rtveli ckalaforetshiზურაბ მაჭავარიანი: „სახელმწიფო რომ დაეხმაროს, ზუსტად უნდა იცოდეს, გლეხი რა ფართობს ფლობს“

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი მოსახლეობას სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების გასაცნობად ხვდება. 8 ოქტომბერს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი წყალაფორეთის ტერიტორიული ორგანოს სოფლებს ეწვია. ამ სოფლებში დამუშავებული ფართობის 30%-ზე მოსავალი უკვე აღებულია. მოსახლეობა კმაყოფილია მოსავლით. წყალაფორეთის მკვიდრი ქალბატონი ზაირა რობაქიძე მოსავლის აღებას ჩქარობს, რადგან შეიძლება მალე გაავდარდეს, რაც სიმინდის ყანას გააფუჭებს. „მოსავალი წინა წლებთან შედარებით უკეთესია,“ – ამბობს ქალბატონი ზაირა.

„გლეხს, რომელსაც  დიდი ფართობის სახნავი აქვს, საკუთარი ძალებით ძალიან ძვირი უჯდება მიწის სრულყოფილად დამუშავება, – ამბობს ლახუნდარელი გოჩა კავილაძე, –  მიწა თუ დახნა, მერე სასუქი ვეღარ შეაქვს და ეს მოსავალზე ცუდად მოქმედებს.“

rtveli ckalaforetshii„წელს სოფლის განვითარების პროგრამით თითოეულმა გლეხმა ჩვენს ტერიტორიულ ერთეულში 300 ლარი დახმარება მიიღო და ეს მათთვის ძალიან დიდი შეღავათი იყო – გვამცნობს წყალაფორეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული როინ გელაშვილი, – წყალაფორეთში ყურძნის უხვი მოსავალი მოდის. მოსახლეობა ყურძენს ყიდის. თუმცა გლეხები ყურძნის ფასით უკმაყოფილოები არიან. მართალია, წელს ცოტა დაგვიანდა ხვნა, მაგრამ მაინც კარგი მოსავალია.

ბევრი შრომა ჭირდება ვენახს. ძალიან იაფია ყურძენი, – ერთი კილოგრამი ერთი ლარი ან მაქსიმუმ 1.20 ლარი ღირს და ცოდოა გლეხი.“

სოფლის რწმუნებულს ეთანხმება მრავალწლოვანი ვენახის მეპატრონე, სოფელ ლახუნდარის მკვიდრი დავით სიხარულიძე: „შარშან  უფრო მეტი იყო მოსავალი, თუმცა წელსაც არ ვემდურით. 1200 მ2 ფართობზეა  ჩემი ვენახი გაშენებული. ნახევარ ტონამდე ან ცოტა მეტი ყურძნის მიღებას ვვარაუდობ, მაგრამ ფასი არ აქვს. შრომა ძალიან ბევრი სჭირდება, ორი თვე გამუდმებით ვენახში უნდა იტრიალო და მოუარო, თან შხამქიმიკატები უნდა შეიტანო. ყურძნის ფასი კი დაბალია.

ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ მაჭავარიანის ინფორმაციით, წყალაფორეთისა და კიცხის უბანზე ადრე 1500 ჰექტარი ეკავა ვაზის კულტურებს. ბევრმა მეურნემ ვაზი აჩეხა და თხილი გააშენა, რადგან ნაკლები შრომა და ხარჯი აქვს და უფრო ძვირადაც ფასობს ბაზარზე.

ასეთთა შორისაა სოფელ ბუდიანეთის მკვიდრი ელზა გიორგიძე: „ვენახი აღარ მაქვს, შვილო, გავჩეხე და თხილი გავაშენე. ვენახს ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. ჩემი ოჯახის წევრები ხშირად ავადმყოფობენ და ვერ შეძლებდნენ ვენახის მოვლას. თხილს კი იმდენი მოვლა არ სჭირდება. ახლახან გავაშენეთ და წელს უკვე 200 კილომდე თხილი მოვიწიეთ.“

„სოფლის დახმარების პროგრამა სამწლიანია, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, ამ პროგრამის მიხედვით როგორ დავეხმარებით სოფელს მომავალ წელს, – ამბობს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ მაჭავარიანი, – ცნობილია, რომ იგეგმება კოოპერატივების შექმნა. პარლამენტმა მიიღო კანონი კოოპერატივის შესახებ. კოოპერატივში გაერთიანდება რამდენიმე მოსახლე. წელს ოქტომბერში შეიქმნება კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც ამ გაერთიანებებს მიანიჭებს კოოპერატივის სტატუსს. ამის შექმნის სურვილი, ძირითადად, გამოთქვეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს ეწევა მცირე ფერმერულ საქმიანობას და მათ, ვისაც მიწის მცირე ფართობი აქვს. მათთვის უმჯობესია კოოპერატივში გაერთიანება, რადგან უფრო შეღავათიან ფასებში დაამუშავებენ მიწას. შესაძლებელია, თვითონ კოოპერატივმა შეიძინოს ტრაქტორი. ყველა ხარჯი, რაც მოსავლის მოყვანასთანაა დაკავშირებული, იქნება ერთიანი. მოსავალი კი მიწის ფართობის მიხედვით განაწილდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახნავი ფართობები აღრიცხული არ არის. ჩვენ ვაწარმოებთ სახნავი და მრავალწლიანი კულტურების ფართობების აღრიცხვასა და სულადობის აღწერას. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, მაგრამ სამწუხაროდ, მოსახლეობა არ აქტიურობს. საჭიროა გვქონდეს რეალური სურათი, გლეხი რა ფართობს ფლობს, სახელმწიფომ რომ მასზე დახმარება შეძლოს, – ამბობს ზურაბ მაჭავარიანი.

თამთა გოგოლაძე