gedsamania

გზებისა და ხიდების მოწესრიგების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის,  ხე-ტყის მოპოვებასთან, ელენერგიის სისტემის გაუმართაობასთან, სამუშაო ადგილების არარსებობასთან დაკავშირებული და სხვა პრობლემები დააყენეს ხევის, ნადაბურის, ხუნევის, გედსამანიის, ლაშის, ბაზალეთის, ღორეშის, საბის, სარგვეშის, ვერტყვიჭალის, ბორითის, ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრებზე. შეხვედრები 8 აგვისტოდან მიმდინარეობს. მაჟორიტარი ნოდარ ებანოიძე ამომრჩევლებს ანგარიშის ჩაბარებისა და მათი პრობლემების ახლოს გასაცნობად ხვდება.

წლებია, ყველა შეხვედრაზე სამედიცინო პუნქტის აღდგენას ითხოვს ნადაბურის მოსახლეობა. ხუნევის საექიმო ამბულატორია, რომელიც აქაურებს ემსახურება, ნადაბურიდან დიდი მანძილითაა დაშორებული და ამიტომ სამედიცინო მომსახურების დროულად და ეფექტურად მიღება ჭირს.

ნადაბურელმა კობა გელაშვილმა დეპუტატთან შეხვედრაზე ბღვერიების უბნის ხიდის პრობლემა დააყენა. ეს ხიდი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებთან – ლიჩი, გორიჯვარი, აკავშირებს სოფელს. ნადაბურში ჩამომავალ მდინარე ძირულაზე საცალფეხო ბონდის ნაცვლად კაპიტალური ხიდის მშენებლობის საკითხი მოსახლეობამ გამგებლის ნადაბურში ყოფნის დროსაც დააყენა. საცალფეხო ბონდი დეპუტატმაც მოინახულა და ნადაბურელებს დიდი იმედი აქვთ, რომ ამ საკითხის მოგვარება დაიწყება.

ნადაბურელმა თამაზ ლომიძემ პარლამენტართან შეხვედრაზე ტრანსპორტის სოფლის თავამდე მისვლის საჭიროებაზე ისაუბრა: „არცერთი ტრანსპორტი, გარდა ზესტაფონი-ნადაბურისა, არ ამოდის და ესეც იმიტომ დადის სოფლის თავამდე, რომ მძღოლი ცხოვრობს ამ უბანში.“ ამ საკითხზე დეპუტატმა განმარტა, რომ ტრანსპორტით მომსახურება კერძო სტრუქტურაა და ხელისუფლებას მხოლოდ თანადაფინანსების შემთხვევაში მიეცემა მძღოლისთვის მარშრუტის  შეთანხმების შესაძლებლობა.

„ჩვენ დაგიჭირეთ მხარი, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარო,“ – მიმართა ნადაბურელმა ევგენი გელაშვილმა დეპუტატს და სოფელში ელმონტიორის შტატის აუცილებლობაზე ისაუბრა: „რა გახდა ამ საკითხის გადაწყვეტა. ზამთარში, დიდთოვლობისას, სულ უპატრონოდ ვართ.“ მანია გელაშვილმა ნადაბურში გამრიცხველიანების დაჩქარების სურვილი გამოთქვა. ბიჭიკო გელაშვილმა ძამულას უბანში მდებარე წმინდა თევდორე ტირონის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებაში თანადგომა ითხოვა. სოფლის რწმუნებულმა გია შუბითიძემ ხევი-ნადაბურის საზღვარზე გზის მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა. ნადაბურის სკოლის დირექტორმა დოდო ხაჩიძემ სკოლის სპორტული მოედნის საფარის მოწესრიგებისა და ამავე მოედანზე არსებული საქვაბის ავარიული შენობის დემონტაჟის საკითხები დააყენა. სკოლის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამაში ნადაბურის სკოლაც არ ჩაერთო, ნადაბურში სკოლის გაუქმების საშიშროება შეიქმნება, რადგან მშობლები ამჯობინებენ შვილები გადაიყვანონ მეზობელ სკოლაში, რომელსაც ტრანსპორტი ემსახურება. ნადაბურელებს ასევე სურთ მათ სოფელში საბავშვო ბაღის გახსნა.

სოფელ ხუნევში ელექტრომომხმარებლების გამრიცხველიანების, ელექტროსისტემის გაუმართაობის, უმუშევრობის, სოციალური დახმარების დანიშვნისას სამართლიანობის დაცვის, ასაკით პენსიაზე გასვლისას შრომითი სტაჟის გათვალისწინების, ხუნევის სკოლის ადმინისტრაციულად გაყოფისა და ინვენტარით მომარაგების საკითხები დაისვა.

სოფელ ხევში  მცხოვრებმა ბონდო ტაბატაძემ წაბლის ხის ჭრასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა წამოჭრა დეპუტატთან – დაავადებულის ნაცვლად იჭრება საღი. ხევის მოსახლეობა ითხოვს მდინარეების დაცვას რესტორნების ნარჩენების დაბინძურებისაგან. ხეველი იმედა გრიგალაშვილი მოსახლეობისთვის მცირე ოდენობით სამასალე ხე-ტყის მოპოვების გამარტივებას ითხოვს.

გედსამანიელებისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა გზა და სოფელში არსებული სალოცავების მოვლა-პატრონობა. „გედსამანიაში ორი უძლიერესი სალოცავია, – ამბობს გიორგი რიკაძე, – სოფლის შესანარჩუნებლად აუცილებელია მათი მიხედვა.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში იდენტური პრობლემებია. ღორეშის მოსახლეობა, დანარჩენ სოფლებში დაყენებული საკითხების გარდა, ადმინისტრაციული შენობის რემონტს და გადასახადების გადასახდელად აპარატის სოფელში შეტანაზე დახმარებას ითხოვს. ღორეშაში ასევე აქტუალურია საბავშვო ბაღის გახსნის საკითხი.

უმძიმეს მდგომარეობაშია საბისა და სარგვეშის მოსახლეობა – უგზოობას უტრანსპორტობაც ემატება. გასული საუკუნის 90-იან წლებში სარგვეშის საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე სწავლობდა, დღეისათვის კი მხოლოდ 34 მოსწავლეა. ულამაზეს სოფელ საბეში 20 წლის წინ 240 კომლი ცხოვრობდა. დღეს კი კომლთა რაოდენობა 40-მდეა შემცირებული. საბისა და სარგვეშის მოსახლეობას 16-16 კილომეტრი აშორებს მუნიციპალიტეტის ცენტრს და ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს. კვირაში ორჯერ მოძრაობს ავტობუსი საბე-ხარაგაულისა და საბე-ზესტაფონის მიმართულებით. მათთვის მგზავრობა ძვირია და საბიდან ზესტაფონამდე და უკან 8 ლარი ღირს. საბეს, სარგვეშს, ბაზალეთს, მიროწმინდას, უბისასა და ღორეშას ახალ სიცოცხლეს შესძენს ხარაგაული-ბაზალეთი-სარგვეში-ღორეშა-უბისის გზის მშენებლობა, რის გადაწყვეტაზეც ამ ბოლო ხანს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და პარლამენტარიც აქტიურად საუბრობენ.

ვერტყვიჭალაში „ცხელი“ შეხვედრა გაიმართა. ზაირა ხაჩიძემ მადლობა გადაუხადა დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი კომპეტენცია ხელს შეუწყობს ხარაგაულის განვითარებას. თუმცა ლაშა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხალხის მდგომარეობა რეალურად არ გაუმჯობესებულა. ვერტყვიჭალელმა ლია კალმახელიძემ კი სამსახურებში დასაქმებისას მიკერძოება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ადამიანებს ძველებურად, ისევ პირადი შეხედულებებისა და სიმპათიების მიხედვით ასაქმებენ საჯარო სამსახურებში.

ბორითში კვლავ საბავშვო ბაღის შენობის მუნიციპალიტეტზე გადმოცემის საკითხი გამოიკვეთა. წლებია, ეს პრობლემა გადაუჭრელად დგას ბორითელთა წინაშე – არა და არ დაადგა საშველი ამ საკითხის მოგვარებას!

ლეღვნის მოსახლეობა ვეტექიმს ითხოვს. მარელისელებს კი აინტერესებთ, ხომ არ იგეგმება გლეხური მეურნეობების დაზღვევა. ლეღვანი და მარელისი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებია და აქაურებს ძალიან აწუხებს გარეული ცხოველების – დათვი და მგელი – მომრავლება. გარეული ცხოველები მოსახლეობას პირუტყვსა და ნათესებს უნადგურებენ. დათვი და მგელი სახიფათოა ადამიანებისთვისაც. მოსახლეობა ითხოვს ნებართვას მათგან თავდაცვისთვის ან დახმარებას რომელიმე უწყებისგან ვითარების ნებისმიერი ფორმით დასარეგულირებლად.

„სოფლიდან 3-5 კილომეტრის მოშორებით გვაქვს ნაკვეთები, – წუხს ლეღვნელი გივი ვეფხვაძე, – ფაქტობრივად, ნადირმა გამოგვრეკა ჩვენი მიწებიდან – ისე გვინდაგურებს მოსავალს, რომ აღარ ღირს წვალება და დამუშავება. სახლთან ახლოს რომ ბოსტანი მოვაწყოთ, შემოსაღობად თხმელის მასალაც კი არ გვაქვს, ადრე რომ შეშადაც არ ვიყენებდით. კარგი იქნება, თუ ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები დაუბრუნდება სოფლებს.“

სოფლებში უმძიმეს მდგომარეობაში არიან საშუალო ასაკის მოქალაქეები, – ვისაც არც სამუშო აქვთ და ჯერ პენსიაც არ დანიშვნიათ უასაკობის გამო. „ხომ არ იგეგმება საპენსიო ასაკის დაწევა,“ – კითხულობენ საპენსიო ასაკის მომლოდინე ადამიანები და მდგომარეობის შემსუბუქების შანსს პენსიის ადრიანად დანიშვნაში ხედავენ.

ფარცხნალის მოსახლეობა ამბობს, რომ მათ არ გადაუწყვეტიათ, აბანოს მშენებლობა (ჯერაც რომ არ დასრულებულა) ამ მასშტაბით განხორციელებულიყო და ამდენი თანხა წასულიყო სოფლის პროგრამიდან ამ პროექტზე. მათ სურდათ, რომ ფარცხნალის სამკურნალო წყლის მნიშვნელობა არ დაკარგულიყო, ხის ორი ოთახი მოწყობილიყო და მოქალაქეებს სამკურნალო წყლის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდათ. სოფლის მოსახლეობა ახლა ძალიან წუხს, რომ რამდენიმე წელია, შენდება აბანო და უამრავი თანხა იხარჯება: „ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დასრულდეს აბანოს მშენებლობა და შევიდეს ექსპლუატაციაში?! ვინ არის პასუხისმგებელი, ეს საქმე რომ მიატოვეს ასე დაუსრულებელი?!“

ფარცხნალელები ითხოვენ ევგენი ხარაძის წყაროს აღდგენას. ჯაფაროულის მოსახლეობა კი გაზიფიცირებასა და ხარაგაულის ცენტრიდან პირდაპირი საავტომობილო გზის გაჭრას ითხოვს.

nდეისში დღეისათვის სამოცამდე კომლია დარჩენილი. მათი უმთავრესი პრობლემა უგზოობაა. ცენტრიდან სოფლამდე მისასვლელი გზა კატასტროფულ მდგომარეობაშია. სოფელში არც მაღაზიაა, პირველადი მოხმარების საგნების შეძენა რომ შეძლონ. გლეხმა პროდუქტის მისატანად კერძო ავტომობილი უნდა დაიქირავოს და საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადოს.
„დეისში ძირითადად მოხუცები და ავადმყოფები ვართ დარჩენილები, ვისაც წასასვლელი არსად გვაქვს. ტყეს ვიცავთ და არ ვაზიანებთ, მაგრამ არც ჩვენ უნდა შეგვცივდეს. ეზოში ჩემი ასაკის ყველა ხე მოვჭერი ზამთარში გასათბობად. არ მინდა, ახალგაზრდა ხეებმაც მათი ბედი გაიზიარონ. აღარაფრის იმედი მაქვს,“ – ამბობს 84 წლის დეისელი მერი ლაცაბიძე.
უგზოობისა და უტრანსპორტობის მიზეზით ხშირად ადგილობრივები ადმინისტრაციულ ცენტრში ჩასვლასაც ვერ ახერხებენ, სოციალურ სააგენტოს რომ მიმართონ სოციალური შემწეობის დასანიშნად. ზამთარში სოფელი მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს. მოხუცები ამბობენ, რომ ღვთის ანაბარად არიან დარჩენილები, რადგანაც საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარება მათთან მისვლას ვერ შეძლებს. თუმცა მადლიერებით იხსენიებენ სოფლის ექიმს, რომლის გარეშეც ალბათ ძალზე გაუჭირდებოდათ.
დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ დეისელებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ისეთი სოფლები, როგორიც დეისია, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. პარლამენტარი იმედოვნებს, რომ მომავალი შეხვედრისას მას ზუსტად ეცოდინება, რა პრობლემის გადაჭრა შეეძლება ხელისუფლებას, რათა მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შემსუბუქდეს და ამისათვის ის, როგორც პარლამენტის წევრი, ყველაფერს გააკეთებს.

n მოსახლეობასთან პარლამენტარის შეხვედრები გრძელდება. რა დაანახა ნოდარ ებანოიძეს ამ შეხვედრებმა, ამაზე თავად დეპუტატი გვესაუბრება:

-რაც დავინახე და სიახლეა, ძალიან მსიამოვნებს, რომ ადამიანები თავისუფლად გამოთქვამენ მოსაზრებებს, არიან უფრო მეტად კრიტიკულები, ვიდრე იყვნენ გასულ წლებში. ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამანახა, თუ რაოდენ სერიოზული მუშაობა გვჭირდება მდგომარეობის შესაცვლელად. ადამიანთა მდგომარეობა კვლავ საკმაო მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სოციალური პროექტები ხორციელდება. ადამიანთა დასაქმების მაჩვენელი ძალიან დაბალია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მცირემიწიანია და გლეხური მეურნეობიდან შემოსავლები მიზერულია. ისედაც ვიცოდი, რომ სოფლებში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, თუმცა როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, უფრო სხვა თვალით ხედავ ფაქტებს, ვიდრე მაშინ, როცა ოპოზიციას წარმოადგენ.

