საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საღანძილეში არსებული ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესდა.

დღეს ქუთაისის ფილიალის ადვოკატი ზაალ გიორგიძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს, ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს ნოდარ ებანოიძესა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

დღეს საღანძილის მოსახლეობამ, ეკოლოგიური პრობლემების გამო, საავტომობილო  გზა გადაკეტა. ზაალ გორგიძე პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას სამართლებრივი კუთხით დახმარება აღუთქვა.

საღანძილელები ეკოლოგიური პრობლემების მიზეზად რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობასა და სოფელში ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საწარმო შპს „ნიუ სფეისს“ მიიჩნევენ.

საღანძილეში მცხოვრები შმაგი კიკნაძე ამბობს, რომ უკვე ოთხი წელია ჩინური კომპანია აბინძურებს გარემოს. მისივე თქმით, მდინარე ჩხერემელაში თევზი აღარ არის, მოსახლეობა შიშით მდინარეში ვეღარ ბანაობს.

„მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების გამო ძალიან დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა, – ამბობს საღანძილეში მცხოვრები გია ყრუაშვილი, – მტვრის გამო დაბინძურებულ ხეხილს ვეღარ ვიყენებთ.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე საღანძილელებს დაჰპირდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური მდინარე ჩხერიმელას დაბინძურების ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

საღანძილის ტერირორიული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის  დავით კიკნაძის თქმით, „საქართველოს რკინიგზის“ წამომადგენლები უახლოეს დღეებში მოსახლეობას შეხვდებიან, დაამონტაჟებენ სარწყავ სისტემას და საცხოვრებელი სახლების წინ ტერიტორიები მოირწყვება.

თამთა გოგოლაძე

sagandzile (2)