ხარაგაული – ლონდონი, ხარაგაული – ვაშინგტონი… ამ ორ მეგაპოლისს ხარაგაულთან გივი მელქაძის სახელი აკავშირებს. 23 წლის გივი მელქაძემ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) გააგრძელა, რომელიც წარმატებით დაამთავრა. წელს გივიმ მოწვევა დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან (სრული დაფინანსებით) მიიღო.
ვაშინგტონში გამგზავრებამდე გივის ხარაგაულში შევხვდით. გვსურდა, თვალი გადაგვევლო იმ გზისთვის, რომელიც მან ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლიდან ჯორჯთაუნის უნივერსიტეტამდე წარმატებით და საინტერესოდ განვლო.
-გივი, სკოლაში სწავლის პერიოდში ფიქრობდი თუ არა იმაზე, რასაც დღემდე მიაღწიე?
-უნივერსიტეტში ჩაბარებისას ნამდვილად არ ვფიქრობდი არც მაგისტრატურაზე, არც დოქტორანტურაზე და საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო ეკონომიკა. მაშინ ძალიან პოპულარული იყო საბანკო და საფინანსო საქმე. ამ ფაკულტეტზე თუ მოხვდებოდი, იმას ნიშნავდა, რომ ძალიან ძლიერი იყავი. ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულება ინფორმაციის ნაკლებობის ბრალი იყო, რადგან არსებობს სხვა უფრო ბევრად საინტერესო პროფესიები. ეკონომიკა იყო, არის და იქნება პრესტიჟული სპეციალობა. ასე ვფიქრობდი მაშინ და ჩემი გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადი ამოსავალი წერტილიც ეს იყო. მაშინდელი ჩემი გათვლებით, თუ უნივერსიტეტს წარჩინებით დავამთავრებდი, დროულად დავსაქმდებოდი. სულ ეს იყო ჩემი შორსმიმავალი მიზნები.
-გივი, თსუ-ს დამთავრების შემდეგ გაიარე ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა ISET-ში. რამდენად რთული იყო ISET-ში მოხვედრა?
– ISET-ი სერიოზული ნახტომია ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც დასავლურ სტანდარტებზეა აგებული. პროგრამა დაკომპლექტებულია უცხოელი პროფესორებით, რომლებმაც დოქტორის ხარისხი დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში (როგორიცაა კოლუმბიის, ჩიკაგოს, პენსილვანიის, ჯორჯ ვაშინგტონის) მიიღეს. სამაგისტრო პროგრამის პირველი სემესტრის შედეგებით რეიტინგით პირველი ვიყავი, რის გამოც ორი წელი უფასოდ ვსწავლობდი. წარჩინებულ მაგისტრანტებს უცხოელი პროფესორები ურჩევენ, რა პერსპექტივები აქვთ და როგორ დაგეგმონ მომავალი. სწორედ ასეთი რჩევებით გადავწყვიტე, რომ სწავლა გამეგრძელებინა უცხოეთის სადოქტორო პროგრამაზე ეკონომიკაში.
–როგორ შეარჩიე შენთვის საინტერესო უნივერსიტეტი?
-2012 წლის ნოემბრიდან აქტიურად ვაგზავნიდი აპლიკაციებს ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე სასწავლებლის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე და იმავდროულად ჩავაბარე ორი სტანდარტიზებული ტესტი მათემატიკასა და ინგლისურში. მარტში ორი მოწვევა მივიღე ჯორჯთაუნისა და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან სწავლის საფასურისა და საცხოვრებელი ხარჯების სრული დაფინანსებით. საბოლოოდ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი ავირჩიე. მაინტერესებს მაკროეკონომიკა და მაკროეკონომიკური პოლიტიკა.
-როგორი განწყობით მიდიხარ ამერიკაში?
-ამერიკელები მშრომელი ხალხია. მათ ძალიან უყვართ ჩემნაირი ისტორიის მქონე ადამიანები. ISET-ის დირექტორი, ერიკ ლივნი ხშირად ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ საშუალო განათლება ხარაგაულში მივიღე. უნივერსიტეტებში გასაგზავნად მოტივაციის წერილს რომ ვწერდი, შემეკითხა, მივუთითე თუ არა, რომ სკოლა ხარაგაულში დავამთავრე.
რაც უფრო მეტი წარმატება მოდის ჩემს ცხოვრებაში, მით მეტად მიხარია და მეამაყება, რომ სკოლა ხარაგაულში დავამთავრე. დარწმუნებული ვარ, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ხარაგაულში. რაიონებში დიდი ინტელექტუალური პოტენციალია.