შეხვედრებზე მოსახლეობასთან ერთად გამოვკვეთეთ ძირითადი პრიორიტეტები თითოეულ სოფელში და ერთობლივად დავსახეთ ღონისძიებები. ადამიანები ცდილობენ, უკეთ გაერკვენ თავიანთ უფლება-მოვალეობებში. რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, რაც, ურთიერთთანამშრომლობისგან მოსალოდნელი შედეგების გარდა, იმითაც იყო სასარგებლო, რომ მოსახლეობას ვაჩვევთ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების ფუნქციების  გამიჯვნას.

სასწრაფოდ განსახორციელებელია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, პირველ რიგში საავტომობილო გზების მოწყობის. არის საკითხი, რომელთა გადაწყვეტა სასწრაფოდაა დასაწყები. რამდენი წლის წინ უბისა-ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის გზა იყო სახელმწიფო დანიშნულების და მისი ექსპლუატაციის ვალდებულება ჰქონდა სახელმწიფოს. დაუფიქრებლად მოხდა ამ გზის თვითმმართველობაზე გადმოცემა – ეს გზა არ არის შიდა გზა, – ეს ის არტერიაა, რომელიც მუნიციპალიტეტის ორ მნიშვნელოვან სეგმენტს აკავშირებს ერთმანეთთან. ამიტომ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კვლავ აღუდგეს ამ გზას ძველი სტატუსი და მისი რეკონსტრუქცია სახელმწიფომ მოახდინოს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემაა მიგრაცია. ყველა სოფელში აწუხებთ ხე-ტყის რესურსებთან წვდომის საკითხი. მოსახლეობას დავპირდით, რომ უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ხევის საზოგადოებრივ ცენტრში, ჩავატარებთ გარემოს დაცვის სამინისტროს ხე-ტყის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელსაც თითოეული სოფლიდან რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის რწმუნებულებიც, დაესწრებიან.

უახლოეს ხანში შევხვდები „ენერგოპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს, რათა უკეთ გავერკვე გამრიცხველიანების თანმიმდევრობის, ვადებისა და ა. შ. ამ საკითხებში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ვაპირებთ დახმარებას ბორითის საბავშვო ბაღის შენობის საკუთრების საკითხის გადასაწყვეტასთან დაკავშირებით.

ჩვენ, ფაქტობრივად, გადავწყვიტეთ პრობლემა, რაც აწუხებს ნადაბურის მოსახლეობას – მთელი უბანი მოწყვეტილია სოფელს მდინარის ადიდების შემთხვევაში. ხიდის პროექტი რომ მზად ყოფილიყო, ახლავე შეგვეძლო ნადაბურში, მდინარე ძირულაზე, ხიდის მშენებლობის დაწყება. წელს საარჩევნო წელია და ნოემბრამდე ვეღარ განხორციელდება ცვლილება ბიუჯეტში. მტკიცედ დაგვპირდნენ, რომ ეს ხიდი გაკეთდება. ჩვენ ამ პროექტით შეგვიძლია ძალიან სერიოზული რამ გავაკეთოთ ამ კუთხისთვის. პრემიერიც ძალიან დაინტერესდა ამ თემით – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, ნადაბურზე გადმოვლით, დაახლოებით 50 კილომეტრით მოკლდება დასავლეთისკენ მიმავალი გზა. ამ საკითხის გადაწყვეტა შექმნის ნადაბურის გზის მოასფალტების საჭიროებას, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეცვლის იქაურ სიტუაციას.

ძალიან მწვავედ წარმოჩნდა სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის პრობლემები. არის სოფლები, სადაც ამბულატორიაა, მაგრამ ექიმის მისვლის სიხშირე ძალიან მცირეა და ეს სოფლები დარჩენილია სამედიცინო მომსახურების გარეშე.

მოსახლეობა ინტერესდება ბიუჯეტის პარამეტრებით, იმით, თუ როგორ იხარჯება საბიუჯეტო თანხები. ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვისადმი განწყობა იცვლება. ადამიანებში გაჩნდა გრძნობა, რომ ბიუჯეტის თანხით საერთო პრობლემები უნდა გადაწყდეს.

რეალობა მძიმეა, კიდევ უფრო დამძიმებული ხარაგაულისთვის. ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ ყველა უწყებამ, ხელისუფლების ყველა შტომ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ, არც თუ ისე მსუბუქი, რეალობიდან.

ლაურა გოგოლაძე