხისა და პირღებინების მიზეზი დაბინძურებული წყალია.

 

რამ გამოიწვია პიოდერმია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კლინიკა „ელიტეს“ დერმატოლოგმა რუსუდან თურმანიძემ და რუსთავის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა კახირ ომაროვმა გვითხრეს, რომ მათთან ხარაგაულიდან სამკურნალოდ მიყვანილ ბავშვებს პიოდერმია დაუდგინდათ.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბრისას ორივე ექიმი ამბობს, რომ პიოდერმიის გამომწვევი მხოლოდ დაბინძურებულ წყალი არ არის, თუმცა, ქეთევან ზუმბაძემ თავისი ძმისშვილის მკურნალი ექიმის ნათქვამი გაიხსენა, – ხარაგაულიდან მდინარეში ბანაობის შემდეგ ტანზე გამონაყარით ბევრი ბავშვი მოჰყავთო.

„დაბინძურებული მდინარე ამ დაავადების გავრცელების ხელშემწყობია, – ამბობს ექიმი რუსუდან თურმანიძე, – ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარის ლაბორატორიული ანალიზია. ამ დაავადების დროს წყალთან და მითუმეტეს დაბინძურებულ მდინარესთან კონტაქტი კატეგორიულად იკრძალება.“

 

ckherimela_2გარემოს დაცვის სამინისტრო – ზედაპირული წყლები ბინძურდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ნიუ-სფეისი“ 51 ათასი ლარით დააჯარიმა.

„ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საწარმოს ფუნქციონირების შედეგად ზედაპირული წყლები ბინძურდება,“ – გვითხრა დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ. მისივე ინფორმაციით, საწარმოს ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და შლამის დასაწყობებისთვის სპეციალური ბაქანი.

რაც შეეხება წითლად შეფერილი მდინარე ჩხერიმელას ფოტოებს, ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ საწარმოდან წითელი ფერის გამომწვევი არანაირი ქიმიური ნივთიერება არ გამოდის. მისივე განმარტებით, შეწონილი ნაწილაკები მოყვითალო ფერისაა.

საწარმო „ნიუ სფეისს“ გარემოს დაცვის სამინისტრომ გამწმენდი ნაგებობის მოწყობა აგვისტოში დაავალა, რაც დღემდე არ შესრულებულა.

 

მტვერი და დაბინძურებული წყალი – ოთხი წლის წინ დაწყებული პრობლემები

საღანძილეში, დიდვაკეში, სადგურ მარელისში, ზვარესა და მოლითში საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის დაბინძურებასთან ერთად მტვრით შეწუხებულია.

მას შემდეგ, რაც ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო, საავტომობილო გზაზე მაღალგამავლიანი ავტომანქანების გადაადგილების შედეგად გზაზე მუდმივად მტვერია.

საღანძილეს მაცხოვრებლები შმაგი კიკნაძე და გია ყრუაშვილი გვიამბობენ, რომ მდინარე ჩხერიმელაში თევზი აღარ არის, მოსახლეობა შიშით მდინარეში ვეღარ ბანაობს, მტვრის გამო დაბინძურებულ ხეხილს ვეღარ იყენებენ.

საღანძილის მოსახლეობამ, ეკოლოგიური პრობლემების გამო, აგვისტოში საავტომობილო გზა გადაკეტა.

საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, აგვისტოში მოსახლეობის მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ სექტემბერში ახალი რკინიგზის მშენებელმა კომპანიამ გზის გარკვეული მონაკვეთების მოსარწყავად დანადგარები საღანძილის ორ უბანში დაამონტაჟა. აქედან ერთი გაფუჭებულია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მტვრით გამოწვეული პრობლემები ზაფხულში უფრო საგრძნობია.

