giorgi  margvelashviligiorgi margvelashvili - 223 სექტემბერს ხარაგაულს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ეწვია. აღსანიშნავია, რომ კანდიდატი ხარაგაულში ხაშური-ჩუმათელეთის გზით მოვიდა და როგორც თავად აღნიშნა, ეს გზა აუცილებლად გაკეთდება. მარგველაშვილთან ერთად ხარაგაულს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და სხვა პირები სტუმრობდნენ.
დავით ნარმანიამ თავის გამოსვლაში ხარაგაულელებს ბოდიში მოუხადა დაგვიანებისთვის და აღნიშნა, რომ „გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის ძნელად სავალ გზებს ირჩევს როგორც ცხოვრებაში, ასევე თქვენთან შესახვედრად. ხაშური-ჩუმათელეთი-ხარაგაულის რთული გზის დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აზიის განვითარების ბანკმა უკვე მიიღო და გზის ეს მონაკვეთი მალე გაკეთდება. 3 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი ხარაგაულში რეგიონული პროგრამების განსახორციელებლად. მომავალში მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზრდება,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ. მინისტრმა ხარაგაულელებს გააცნო პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის მიერ განვლილი ცხოვრების გზა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი განათლებისა და ინტელექტის ადამიანი ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში, რათა „დასრულდეს კოჰაბიტაციის ურთულესი პერიოდი.“ მისივე თქმით, „გიორგი მარგველაშვილს, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ყველა რეგიონში ეყოლება წარმომადგენელი, რომლებიც სისტემატურად გაეცნობიან რეგიონის მოსახლეობის პრობლემებს. სახელმწიფო კომისიები სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებენ.“
„ძალიან გვიყვარხართ, ხარაგაულელებო და ამას დავამტკიცებთ საქმით,“ – ამ სიტყვებით დაასრულა მინისტრმა თავისი გამოსვლა ხარაგაულელთა წინაშე.
საქართველოს პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ ხარაგაულელ საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილის ოჯახი გააცნო და აღნიშნა, რომ „ბატონი გიორგი ძალიან ინტელიგენტი და განათლებული ოჯახის წარმომადგენელია. ჩემი ფესვები ხარაგაულშია და ვიცი, რომ განათლება აქ ძალიან ფასობს.“ გუგული მაღრაძემ ხარაგაულელებს მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე და თავისი არჩევანი დააფიქსირონ.
ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ თავის გამოსვლაში საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიპეტიები გაიხსენა, თუ როგორ ებრძოდა და აშინებდა ადგილობრივი ხელისუფლება პოლიციის დახმარებით მოსახლეობას. „ახლა კი ჩვენს ოპონენტებს, – აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ, – აქვთ თავისუფალად აგიტაციის საშუალება. სწორედ ეს არის სამართლიანობა და ჩვენ სამართლიანად გავიმარჯვებთ.“
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიხსენა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების რთული წინასაარჩევნო გარემო და კოჰაბიტაციის პერიოდის სირთულეები და აღნიშნა, რომ „აუცილებელია მოვიპოვოთ გამარჯვება, რადგან დავასრულოთ ეს რთული პერიოდი საქართველოში. გპირდებით, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ მე ვიქნები თქვენთან. ძალიან მინდა, ვიყოთ აქტიურები და მოვიპოვოთ ძლიერი გამარჯვება. მივცეთ საქართველოს შანსი, გაძლიერდეს და გახდეს თქვენი ქვეყანა“ – განაცხადა ტრიბუნიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა.
„2014 წლის დასაწყისში გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხარაგაულში უნდა გაჩნდეს ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც თვითონ დაგეგმავენ, ხალხთან ერთად, საით წავიდეს ქვეყანა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ხარაგაულელთათვის. გარდა იმისა, რომ იქნება ცენტრალური ხელისუფლების მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, თვითონ ადგილობრივმა საზოდაგოებამ უნდა შექმნას თითოეული სოფლის განვითარების გეგმა,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში გიორგი მარგველაშვილმა.
თამთა გოგოლაძე