ღორეშაში ყოფნა და ცხოვრება ყველაზე ძალიან ახარებს. იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქში საუკეთესო საცხოვრებელი პირობები აქვს, მაინც ღორეშა აირჩია.

ოჯახს საკუთარ მეურნეობაში შრომით არჩენს. ოთხი შვილის მამა – ზაზა გლუნჩაძე სოფელში ერთ-ერთ ძლიერი მეფუტკრეა. ყოველ წელს მეურნეობას აფართოებს და მომავალშიც მრავალი საინტერესო იდეის განხორციელებას გეგმავს.

მეფუტკრეობით ათი წლის წინ დაინტერესდა და ფუტკრის სამი ოჯახი შეიძინა. ორ წელიწადში 16 ოჯახამდე გაამრავლა. დღეს მის საფუტკრეში 90 ოჯახია. ძირითადად თაფლს აწარმოებს.

„ჩემ თაფლზე დიდი მოთხოვნილებაა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე უცხოეთში, – გვიამბობს ზაზა გლუნჩაძე, – თაფლი თურქეთში ძალიან მოსწონთ.  უახლოეს ხანში, სერტიფიკატის მისაღებად, სპეციალურ ლაბორატორიაში უნდა შევამოწმებინო.“

ზაზა გლუნჩაძე ფუტკრის რძის წარმოებას გეგმავს. ამბობს, რომ ეს მისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა.

ორი წლის წინ ენერგიულმა, ინტერესიანმა და შრომისმოყვარე მეფუტკრემ საკალმახე მოაწყო. თავიდან ოჯახური საჭიროებისთვის უნდოდა. შემდეგ გადაწყვიტა, საკალმახე გაეფართოებინა. ღორეშის ერთ-ერთ უბან ელუბრაში, სადაც გზა მიუვალია, მდინარეზე საკალმახე ააშენა.

„ბანკიდან სამომხმარებლო სესხი ავიღე, – გვიამბობს ზაზა, – საკუთარი ხელით ავაშენე საკალმახე. თევზი ხარაგაულისა და ზესტაფონის ბაზარზე კარგად იყიდება. მდინარის წყალში თევზი ბუნებრივ საკვებს იღებს და უფრო გემრიელია.“

გასულ წელს ზაზა გლუნჩაძე პროექტში „აწარმოე საქართველოში“ ჩაერთო. საკალმახეს გაფართოება სურდა. სამწუხაროდ, მისი ბიზნეს გეგმა დაიწუნეს. იმედი არ დაუკარგავს და მეურნეობას ისევ საკუთარი ძალებით აძლიერებს.

მეურნეობაში ზაზას ოჯახის წევრები – მეუღლე ირინე კაპანაძე და შვილები ეხმარებიან.

„14 წლის ირაკლის დამოუკიდებლად შეუძლია საფუტკრეში მუშაობა, – ამბობს ზაზა, – მეურნეობაში საქმიანობას პატარებიც ეჩვევიან. შრომა და სოფელი ყველას ძალიან უყვარს.“

ელუბრა, სადაც წლების წინ ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, უგზოობის გამო, ყველამ მიატოვა. ზაზა გლუნჩაძემ საკალმახე და საფუტკრე მეურნეობისთვის ადგილი ერთ-ერთი მოსახლისგან შეიძინა. ელუბრაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მისაღებად საუკეთესო პირობებია.

„დიდი შრომით ყველაფერი მიიღწევა, – ამბობს ახალგაზრდა მეურნე ზაზა გლუნჩაძე, – მიწის დამუშავება ავიღოთ, – ჩვენი კუთხე მოუსავლიანია, მაგრამ რაც მოდის, ყველაფერი საუკეთესოა. რაც მეტს შრომობ, მეტი ინტერესი გიჩნდება.

საფუტკრე რომ მოვაწყვე ელუბრაში, მაშინვე აკაციები გავაშენე, რამდენიმე ძირი ხეხილი დავრგე. საფუტკრეს გვერდით საყანე ადგილი დავამუშავე – სიმინდი და ლობიო მოგვყავს.“

ზაზა გლუნჩაძის უფროსი ვაჟი ირაკლი გვიამბობს, რომ თავიდან ცოტა შეეშინდა მამამ ელუბრაში, მიუვალ ადგილზე რომ აიყვანა.

„პირველად დაახლოებით 4 წლის წინ ამოვედი და ცოტა შემეშინდა, – იხსენებს ირაკლი, – მერე თანდათან შევეჩვიე. მამას ვეხმარები – სკაში ფიჭებს ვალაგებ. აქ მუშაობა მომწონს. ჩემი ოჯახი რომ სოფლის მეურნეობას ეწევა, მეც მინდა, მათ გვერდით ვიყო.“

ზაზა გლუნჩაძე ღორეშაში სამაგალითო მეურნეა. მიაჩნია, რომ ქვეყნის ძლიერება სოფლიდან იწყება. სიყვარული, სითბო, ურთიერთპატივისცემა და შრომისმოყვარეობა ზაზა გლუნჩაძისა და ირინე კაპანაძის ოჯახში უმთავრესია. ამ ღირებულებებით ზრდიან ისინი შვილებს – მშობლიური კერიისა და მიწის სიყვარულით.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ზაზა გლუნჩაძე უფროს ვაჟ ირაკლისთან ერთად საკალმახე და საფუტკრე მეურნეობაში, ზაზა გლუნჩაძის ოჯახი

zaza_glunchadze (3) zaza_glunchadze (1)