ეპიდემიოლოგი – აზრს, რომ პრევენციულ ღონისძიებათა გეგმა შევიმუშავო, ვერ ვხედავ

ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების გარემო ფაქტორების შესახებ ინფორმაციის მოძიება, პრევენციულ ღონისძიებათა გეგმების შემუშავება და განხორციელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ფუნქციაა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი გულნაზ ვეფხვაძე ამბობს, რომ ზაფხულში მდინარის დაბინძურების შედეგად ბავშვების დაავადებების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

რაც შეეხება გარემო ფაქტორების ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო უარყოფით ზემოქმედების გარემო ფაქტორებს, მან კარგად იცის, რომ მტვერმა წლების შემდეგ, შესაძლოა, ფილტვების დაავადება, სილიკოზები და ასთმა გამოიწვიოს.

ექიმ ეპიდემიოლოგს ერთადერთი რჩევა აქვს – კეთილმოეწყოს გარემო.

„ოთხი წლის წინ, როდესაც რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო, რამდენჯერმე მშენებელთან დაკავშირება ვცადე, – გვიამბობს გულნაზ ვეფხვაძე, – დაავადებათა კონტროლის ცენტრში, რკინიგზის დეპარტამენტში წერილები გავაგზავნე. პასუხები არ მიგვიღია. სამსახურის უფროსი ბატონი შმაგი ხიჯაკაძე ზვარეში ავიდა, მაგრამ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ვერ დავეკონტაქტეთ, მათთან ურთიერთობა ვერ მოვახერხეთ.

მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. გარდა მშენებლობის დროს ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისა, მათგან ეპიდემიის გავრცელების რისკია. სწორედ ეს მიზანი მქონდა, როგორც ეპიდემიოლოგს, რკინიგზის მშენებელთან დაკავშირება რომ ვცადე.“

გულნაზ ვეფხვაძე ასეთ შემთხვევაში აზრს ვერ ხედავს, რომ მათმა სამსახურმა ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების გარემო ფაქტორების შესახებ ინფორმაცია მოიძიოს და პრევენციულ ღონისძიებათა გეგმები შეიმუშაოს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ხარაგაულის ბიუჯეტიდან წლიურად 107 ათასი ლარით ფინანსდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა ეპიდზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ღონისძიებები უნდა გაატაროს.

ამ ოთხი პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფარად წლიურად მხოლოდ 1 300 ლარი აქვთ განსაზღვრული. დანარჩენი თანხა ამ სამსახურის 22 თანამშრომლის ხელფასია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ვალდებულია, ადამიანთა ჯანმრთელობის მიმართ სავარაუდო საფრთხისა და ეჭვის დროსაც კი, მოსახლეობა გააფრთხილოს. ეპიდემიოლოგისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს გაფრთხილება, მდინარის დაბინძურების თაობაზე, არასაკმარისია, ხოლო პატარა დასახლებაში ათი ბავშის დაავადება, ეპიდემიის საფრთხეს არ შეიცავს. გამოდის, რომ ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობა პრევენციის კუთხით, არაქმედითია.

2013 წლიდან ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში ეპიდემიოლოგის, იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელის, პარაზიტოლოგის თანაშემწეების, მძღოლისა და დარაჯის შტატები დაუშვეს.

საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შტატები ზედმეტია და უმჯობესია თანხა პროგრამების განხორციელებისკენ მიიმართოს. თუმცა, არსებითი მსჯელობა საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად გადანაწილების თაობაზე არ გამართულა.

მიმდინარე წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ანგარიში საკრებულოს ჯერ არ განუხილავს.

საღანძილეში ეკოლოგიური პრობლემებით შეწუხებულ მოსახლეობას აგვისტოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ზაალ გორგიძე შეხვდა და სამართლებრივი კუთხით დახმარება აღუთქვა.

ხარაგაულში ახალი რკინიგზის მაგისტრალის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა დღემდე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის პრევენციული ზომების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართლებრივი დახმარების მოლოდინშია.

ნინო კაპანაძე
ლაურა გოგოლაძე