-გივი, როგორც ვიცი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ლონდონის ოფისში 4 თვიან სტაჟირებაზე იყავი. როგორ მოხვდი იქ?
– ISET-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემარჩიეს ლონდონში სტაჟირების გასავლელად. ოთხი თვე ვმუშაობდი მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებთან ერთად გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის სხვადასხვა აქტუალური საკითხების გამოკვლევაზე. ეს იყო ანაზღაურებადი სტაჟირება. საინტერესო იყო მუშაობის პროცესი. ვიმუშავე „გარდამავალი პერიოდის ანგარიშზე“ – პუბლიკაციაზე, რომელსაც EBRD ყოველწლიურად ამზადებს.
ლონდონში ჩასვლისას მივიღე კულტურული შოკი. ინგლისელები ძალიან მშრომელები არიან. მათთვის ფასეულობას წარმოადგენს არა ფუფუნება, არამედ ოჯახი, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სხვა ადამიანების დაფასება და პატივისცემა. ორშაბათიდან პარასკევამდე მუხლჩაუხრელად შრომობენ. პარასკევ საღამოს აქვთ „პარასკევის ტრადიცია,“ როცა ყველა თანამშრომელი, ორგანიზაციის პრეზიდენტიდან დაწყებული სტაჟიორამდე დამთავრებული, განიტვირთება ლუდის ტიპურ ბრიტანულ ფაბში. შაბათ-კვირას ყველა ოჯახთან ერთად ისვენებს.
-რას ურჩევთ მომავალ აბიტურიენტებს, თქვენი გამოცდილებიდან რას გაუზიარებთ?
-ძნელია, აბიტურიენტმა დაბეჯითებით იცოდეს, რა უნდა მომავალში. იმის გათვლაც რთულია, რომელი პროფესია იქნება 4-5 წლის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი. აბიტურიენტი უნდა ჩამოყალიბდეს, რა აინტერესებს, რის მიმართ აქვს მიდრეკილება.
განვითარება ძალიან დინამიური პროცესია და ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ამის მიუხედავად, არის უნარ-ჩვევები და სპეციალობები, რომლებზეც, ჩემი აზრით, მუდამ იქნება მოთხოვნა. ასეთებია მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა – მეცნიერების დარგები, რომლებიც ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, უნარ-ჩვევებსა და ინოვაციურ მიდგომებს. რაც უფრო ვითარდება ეკონომიკა, მით მეტად იზრდება ამ უნარ-ჩვევებზე მოთხოვნა. ინფორმაციულ საუკუნეში არა მგონია, ეს პროცესი შექცევადი გახდეს. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ თუ თსუ-ში საბანკო-საფინანსო საქმეს შეისწავლის, საუკეთესო კანდიდატი იქნება ბანკში დასაქმების თვალსაზრისით. დღეს ისეთი ტენდენციაა, რომ თვითონ კომერციულ ბანკებშიც უპირატესობას მათემატიკოსებსა და ინფორმატიკოსებს ანიჭებენ – სპეციალისტებს, ვინც აღჭურვილია ანალიტიკური აზროვნებით.
ზოგადად უფროსკლასელებს ვურჩევ, ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ მათემატიკას, რადგან ავითარებს მწყობრ, ლოგიკურ, ანალიტიკურ აზროვნებას, რაც საჭიროა ყველა სტუდენტისთვის, იქნება ის მომავალი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი თუ ლოგიკოსი…
ემპირიულადაა დასაბუთებული, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად „დაღვინებულია“ ერი მათემატიკაში. იმ ქვეყნებში, სადაც ხალხს მაღალი დონე აქვს მათემატიკურ უნარ-ჩვევებში, მაღალი ეკონომიკური ზრდაა და შესაბამისად ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალიც მაღალია. განათლება არის უმნიშვნელოვანესი. მათემატიკური და ტექნიკური საგნების სწავლებას სკოლიდანვე უნდა მიექცეს დიდი ყურადღება.
ხარაგაულმა, რაც შეეძლო, ყველაფერი მომცა. მე აქედან განათლებასთან ერთად ბევრი ისეთი უნარ-ჩვევა წავიღე, რომლებიც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ძალიან გამომადგა; მაგალითად ის, რომ მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში (მსკ) მონაწილეობის შედეგად შეჩვეული ვიყავი სცენას და მაყურებელთან ურთიერთობას, ძალიან გამომადგა სამეცნიერო კონფერენციებზე მოხსენებების წარდგენისას. ამ დროს აუდიტორიასთან ურთიერთობის გამოცდილება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა ტარდებოდეს. მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემ დროს მსკ ყოველწლიურად ტარდებოდა, რისთვისაც მადლიერება მინდა გამოვხატო მისი ინიციატორებისა და ორგანიზატორების მიმართ.
