ამ ზამთარში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი რაოდენობით ფუტკარი დაიხოცა. ამის გამომწვევ მიზეზებს მეფუტკრე ლაშა გურგენიძე განმარტავს და მეფუტკრებს მოუწოდებს, დაუზუსტებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ.

– ფუტკრის მასობრივად დახოცვის მიზეზად დასახელდა ტკიპა აკარაპიტოზი, – ამბობს ლშა გურგენიძე, – ეს ტკიპა ფუტკარს ტრაქეაში ჰყავს. პირადად დავათვალიერე სოფლებში საფუტკრეთა უმრავლესობა.

აკარაპიტოზი, ვიზუალური დათვალიერებით, არც ერთს არ აღმოაჩნდა. ჯერ არ მსმენია, რომ რომელიმე ხარაგაულელმა მეფუტკრემ ამ დაავადების არსებობა ჩვენთან ლაბორატორიაული შემოწმებით დაადასტურა.

რამდენიმე ძირი ფუტკარი მეც გამიქრა. ამის მიზეზი თბილი და რბილი ზამთრის ამინდებია. ზამთრის პერიოდში ფუტკარს გუნდი არ შეუკრავს, სულ აქტიური იყო. საფუტკრეში თაობათა ცვლა არ მოხდა და ფუტკარი გაიცვითა. თბილმა ამინდებმა პარაზიტი ვარვატოზიც გაააქტიურა. საფუტკრე 4-5 სხვადასხვა ადგილას მაქვს. იქ, სადაც ნაკლებად ხვდებოდა მზის სხივი, ფუტკარი გადარჩა.

სკაში ვარვატოზის გაჩენის შემდეგ ფუტკრის ბარტყი ნახევრად განვითარებულია და ფრთები შეჭმული აქვს. საფუტკრეთა უმრავლესობაში სწორედ ეს სიმპტომები აღმოჩნდა.

მეფუტკრეებს ვურჩევ, რომ უკვე დაიწყონ ფუტკრის მკურნალობა. არის ვარვატოზის საწინააღმდეგო ჩხირები, სხვადასხვა პრეპარატები. ჩხირები სკაში მხოლოდ 30 დღის მანძილზე უნდა გააჩერონ. შეუძლიათ ცვალონ პრეპარატები, მაგრამ ფუტკარს აუცილებლად სრულ განკურნებამდე უნდა უმკურნალონ.

დაუდასტურებლად იმის თქმა, რომ ხარაგაულში ტკიპა აკარაპიტოზი გავრცელდა, არ შეიძლება. ამით ზოგმა ხელიც მოითბო და პრეპარატები გაყიდა.

მნიშვნელოვანია დადგინდეს ფუტკრის დაავადება და საფუტკრეში შესაბამისი მკურნალობა ჩატარდეს.