ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად გიგა გლუნჩაძე საარჩევნო ბლოკმა – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ – დაასახელა.

მაია კიკნაძე კენჭს საარჩევნო ბლოკიდან – „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ იყრის.

გრიგოლ რობაქიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია, ნოდარ ებანოიძე – რესპუბლიკური პარტიის, ლევან ჩხეიძე – საარჩევნო ბლოკის – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“.

ზურაბ მაჭავარიანი – „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დასახელდა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად კობა ლურსმანაშვილი იბრძვის.

პროფესიით იურისტმა ლევან ჩხეიძემ რეგისტრაცია ცესკოში 8 სექტემბერს, საღამოს 18 საათისთვის, გაიარა და ამომრჩევლებთან შეხვედრებს 14 სექტემბრიდან დაიწყებს.

მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემებიდან ყველა კანდიდატი ერთსა და იმავეს ასახელებს – სოციალური მდგომარეობა, ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, დასაქმება, მიგრაცია, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, მასწავლებლის სახელფასო ანაზღაურების გაზრდა, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის ამაღლება.

გიგა გლუნჩაძემ 32 წლის ასაკში პარლამენტარობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ თვლის – „ცხოვრებისეული გამოცდილება მძიმე პასუხისმგებლობის აღების საფუძველს აძლევს.“ ის 2007-2010 წლებში ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ამბობს, რომ ზუსტადაა ჩამოყალიბებული საკუთარ ხედვებში და დარწმუნებულია, მომავალ ოთხ წელიწადში სასწაულების ჩადენას შეძლებს თანაგუნდელებთან ერთად. მისთვის გადამწყვეტი არაა, რომელ ადგილზე იქნება პარტიულ სიაში.

ფიქრობს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, ჩინოვნიკებისთვის დანამატებისა და პრემიების გაუქმებით, შესაძლებელია მილიონი სოციალურად დაუცველი მოქალაქისთვის ფულადი შემწეობის დანიშვნა.

გიგა გლუნჩაძე ამბობს, რომ პარლამენტარი, საკანონმდებლო აქტებზე მუშაობასთან ერთად,  მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში უნდა ჩაერთოს.

დეპუტატობის კანდიდატი მაია კიკნაძე ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია. ის ამბობს, რომ შეუძლია ხალხს მოუსმინოს, მათი სატკივარი გაიზიაროს და დაეხმაროს. სოფლის გაძლიერებაზე ზრუნვა და ახალგაზრდა ოჯახების მიგრაციის შეჩერება, პარლამენტარად არჩევის შემთხვევაში, მისთვის პრიორიტეტული მიზნები იქნება.

ის პარტიულ სიაში 25-ე ადგილზეა. ყველა კანდიდატი სერიოზულ კონკურენტად მიაჩნია, მაგრამ სამთავრობო რესურსი – ყველაზე მეტად.

მაია კიკნაძე ამბობს, რომ შეეცდება, ადამიანებს სწორი მიმართულება მისცეს, – რა და როგორ გააკეთონ, – სწორად დაგეგმონ პრობლემების გადაჭრის გზები. განსაკუთრებული საჭიროების ადამიანებზე კი სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო აუცილებლად მიმაჩნია, რომ პარლამენტის წევრობისთვის კენჭი ვიყარო და დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმროთ,“ – ამბობს გრიგოლ რობაქიძე.

მისი ინფორმაციით, პარტიული სიის ასეულშია, თუმცა არა გამსვლელ ადგილზე. სახელისუფლებო და სამთავრობო რესურსი მისთვის მთავარი კონკურენტია.

გრიგოლ რობაქიძე საშემოსავლო გადასახადის შემცირებას გვპირდება. დამატებითი  ღირებულების გადასახდით დაბეგვრა კი, მისი განცხადებით, წლიურად 200 ათასი ლარის ბრუნვიდან უნდა დაიწყოს.

მისი მთავარი დაპირებაა, რომ იქნება მთავრობასთან შუამავალი ბაღდათი-ხარაგაულის ოლქის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. მიაჩნია, რომ პარლამენტარმა თავისი რაიონისა და სოფლისთვის მეტი საქმე უნდა აკეთოს. ის ასევე იზრუნებს იმაზე, რომ პარტიამ ყველა დაპირება შეასრულოს.

პროფესიით ეკონომისტი ნოდარ ებანოიძე ამჟამად პარლამენტის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, მისი ავტორობით გასულ წელს პარლამენტში ყველაზე მეტი – 19 კანონი – დამტკიცდა.

პოლიტიკოსისთვის უმთავრეს ადგილად ნოდარ ებანოიძე პარლამენტს მიიჩნევს, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება.

ფიქრობს, რომ მისი ადგილი პარლამენტშია, რადგან 2012-2016 წლებში შედგა როგორც პარლამენტარი და ეს მისი პირადი გრძნობა არაა, – გარკვეული წრიდანაც არის აღიარებული. ნოდარ ებანოიძე პარტიულ სიაში მეცხრე ადგილზეა.

მისთვის უპირველესი კონკურენტი ამომრჩევლის დამოკიდებულებაა, – რას ავალებს და როგორ აღიქვამს ის მაჟორიტარ დეპუტატს. თუ მოსახლეობას მაჟორიტარი პირადი პრობლემების მოსაგვარებლად, გზების მოსაწესრიგებლად სჭირდება, ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი კონკურენტი ეს დამოკიდებულებაა.

ნოდარ ებანოიძე ქვეყნის წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრას მიიჩნევს.

მოსახლეობასთან შეხვედრებმა დაარწმუნა, რომ ამომრჩეველი მკვეთრად გაიზარდა და დაპირებების შესრულების კონკრეტული წყაროს დასახელებას ითხოვს. ნოდარ ებანოიძე სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდას, თვითმმართველობის გაძლიერებაზე ზრუნვას, ქვეყანაში სწორ ფისკალურ, მონეტარულ პოლიტიკასა და მთავრობაზე კონტროლს გვპირდება. ამბობს, რომ უფრო მეტი კონტაქტი ექნება ამომრჩევლებთან, ვიდრე გასული პერიოდის განმავლობაში, რადგან ბევრი იდეა და იმპულსი მოდის ადამიანებისგან.

პროფესიით ფარმაცევტი ზურაბ მაჭავარიანი შპს „MM“ და „ანტრე, ბატონოს“ დამფუძნებელია. 2008 წელს საპარლამენტო არჩევნებში კენჭს გაერთიანებული ოპოზიციიდან იყრიდა.

ზურაბ მაჭავარიანი ამბობს: „წარსული გამოცდილება უფლებას მაძლევს, ბაღდათი-ხარაგაულის ოლქის მოსახლეობას გვერდით დავუდგე და ვიყო მათი წარმომადგენელი, მათი ნება-სურვილის გამომხატველი საქართველოს პარლამენტში.“

ზურაბ მაჭავარიანი პარტიულ სიაში 26-ე ადგილზეა.

თვლის, რომ რთველის სუბსიდირება, კახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც უნდა ხორციელდებოდეს. პენსიის გაზრდა „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დაპირებაა.

ზურაბ მაჭავარიანს სურს, რომ იყოს ის ჩემპიონი, რომელიც ბაღდათისა და ხარაგაულის მოსახლეობას ყოველდღე სჭირდება. ის ამბობს, რომ მოსახლეობის ყველა გულისტკივილს პარლამენტის ტრიბუნაზე მიიტანს და მათი ნების გამომხატველი იქნება.

მოსახლეობისგან აღებულ საბანკო ვალებზე ამახვილებენ ყურადღებას მაია კიკნაძე და ზურაბ მაჭავარიანი. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ ბანკების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება ბანკს საშუალებას მისცემს, მოსახლეობას ნაკლები პროცენტი გაადახდევინოს.

იურისტი კობა ლურსმანაშვილი 2013 წელს საკონკურსო კომისიამ ხარაგაულის გამგებლის თანამდებობაზე შეარჩია. 2014 წელს კი მოსახლეობამ ხარაგაულის გამგებლად აირჩია.

კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის წინაშე დაგროვილი პრობლემების კანონმდებლობით მოგვარება მისი პარლამენტარობის მთავარი მიზანია.

„პარლამენტში მყოფმა დეპუტაციამ, ალბათ, ისე კარგად არ იცოდა სოფლისა და მუნიციპალიტეტის პრობლემები, როგორც მოქმედმა პრაქტიკოსმა გამგებელმა“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი და არჩევის შემთხვევაში თვითმმართველობის კომიტეტში საქმიანობას გეგმავს.

მისი აზრით, დღეს კვლავ დგას დღის წესრიგში საკითხი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, ხალხის მიერ იყოს უარყოფილი და მას საზოგადოებამ, როგორც მოძალადეს, უარი უთხრას.

კობა ლურსმანაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში საკმაოდ დიდი პროცენტით გაიმარჯვებს და იქნება ძალა, რომელიც საქართველოს გახდის სწრაფად განვითარებულ ქვეყნად, სადაც კეთილდღეობა და თავისუფლება ყველასთვის იქნება გარანტირებული.

სახელისუფლებო კანდიდატი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილისგან წარმოდგენილ გეგმას სრულად იზიარებს და მისი განხორციელების თანამონაწილეა.

„კარგია, რომ ამომრჩევლებს თავიანთი კანდიდატების მეტ-ნაკლებად გაცნობის საშუალება ეძლევა, – ასე აფასებს FactChek-ის რედაქტორი დიმიტრი ავალიანი ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატებს, – საინტერესოა ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა მაჟორიტარი ამომრჩეველს სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას უშუალოდ თვითონ არ ჰპირდება. ასე რომ ყოფილიყო, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა იქნებოდა, რადგან ეს პარლამენტში მათი კომპეტენცია არაა. ამდენად, მისასალმებელია, რომ ეს კანდიდატები ამომრჩეველს სთავაზობენ იმას, რის გაკეთებასაც, სავარაუდოდ, შეძლებენ, – კანონშემოქმედებითი საქმიანობა და შუამავლის როლი ცენტრალურ/ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. ამ მხრივ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სიტუაცია უფრო დახვეწილია.

თუმცა, რამდენიმე კანდიდატის დაპირება მაინც შორს არის კონკრეტიკისგან, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, არაა წარმოდგენილი კონკრეტული ხედვა, თუ როგორ შეასრულებს ესა თუ ის კანდიდატი თავის პირობას.

საინტერესო იქნებოდა ეთქვათ, არჩევნების შემდეგ, თუ გაიმარჯვებენ, რა ინტენსივობითა და რა საშუალებებით აპირებენ ამომრჩეველთან კომუნიკაციას და მათი პრობლემების მოსმენას.

ასევე, კონკრეტულად არ ჩანს, თუ რას ჰპირდება სახელისუფლებო კანდიდატი ამომრჩეველს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გამგებლის პოსტს იკავებდა და როგორც თავად ამბობს, პრობლემების შესახებ კარგად არის ინფორმირებული,“ – ამბობს დიმიტრი ავალიანი.

ნინო კაპანაძე

donor_logo_osgfსტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი-დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.