7 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს საკრებულოში ახალი ფრაქციის – „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნის საკითხი. ფრაქციის თავმჯდომარეა იუზა კელენჯერიძე, წევრები – გიორგი თაბუკაშვილი და თემურ გამცემლიძე. შეგახსენებთ, რომ იუზა კელენჯერიძე 2010 წელს საკრებულოს წევრი გახდა პოლიტიკური მოძრაობიდან „თოფაძე-მრეწველები,“ გიორგი თაბუკაშვილი – საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა,“ ხოლო თემურ გამცემლიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ აღნიშნა:
-არ შემიძლია გავჩუმდე და ბოლო პერიოდში ხარაგაულის თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებს არ გამოვეხმაურო. საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქციის შექმნა ჩემთვის დუმილის დარღვევის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასწრებთ, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რაც შეიძლება „მსუყე ლუკმა“ წაგლიჯოთ ადგილობრივ ბიუჯეტს. აქამდე გამგეობის შტატების ზრდა იყო საუბრის თემა, ახლა უკვე საკრებულოც დაემატება. დღეს უკვე მეექვსე ფრაქცია შეიქმნა. მათგან სამის სახელწოდებაში „ქართული ოცნება“ ფიგურირებს. ვფიქრობ, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებასთან ერთად მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებაც უნდა იყოს ახალ ფრაქციათა შექმნის მიზანი. ალბათ, აპირებთ, რომ როგორმე იქნებ ისევ მოხვდეთ საკრებულოში. არადა, სულ რაღაც ერთი წელია გასული 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან და არ მგონია, მოსახლეობას ასეთი მცირე მეხსიერება ჰქონდეს. იქნებ თქვენ დაგავიწყდათ, მაგრამ ჩვენ არ დაგვვიწყებია შეხვედრების დარბაზების ჩაკეტილი კარებები, თქვენგან მოსახლეობის დაშინების გამო შეხვედრების ჩაშლის მცდელობები, ადმინისტრაციულ შენობაში შემოღებული საშვთა სისტემა, შეხვედრებზე საკრებულოს წევრთა ამორჩევით დაშვება, მოქალაქეების დაშინება სოციალური დახმარების მოხსნით და ზოგჯერ დაჭერითაც კი.
ამ პროცესებში ბევრი თქვენთაგანი ან უშუალოდ მონაწილეობდა, ან თქვენი მითითებებითა თუ მფარველობით ხდებოდა ამგვარი დანაშაულობები. არ მახსოვს თქვენგან საჯაროდ გამოთქმული არათუ პროტესტი, არამედ ჩვენს მიერ გამოთქმულ პროტესტზე მხარდაჭერაც კი. დეპუტატებისგან დანაშაულის ტოლფასი იყო ზეწოლებზე დუმილი. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ყველა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და თანამოაზრეები ხართ, – განაცხადა სხდომაზე დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ამ ფრაქციების შექმნა არ არის არაკანონიერი. რუსუდან გურგენიძემ კი დააზუსტა, რომ ეს მისთვის ამორალურია.
ნიკოლოზ მაჭავარიანი: -მაპატიეთ, მაგრამ, ქალბატონო რუსუდან, არ არის თქვენი გადასაწყვეტი, რამდენი ფრაქცია შეიქმნება. რაც კანონიერია, ის მორალურიც არის. დააკონკრეტეთ, ვინ ახორციელებდა ზეწოლებს. შემოსასვლელში მე დავაყენე დაცვა ან მე შემოვიღე საშვი?
დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ კოლეგებს 2012 წლის 1 ივნისს ბორითში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისგან (დირექტორი ია ანთაძე) გამართული შეხვედრისას დაკეტილი კარები და საღანძილეში ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ მოსახლეობასთან შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხელისშეშლის მცდელობები შეახსენა.
„საღანძილეში მოქალაქეთა საკუთრების უფლება ირღვეოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან კი ადამიანები იმიტომ ვერ მოდიოდნენ, რომ რწმუნებულმა სათითაოდ გააფრთხილა, არ მოსულიყვნენ შეხვედრაზე,“ – აღნიშნა რუსუდან გურგენიძემ.
თემურ გამცემლიძე, ბორითის მაჟორიტარი დეპუტატი: -რა დავკეტე, რომელი კარები დავკეტე… სწორი თუ გინდათ, ქალბატონი რუსუდან, ის კარები საერთოდ არ იღებოდა და არ იკეტებოდა, ის შენობა დანგრევის პირას იყო მისული და როცა მოვედი თვითმმართველობაში, ბორითი სოფელს დავამგვანე. რა უნდა მასწავლოთ მე თქვენ ბორითზე – რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა გაიღოს და რა უნდა დაიკეტოს. საქმე უნდა ვაკეთოთ, ქალბატონო რუსუდან. არ მაინტერესებს პარტიული მიდგომები. მე იმ სოფლის მომავალი მინდა. მე იმ სოფელში დაბერება მინდა, იქ ცხოვრება მინდა და სულ არ მაინტერესებს თქვენი პარტია.
რუსუდან გურგენიძემ თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ცალკე თემაა სამუშაო საათებში საკრებულოში დასაქმებულ თანამდებობის პირთა ყოფთა. „თანამდებობა რომ გიჭირავს, 9-დან 6 საათამდე მინიმუმ სამსახურში ხომ უნდა იმყოფებოდე, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საკრებულოში კი, თანამდებობის პირთა უმრავლესობა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, შესვენებამდე შეიძლება ნახოს მოქალაქემ.“
ამასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „ამ საკითხზე ჩატარდება თათბირი და ყველას დაექვითება ხელფასი, ვინც თავის ნებაზე იქნება გასული სამსახურიდან.“
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ (დირექტორი ომარ მაჭავარიანი) საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორს დაავალა, რომ სერიოზულად მიხედონ საკანალიზაციო სისტემას. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის პირველი სექტემბრიდან „ხარაგაულდასუფთავებაში“ შეიქმნა წყალარინების სამკაციანი ჯგუფი. „საჭიროა ამ ჯგუფმა იმუშაოს ნაყოფიერად, ავარიული წერტილების მხოლოდ აღრიცხვა არ არის საკმარისი. საჭიროა იმოქმედოთ დროულად,“ – თქვა აკაკი მაჭავარიანმა.
საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი დაინტერესდა, თუ რა თანხა უჯდება რაიონის ბიუჯეტს უპატრონო ძაღლების წაყვანა სპეციალური სამსახურის მიერ. ომარ მაჭავარიანმა განმარტა, რომ ერთი ძაღლის წაყვანა ღირს 20 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურია 120 ლარი. სულ წაყვანილია 60 ძაღლი.
კობა ლურსმანაშვილი: -რამდენიმე ხნის წინ ვიმყოფებოდი ბათუმში გარემოს დამცველთა ორგანიზაციაში. არასამთავრობო სექტორი ყურადღებით ადევნებს თვალს და იცავს ცხოველების უფლებებს. მათი მხრიდან გამოხატულია პოზიცია, რომ თვითმმართველობებისგან ამ უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში გარემოს დამცველი ორგანიზაციები თავად იზრუნებენ, აღრიცხავენ და თავად წაიყვანენ უპატრონო ძაღლებს. ანუ ამაში მუნიციპალიტეტს თანხა აღარ დაეხარჯება. მე, როგორც გამგებელმა, ამ წინადადებაზე დავთანხმდი, რომ ეს საკითხი განიხილოს იმ მხარემაც და ხარაგაულის საკრებულომაც.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ხარაგაულის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის (უფროსი ნიკოლოზ ვეფხვაძე) ანგარიში, რომელიც დავით ფოფხაძემ წარუდგინა საკრებულოს. აკაკი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ხარაგაულში მომხდარი ავარიის ან ხანძრის შემთხვევები, რომელთა დროსაც ადამიანები იღუპებიან, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოსა და გამგეობას. დავით ფოფხაძემ აღნიშნა, რომ მომავალში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიაწვდიან ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებას.
სხდომის ბოლოს დეპუტატებმა დაამტკიცეს სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც საკრებულოსა და გამგეობაში სპეციალისტებს (მდივანი, დამლაგებელი) გაეზრდებათ შრომითი ანაზღაურება და გახდება შესაბამისად, 500 და 300 ლარი.
თამთა გოგოლაძე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის
დღეიდან, 11 აგვისტოდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის
დღეს, 11 აგვისტოს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში
7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან
გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან