„ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილმა დირექტორმა მიხეილ ჭიპაშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

მიხეილ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა 2015 წლის 30 ნოემბერს გაათავისუფლა.

მიხეილ ჭიპაშვილი თანამდებობაზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ბათილად ცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ბრძანება მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და გამგეობას მის სასარგებლოდ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა დააკისრა.

ზესტაფონის სასამართლომ მიხეილ ჭიპაშვილის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დააკმაყოფილა.

ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპალეციო სასამართლოში მიხეილ ჭიპაშვილმაც გაასაჩივრა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბათილად ცნო და გამგებლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მასა და საკრებულოს წევრ ვარლამ ჭიპაშვილს შორის 2015 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი ფაქტი.

მიხეილ ჭიპაშვილისა და მისი ადვოკატის, ვლადიმერ სანიკიძის თქმით, ხარაგაულის გამგებელმა ის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

ამ მოსაზრებას გამგებელი არ იზიარებს. კობა ლურსმანაშვილის თქმით, მან მიხეილ ჭიპაშვილი თანამდებობიდან არაეთიკური და არაპროფესიონალური ქცევის გამო გაათავისუფლა.

მიხეილ ჭიპაშვილი არის რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ასევე არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე.

მიხეილ ჭიპაშვილი იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის საარჩევნო შეხვედრების ორგანიზატორი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს.