gza

გასულ კვირაში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის ინიციატივით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები – საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი, გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, მისი მოადგილე უჩა ბერაძე და ჩხერიმელას ხეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები საავტომობლო გზების დეპარტამამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„შეხვედრის მიზანია, უკეთესი კომუნიკაცია გვქონდეს საავტომობლო გზების დეპარტამენტთან. ჩვენ ვართ მომხმარებლები და გვაქვს სამართლიანი პრეტენზიების დაყენების უფლება. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რა და როგორ მოვითხოვოთ. კანონით, საგზაო დეპარტამენტი ვალდებულია აუნაზღაუროს საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს ცუდი საგზაო პირობების შედეგად გამოწვეული ზარალი. გვაინტერესებს, რა სახის სამუშაოები ჩატარდება ყოველთვიურად დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე და როგორი იქნება მათი ხარისხი,“ – აღნიშნა შეხვედრაზე ნოდარ ებანოიძემ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, მას არ სურს სიტუაციის დაძაბვა, თუმცა გაკეთებულს ვერაფერს ხედავს. მან იმედი გამოთქვა, რომ საგზაო დეპარტამენტთან მომავალში თანამშრომლობა ერთობლივი ძალებით უფრო კარგად გამოვა. მისი თქმით დეპარტამენტთან უნდა ვისაუბროთ, რომ გაიზარდოს ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის თანხები, სანამ ამ გზაზე აზიის განვითარების ბანკი იზრუნებს. გამგებელმა დაბა ხარაგაულში პატარა ხარაგაულის შესახვევთან, სასაფლაოს მოპირდაპირე მხარეს ბეტონის დამცავების დაყენების აუცილებლობაზე ისაუბრა. კობა ლურსმანაშვილის განცხადებით ძირულაში, ხარაგაულისკენ გადმოსახვევი გზა საშიშია და იქ სარკე უნდა დაიდგას. მისივე თქმით, ხარაგაულის შემოსასვლელში უნდა იყოს ტრაფარეტი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თამაზ კვირიკაშვილის ინფორმაციით, მათი სამსახურის მიერ ყოველ თვეში დგება გეგმა, თუ რომელ გზაზე რა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩასატარებელი და წარედგინება დეპარტამენტს დასამტკიცებლად. მისივე თქმით, რადგან დაინტერესდნენ, ამ ინფორმაციას სისტემატურად გადმოუგზავნიან ადგილობრივ ხელისუფლებას. თამაზ კვირიკაშვილმა დეპუტატს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უთხრა, რომ მათი აქტიურობა და მოთხოვნა საგზაო დეპარტამენტში, რომ მეტი თანხა გამოიყოს კონკრეტული გზების მოსაწესრიგებლად, უფრო მეტ შედეგს გამოიღებს. „ძირულაში მესამე კილომეტრიდან მეთორმეტე კილომეტრის ჩათვლით ორმოებს გავაკეთებთ. ეს გზა უკვე კაპიტალურ რემონტს საჭიროებს და მილიონამდე დაჯდება, მაგრამ არ არის ჯერჯერობით თანხები. რაც შეეხევა ხარაგაული-ჩუმათელეთის გზას, ვგეგმავთ, რომ „ჩოხოსნების სკვერიდან“ 700-800 მ3 ხრეში შევიტანოთ დიდი ორმოების ამოსავსებად,“ – აღნიშნა შეხვედრაზე თამაზ კვირიკაშვილმა. როგორც გაირკვა, დღემდე ჩაუბარებელია ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზა, რომელიც შეხვედრის მონაწილეთა თქმით, არც თუ ისე ხარისხიანად შესრულდა.

ჩვენი თვთმმართველობის ნაკლია, რომ არ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობებისა და ვალდებულებების შესახებ, – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ნოდარ ებანოიძემ, – რატომ უნდა გვჭირდებოდეს საკითხის დაყენება მანიშნებელზე, ბორდიურზე, სარკეზე. ეს საგზაო დეპარტამენტის კომპეტენციაა, მაგრამ არ გრძნობენ ვალდებულებას. არც ჩვენ ვთხოვდით აქამდე, რომ ყოფილიყვნენ მობილიზებულნი.

ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ უბისა-სარგვეში-ბაზალეთი-ხარაგაულის გზის რეაბილიტაციის პროექტზე. ეს ტრადიციული გზაა, რომელიც ოთხ ტერიტორიულ ერთეულზე გადის. ვაპირებ დავსვა საკითხი ამ გზისთვის შიდა სახელმწიფო გზის სტატუსის მინიჭებაზე. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ამ გზას მნიშნელოვანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სოფლების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება გზა. ჩვენ უნდა გვქონდეს უახლოეს ინდუსტრიულ ცენტრამდე მისასვლელი გზა.

აზიის ბანკის მიერ ჩუმათელეთის გზის გაკეთება დროში გახანგრძლივდება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა ვუთხრათ ხალხს საღანძილეში, დიდვაკეში, მარელისში,  წიფაში. ამ თემებზე ვაპირებ საუბარს საგზაო  დეპარტამენტში.“

ნინო კაპანაძე