ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დღეს „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილი დირექტორის, მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი განიხილა.
მიხეილ ჭიპაშვილმა გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
„ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილი დირექტორი თანამდებობაზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 ნოემბრის ბრძანება მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, გამგეობას მიხეილ ჭიპაშვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა დააკისრა 2015 წლის 30 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სარჩელით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმაც მიმართა. ის ითხოვს, რომ გამგებლის ბრძანება მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე არ გაბათილდეს და მას განაცდურის ანაზღაურებაზე უარი ეთქვას.
დღეს, 25 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირმა პერანიძემ გამგებლის შუამდგომლობა მოწმეთა ხელახალი დაკითხვის თაობაზე არ დააკმაყოფილა, რადგან „საქმეს მათი დაკითხვა ახალ მტკიცებულებებს ვერ შემატებდა.“
მოსამართლემ მოდავე მხარეებს შეკითხვებით მიმართა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
მიხეილ ჭიპაშვილმა სასამართლოს ვარლამ ჭიპაშვილსა და მას შორის გასული წლის 20 ოქტომბერს მომხდარი ფაქტის შესახებ უამბო, რაც მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო.
მიხეილ ჭიპაშვილისა და მისი ადვოკატის, ვლადიმერ სანიკიძის თქმით, ხარაგაულის გამგებელმა ის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.
ამ მოსაზრებას გამგებელი არ იზიარებს. კობა ლურსმანაშვილმა დღეს სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მიხეილ ჭიპაშვილი თანამდებობიდან არაეთიკური და არაპროფესიონალური ქცევის გამო გაათავისუფლა.
„რაც მოვისმინეთ მოსაზრებები, იქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქმე არ არის მარტივი კატეგორიის, – აღნიშნა სასამართლო სხდომის ბოლოს მოსამართლემ, – ფაქტები გარკვეულ შეფასებას და დასაბუთებას საჭიროებს.“
ქუთაისის სააპალაციო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს 1 ივნისს, 10:30 საათზე, გამოაცხადებს.
მიხეილ ჭიპაშვილი არის რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის საარჩევნო შეხვედრების ორგანიზატორი გახლდათ. მიხეილ ჭიპაშვილი ასევე არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე.
ნინო კაპანაძე
28 დეკემბერს, 15:00 საათზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით,
20 დეკემბერს ევროკომისიამ წამოაყენა
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის
2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში
ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია,