გასულ პარასკევს ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. პროექტი პარლამენტში იხილება და დღეს ის შენიშვნებით დაუბრუნდება მთავრობას.
ნოდარ ებანოიძე აღნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი კონსტრუქციაში იგივეა, რაც 2013 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი 8 მილიარდი ლარით განისაზღვრა. ფაქტობრივად, მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსება არ იცვლება. მნიშვნელოვნად იზრდება მხოლოდ ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაფინანსება. ნოდარ ებანოიძის თქმით, ქვეყანა პროგრამულ ბიუჯეტზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ყველაფერი უნდა იკითხებოდეს და გასაგები იყოს. მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, 2014 წლის ბიუჯეტს მხოლოდ ჰქვია პროგრამული, და ზოგადად ის ახლოსაც არ არის პროგრამულ ბიუჯეტთან. ამჟამად უცხოელ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს ბიუჯეტის ხარისხობრივი გაუმჯობესება და დეპუტატი იმედოვნებს, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი უფრო მეტად მიახლოებული იქნება პროგრამულთან.
nნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, წინა წლების ბიუჯეტებისგან განსხვავებით, წარმოდგენილია ინფორმაცია სახელმწიფო ვალების შესახებ. მომავალ წელს 584 მილიონი ლარი ვალი გვაქვს გადასახდელი. ამაში შედის პროცენტიც და ძირითადი თანხაც. 508 მილიონი ლარი საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზეა მიმართული, 76 მილიონი ლარი – შიდა სახელმწიფო ვალებზე. დეპუტატის განმარტებით, სახელმწიფო 630 მილიონ ლარ ახალ ვალს აიღებს. მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან მიმდინარებს ამ მიზნით მოლაპარაკება.
n„2013 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იანი ზრდა და სამპროცენტიანი ინფლაცია იყო დაგეგმილი, – ამბობს ნოდარ ებანოიძე, – რეალურად მივიღეთ მშპ-ის 1.9%-იანი ზრდადა 0,8%-ით დეფლაცია ანუ ფასები კიდევაც გამყარდა ზოგიერთი მიმართულებით. 2014 წლის ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5%-ით წარმოადგინა მთავრობამ, ხოლო ინფლაცია 3%-ით განსაზღვრა. ამ პარამეტრზე არ ვეკამათებით მთავრობას.“
nდეპუტატის ინფორმაციით, 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული დაუბეგრავი საარსებო მინიმუმის ასანაზღაურებლად. მათ, ვისაც 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა, უკან დაუბრუნდება საშემოსავლო გადასახადი.
nშეიცვალა ტრანსფერების განაწილების სქემა და მუნიციპალიტეტებისთვის გამოთანაბრებითი ტრანსფერი გაიზარდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 2014 წელს 4 306 100 ლარს მიიღებს გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით.
nრაც შეეხება სამინისტროებს, ჯანდაცვის სამინისტროსთვის სოციალურ და სახელმწიფო უზრუნველყოფაზე მილიარდ 921 მილიონი ლარია გამოყოფილი, საყოველთაო ჯანდაცვისთვის – 300 მილიონ ლარზე მეტი, სხვადასხვა კატეგორიის დაზღვევებზე – 280 მილიონი ლარი, სხვადასხვა პროგრამებზე – 132 მილიონი ლარი. „ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი მიმართულებით პრობლემებია, – აღნიშნავს ნოდარ ებანოიძე, – რაც უნდა ვიტრაბახოთ, ხარაგაულში მოკლებული ვართ ელემენტარული სამედიცინო მომსახურების პირობებს.“
მომავალ წელს, დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახები ყოველთვიურად მიიღებენ 500 ლარს.
n2014 წლის ბიუჯეტით იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება. საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 90 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მომავალ წელს, დეპუტატის ინფორმაციით, ალბათ, ზვარეში ახალი სკოლა აშენდება, რადგან ის რკინიგზის მშენებლობის არეალში ხვდება. სხვა სკოლებში კი არსებული ბაზის განახლება მოხდება. 22 მილიონი ლარი სჭირდება პირველკლასელთა კომპიუტერებით დასაჩუქრებას. მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა გრძელდება და ამ მიმართულებით 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული, 10 მილიონი ლარი – მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის.
მომავალი წლის ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული პროფესიული სასწავლებლების შესაქმნელად. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებით ხარაგაულში პროექტები განხორციელდება.
მომავალ წელს 76 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სასწავლო, სამაგისტრო და დოქტორანტურის გრანტებზე.
nნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 49 მილიონი ლარით იზრდება. მომავალ წელს საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ვაუჩერების გაცემა აღარ იგეგმება. საგაზაფხულო სამუშაოების პროგრამის შესახებ პროექტს პარლამენტში უახლოეს ხანში წარადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2014 წლისთვის სერიოზული თანხებია გათვალისწინებული სამელიორაციო სისტემასა და შეღავათიან აგროკრედიტებზე. მომავალი წლის დასაწყისიდან იგეგმება მიკრობლოკების შეძენა.