აბიტურიენტმა, პირველ რიგში უნდა გაარკვიო, რა გინდა. შემდეგ უნდა მოიძიო ინფორმაცია, ამ კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებით რისი სწავლაა საჭირო. დღეს აუცილებელია ენის ცოდნა და კომპიუტერული უნარ-ჩვევები. მთავარია ინტერესის ქონა, საკუთარ თავზე მუშაობა, დროის ეფექტურად გამოყენება და ადამიანი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ახლა უკვე ვნანობ, რამდენი დრო მაქვს ტყუილად დაკარგული. იმას კი არ ვამბობ, რომ დღეში 24 საათი სწავლას და მუშაობას მოახმარო, არამედ, უბრალოდ, ეფექტურად უნდა გამოიყენო დრო და განტვირთვისთვისაც დაიტოვო.
სტუდენტი რომ გავხდი, თავს ძალიან დაჩაგრულად ვგრძნობდი, რადგან ინგლისური არ ვიცოდი. მესამე კურსზე ოთხი თვე ვემზადებოდი კერძო მასწავლებელთან, მაგრამ იმდენად დატვირთული ვიყავი უნივერსიტეტში სწავლით, საკმარის დროს ვერ ვუთმობდი და დავანებე თავი. იმავე წელს გადავწვიტე, რომ ISET-ში მინდოდა ჩაბარება, და რადგანაც მისაღები გამოცდაც და სწავლაც ინგლისურ ენაზე იყო, ზაფხულში არდადეგების დროს დავიწყე ინგლისური ეკონომიკური ტექსტების კითხვა. თავიდან ძალიან მიჭირდა. ერთი გვერდის წაკითხვისას რვეულის ნახევარს ვავსებდი უცხო სიტყვებით. ერთი თვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეკონომიკური ტერმინები და სიტყვები მეორდებოდა და უკვე ლექსიკონის გარეშე დამოუკიდებლად შემეძლო გავრკვეულიყავი ტექსტის შინაარსში. ერთი პერიოდი ინგლისურად უფრო მეტი ეკონომიკური ტერმინი ვიცოდი, ვიდრე ჩვეულებრივი სასაუბრო სიტყვა. ISET-ში სწავლისას პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასთან ერთად, სასაუბრო ინგლისურის დიდი პრაქტიკაც მივიღე ინგლისურენოვანი ლექციების მოსმენითა და უცხოელ ლექტორებთან ურთიერთობით.
-გივი, რა ემოციას იწვევს თქვენში ფრაზა „ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია?“
-ეს ფრაზა ქართული მენტალიტეტის ნაწილია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხშირად ეს ფრაზა სიამაყით არის ხოლმე ნათქვამი, რაც, მგონი, კარგი არ არის. იმის მაგივრად, რომ თქვა – „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, ალბათ უმჯობესია, რომ მშობელმა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თავისმა შვილმა ნიჭის რეალიზაცია მოახდინოს.
ჩემი აზრით, მე ვარ ზომიერად ნიჭიერი, საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით სწავლასთან მიმართებაში. ყოველთვის მრცხვენოდა გაკვეთილზე მოუმზადებლად მისვლა. ამით აიხსნებოდა ჩემი სიბეჯითე. სკოლის პერიოდში განსაკუთრებული სიღრმისეული ინტერესი არც ერთი საგნის მიმართ არ მქონია. უბრალოდ, მიყვარდა მათემატიკა, ალბათ იმიტომ, რომ შედარებით კარგად გამომდიოდა. მეცადინეობის დაძალება მშობლების მხრიდან არასდროს მჭირდებოდა. ზოგჯერ მამას ვთხოვდი დახმარებას.
-როგორია მშობლების როლი შენს წარმატებაში?
-ყოველთვის ვგრძნობდი მშობლების თანადგომას. ისინი არიან ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები. დრო, რომელიც მათ დამითმეს, იყო მნიშვნელოვანი, რომ მე სწავლის პროცესში თავი მარტო არ მეგრძნო. ხშირად იყო ისეთი სიტუაციები, როცა ჩემი მშობლების გამხნევება და გვერდში დგომა ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მამაჩემი, სოსო, შედარებით „წყნარი გულშემატკივარია,“ დედა კი ძალიან აქტიურადაა ჩართული ყველაფერში.
-თუ შეიძლება, ცოტა რამ პირად ცხოვრებაზეც გვითხარი.
-უახლოეს მომავალში დაოჯახებაზე არ ვფიქრობ, თუმცა ეს თემა აქტუალურია ჩემს ოჯახში. ჯერ მინდა სწავლას მოვრჩე. ისე, წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, როცა საქმე სიყვარულს ეხება. ამ დროს პროგნოზირება ძნელია (იცინის).
–როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შენს გვერდით იქნება?
-განათლებული, რაღაც დოზით, თუმცა ნამდვილად არ მინდა აკადემიური ხარისხები ჰქონდეს; სპონტანური, ბავშვურად მიამიტი, პირველ რიგში, კარგი მეგობარი.
–სხვა მკვლევარებთან ერთად აქტიურად მუშაობდით კვლევაზე „საქართველოს კონკურენტუნარიანობის ანგარიში“. იქნებ მოკლედ გვითხრათ, რა არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი პოტენციალი და ამ პოტენციალის განვითარებისათვის და გამოყენებისათვის რომელია ყველაზე ეფექტური გზა?
–საქართველოს შეუძლია უკეთესად გამოიყენოს თავისი ხელსაყრელი გეოგრაფული მდებარეობა, რათა გახდეს რეგიონალური ტურისტული, სავაჭრო, სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი. ერთ-ერთი, რაც გამოვავლინეთ ამ კვლევის შედეგად ისაა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით, რასაც სათანადოდ ვერ იყენებს.
ყველა განვითარებად და ფორმირებადი ბაზრის ქვეყანას სჭირდება უცხოური ინვესტიცია. უცხოური ინვესტიცია არ ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ინვესტორი მოვა, საწარმოს ან სასტუმროს ააშენებს და დამთავრდა. ამ ინვესტიციას მოყვება ცოდნა. ჩვენ გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები, რომელიც, როგორ წესი, სწორედ უცხოურ ინვესტიციებს მოყვება. ეს სჭირდება ახლა საქართველოს, რადგან საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ინოვაციას, ტექნოლოგიას თვითონ ქმნის. საქართველოს ძალიან გაუჭირდება გახდეს ლიდერი ტექნოლოგიებში ან ინოვაციებში. ამისთვის სერიოზული ადამიანური კაპიტალია საჭირო, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს არ გააჩნია. ჩვენ შეგვიძლია სწორად გამოვიყენოთ ცოდნა, რაც დაუგროვდა განვითარებულ ქვეყნებს.
მნიშვნელოვანია ასევე სოფლის მეურნეობის სექტორიც, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50% სოფლად ცხოვრობს და მათი შემოსავალი საკმაოდ დაბალია, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სოციალურ ფონს ქვეყანაში. ეს კი თავის მხრივ ქმნის სოციალური და პოლიტიკური არასტაბილურობის განცდას და აფერხებს უცხოურ ინვესტიციებს. სოფლის მეურნეობაში მთლიანი ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 8% იქმნება, რაც ამ დარგის უკიდურეს არაპროდუქტიულობაზე მიუთითებს. იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა გავზარდოთ, ამ დარგს უნდა დავახარჯოთ ძალიან ბევრი. ის, რომ დღეს ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში არ მოდის, ეს არ არის მთავრობის, სახელმწიფოს ბრალი. ინვესტიცია მიდის იქ, სადაც ინვესტორი ხედავს მაღალ უკუგებას; ჩვენს შემთხვევაში ესენია საბანკო სექტორი, მომსახურების სფერო, მშენებლობის ინდუსტრია, ტურიზმი.
ჩვენთან სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მიწები ფრაგმენტირებულია: ბევრი ადამიანი ფლობს მიწის მხოლოდ მცირე ნაწილს. მიწების გაერთიანებით კოოპერატივის ქვეშ პროდუქტიულობის გაზრდაა შესაძლებელი. ამის ექსპერიმენტი ჩატარდა სოფელ ნიქოზში, რამაც გაამართლა.
სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის მიღწევა მხოლოდ პროდუქტიულობის, შესაბამისად, ტექნოლოგიური პროგრესით, არის შესაძლებელი, რასაც, როგორც წესი, ათწლეულები სჭირდება. თუმცა, ამ პროცესს თან მოყვება მანქანიზაცია და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი გამოთავისუფლებული სამუშაო ძალა, რომელიც საბოლოოდ ისევ მრეწველობის და მომსახურების სფეროში უნდა გადმოვიდეს.
ინვესტორის შემოსვლისთვის აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, კერძო საკუთრების დაცვის გარანტია. ეს ფაქტორები სათანადო დონეზე არ იყო დაცული წინა ხელისუფლების დროს, ამას კვლევებიც ადასტურებს. სასამართლო დამოუკიდებლობა არის აუცილებელი წინაპირობა ინვესტორის მოსაზიდად და ქვეყანაში კერძო ბიზნესის განვითარებისთვის.
ინგა ბერაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