„ძირითადი ყურადღება კოოპერატივების შექმნასა და კოოპერატიული მეურნეობების განვითარებაზეა. უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა ამ მიმართულებით. შვიდწლიანი, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათებია კოოპერატიებისთვის. გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადისგან, რამაც სერიოზულად უნდა წაახალისოს კოოპერატიული მეურნეობა. იმედი მაქვს, კოოპერატივები ხარაგაულშიც შეიქმნება,“ – ამბობს დეპუტატი.
nნოდარ ებანოიძემ განმარტა, რომ „მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მოიკლებს. ამის მიზეზი გახლავთ ამ მიმართულებით წელს თანხის ათვისების მაჩვენებელი. წლის დასაწყისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 400 მილიონ ლარზე მეტი დაიგეგმა. ფაქტობრივად, ხელშეკრულებები გაფორმდა 200 მილიონი ლარის ფარგლებში. ათვისებულია 100 მილიონი, – განმარტავს დეპუტატი, – ეს განაპირობა იმან, რომ შეიცვალა პრიორიტეტების დადგენის წესი, უარი ითქვა ერთ პირთან მოლაპარაკებაზე და საკმაოდ გახანგრძლივდა შესყიდვის პროცედურები.“
შესყიდვების კანონმდებლობა, დეპუტატის თქმით, არის აბსოლუტურად არაოპერატიული და სერიოზულად ფიქრობენ მისი კონფიგურაციის შეცვლაზე.
„ყველა უნდა ჩავერთოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან პროექტების სწორად და კვალიფიციურად დაგეგმვის პროცესში,“ – აღნიშნავს დეპუტატი ნოდარ ებანოიძე. მან წუხილი გამოთქვა, რომ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაში არც ერთი პროექტი არ შესულა.
n2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საკრებულოს წევრი რუსუდან გურგენიძე დაინტერესდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დაფინანსების წესით. მანვე აღნიშნა, რომ პენსია არ მოემატა მესამე ჯგუფის ინვალიდებს. როგორც ნოდარ ებანოიძემ განმარტა, საბავშვო ბაღები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რადგან სკოლამდელთა აღზრდა თვითმმართველობის უფლებამოსილებაა. პენსიის საკითხზე კი განაცხადა, რომ ამ თემით აუცილებლად დაინტერესდება.
nსოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ზურაბ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ხარაგაულში სულ 95 ტრაქტორი ჰყავთ, მაგრამ აქედან მხოლოდ ცხრა არის გამართულ მდგომარეობაში. მისივე თქმით, საგაზაფხულო სამუშაოების წარმართვა, თუ რაიმე პროგრამა არ შემუშავდა, გლეხს ძალიან გაუჭირდება. ზურაბ მაჭავარიანის თქმით, ვაზის სანერგე მეურნეობა აუცილებლად უნდა განვითარდეს ხარაგაულის მუნიციალიტეტში.
პარლამენტარის ინფორმაციით, იგეგმება მოტობლოკების შეძენა და არსებული ტექნიკის განსახელმწიფოებრიობა. მისივე თქმით, საინვესტიციო ფონდიდანაც უნდა ველოდეთ სიკეთეს.
nსაკრებულოს წევრმა იური ლურსმანაშვილმა მოითხოვა, რომ განსხვავება, თუნდაც ხუთი ლარის ოდენობით, უნდა იყოს პენსიებში სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. მანვე ისაუბრა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა პენსიის გაზრდის თაობაზე. ის გეგმავს, რომ ამ წინადადებით ადგილობრივ თვითმმართველობასაც მიმართოს.
nგავრცელებული ინფორმაციით, მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში ოჯახს ასლარიანი დახმარება ენიშნება. ნოდარ ებანოიძემ განმარტა, რომ „პარლამენტისთვის წარდგენილ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში ეს არ იყო გათვალისწინებული. ამიტომ, დემოგრაფიული ფონდის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის წინადადებით, იმ დათქმით დავუჭირეთ ბიუჯეტის პროექტს მხარი, რომ ამ კუთხით პროექტის ჩასწორებულ ვარიანტში იქნება ცვლილება. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილეც დაგვპირდა, რომ ამ მიმართულებით იმუშავებს მთავრობასთან.“
nხარაგაულის მუნიციალიტეტის საკრებულოს წევრი იუზა კელენჯერიძე დაინტერესდა, იგეგმება თუ არა მტკნარი წყლის წარმოებაზე აქციზის გაზრდა. მან დეპუტატს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა დაიბრუნოს სოფელ ბორში მიწის ნაკვეთი, სადაც ვაზის სანერგე მეურნეობას განავითარებენ.
ნოდარ ებანოიძის განცხადებით, მტკნარ წყალზე აქციზის გაზრდა არ იგეგმება. რაც შეეხება სანერგე მეურნეობას და მიწის ნაკვეთის გადმოცემის საკითხს, დეპუტატი იუზა კელენჯერიძეს დაჰპირდა, რომ ამ თემაზე მასთან ერთად ნოემბერში იმუშავებს.
„თემატური შეხვედრები უცილებელია. ინფორმაცია მჭირდება, თუ როგორ ვიმოქმედო. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ხარაგაულში თუნდაც ერთი მცირე საწარმოს ამოქმედებას. ამ კუთხით არის დაინტერესება. აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ კოოპერატივებზე. ხარაგაულში ბევრი საინტერესო ადამიანია, რომელიც შეიძლება ჩაებას ამ პროექტში,“ – აღნიშნა დეპუტატმა შეხვედრის დასასრულს.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი