მესამე წელია, რაც „საქართველოს რკინიგზა“ ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს. ახალ სარკინიგზო მაგისტრალს, რომელიც „ჩქაროსნული რკინიგზის“ სახელითაა ცნობილი, „ჩინური რკინიგზის 23-ე ბიურო“ აშენებს. მშენებლობის პროცესში პროექტმა ცვლილება განიცადა. კერძოდ, მოლითი-ზვარეს მონაკვეთში სამი გვირაბის ნაცვლად (მეექვსე, მეშვიდე და მერვე), მხოლოდ ორი (მეშვიდე და მერვე) აშენდება. მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის (გზშ) დამტკიცების შემდეგ გაგრძელდება. საკონსულტაციო ფირმა „გამას“ მიერ მომზადებული გზშ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს 25 ივლისს ფირმის წარმომადგენელმა ჯუღული ახვლედიანმა და „საქართველოს რკინიგზის“ სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა აკაკი საღირაშვილმა წარუდგინეს.
აკაკი საღირაშვილის განმარტებით, მეექვსე გვირაბის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნიდა სოფელ ანეულას მაცხოვრებლებს. ასევე პრობლემა გახლდათ მდინარე ბლიხევზე გვირაბის გაყვანა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვირაბის მშენებლობა ხელს უშლიდა არსებული რკინიგზის ფუნქციონირებას. აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, ახალი პროექტი შეისწავლეს მშენებლობის ზედამხედველმა ორგანიზაციებმა და ტექნიკური თვალსაზრისით უკეთეს გადაწყვეტილებად ჩათვალეს. გვირაბის მშენებლობის გაუქმებით 35%-ით შემცირდება სამშენებლო ნარჩენების რაოდენობა. ამავე დროს „საქართველოს რკინიგზას“ მშენებლობა უფრო იაფი უჯდება.
საკონსულტაციო ფირმა „გამას“ წარმომადგენელმა ჯუღული ახვლედიანმა აღნიშნა, რომ რკინიგზის მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროცესში მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოსალოდნელია სოფელ ანეულას მოსახლეობაზე. ეს იქნება მიწისა და საცხოვრებელი სახლის დაკარგვასთან, ხმაურთან, ატმოსფერული ჰაერის მტვრით დაბინძურებასთან, სამშენებლო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მცენარეული საფარის, ცხოველთა სამყაროს და მდინარეების – ზვარულას, ჩხერიმელას და ბლიხევის დაცვის საკითხები.
bმშენებლობის დროს, სამშენებლო ტექნიკის მუშაობის გამო, და ოპერირების ფაზაზე, მატარებლების შემადგენლობების მოძრაობის სიხშირის მიხედვით, მოსალოდნელია ზენორმატიული ხმაურის გავრცელება. საკონსულტაციო ფირმამ შემდეგი შემარბილებელი ღონისძიება შესთავაზა მშენებელს: უნდა დამზადდეს სპეციალური ეკრანები. ფიჭვისგან დამზადებული ეკრანი 15 დეციბელით ამცირებს ხმაურის მოცულობას, ხოლო მუხისგან დამზადებული – 25 -27 დეციბელამდე. „რკინიგზის მთელი მონაკვეთისთვის გვაქვს ჩატარებული მოსალოდნელი ხმაურის კლევა და მითითებულია ადგილები, სადაც უნდა მოეწყოს ეს ეკრანები და მათ შორის, სოფელ ანეულაში,“ – ამბობს ჯუღული ახვლედიანი.
bძალიან სერიოზული და პრობლემატურია მშენებლობის პროცესში წარმოქნილი ნარჩენების მართვა. ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა სანაყარო მოწყობილიყო, ეს არის მდინარე ბლიხევისა და ჩხერიმელას შესართავის ქვედა დინებაში არსებული ჭალა, მაგრამ ის ძალიან მცირე ფართობია.
bრაც შეეხება მცენარეულ საფარზე ზემოქმედებას, საკონსულტაციო ფირმის წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ ყველა ხე და ბუჩქი დაითვალეს, რომელიც მშენებლობის გავლენის ზონაში მოყვება. გარდა რამდენიმე ეგზემპლარი დაცული სახეობისა, იქ მნიშვნელოვანი საკონსერცაციო ღირებულების მცენარეული საფარი არ არის. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სოფლის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთი, სადაც კულტურული მცენარეებია. მათ შორის რამდენიმე ძირი კაკალი. გზშ-ში მითითებულია, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი ამოღება ბუნებიდან.
bმოსალოდნელია ცხოველთა სამყაროზე ზემოქმედება – მათი დაღუპვა, მაგრამ მათ შეეძლებათ გადაადგილება. ამ კუთხით შემარბილებელი ღონისძიებები დეტალურადაა აღწერილი გზშ-ში.
bსაინჟინრო-გეოლოგიური კვლევისა და ჰიდრო-გეოლოგიური მონაცემების მიხედვით სოფლის წყაროების კვება იმ ფენებიდან და იმ მხრიდან, საიდანაც გვირაბი კეთდება, არ ხდება. ამიტომ ამ მხრივ ზემოქმედება არ გვექნება. ზემოქმედება იქნება ზედაპირულ წყლებზე სამშენებლო ბანაკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. „გამას“ რეკომენდაციაა, მოეწყოს კომპაქტური გამწმენდი ნაგებობა.
bსატრანსპორტო ნაკადების გამო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხი დგება. სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურა მაღალი გამავლობის მანქანების მოძრაობის დატვირთვას და ინტენსივობას არ შეესაბამება. ამიტომ მშენებელი ვალდებულია, სპეციალური პერსონალის საშუალებით სიჩქარეების რეგულირება განახორციელოს.
bარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი – დასაქმების საკითხი. ყველა პროექტი, რომელიც ქვეყანაში ხორცელდება, უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურად დასაქმებას. ეს უნდა განახორციელოს დამკვეთმა „საქართველოს რკინიგზამ“ და სახელმწიფომ.
bსოფელ ანეულაში რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის გამო 8 ოჯახს მოუწევს განსახლება. 12 მოსახლე დაკარგავს ნაკვეთს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია, თუ როგორ უნდა მოხდეს შესყიდვის პროცედურა. ჯუღული ახვლედიანის თქმით, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ოჯახების ინტერესები, რომლებზეც გავრცელდება ზემოქმედება.
nროგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკონსულტაციო კომპანიას არ აქვს უფლება, გადაამოწმოს და მონიტორინგი ჩაატაროს, რამდენად სრულდება რეკომენდაციები, მაგრამ მშენებელი ვალდებულია, შეასრულოს ყველა რეკომენდაცია.
nარასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ – წარმომადგენლებმა პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა გამოთქვეს. თემურ კეპულაძემ ყურადღება გაამახვილა მშენებლობის შედეგად ზვარეს მინერალური წყლის საბადოზე წარმოქმნილ პრობლემებზე. მისივე თქმით, მერვე გვირაბის მშენებლობამ არ უნდა შექმნას პრობლემა და წყლის საბადოს უნდა მოცილდეს მეცხრე გვირაბი.
ჯუღული ახვლედიანის განმარტებით, მეცხრე გვირაბის ბოლო ვარიანტი კოორდინირებულია მერვე გვირაბის გამოსასვლელთან. ბოლო ალტერნატივა ითვალისწინებს მის მოცილებას ჭაბურღილიდან არანაკლებ 15-20 მეტრისა.
გარემოსდამცველთა თქმით, ზვარეს წყლის საბადოდან გვირაბის 15-20 მეტრით დაშორება თავის მოტყუილება. მათივე განცხადებით სოფელ ანეულას მოსახლეობას „საჭირ-ლხინო გზა“ ესპობა. ამის გამო მათ შემოვლით გზაზე მოუწევთ სიარული.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის თქმით, სერიოზულად უნდა შეფასდეს ყველა მონაკვეთი. მან ეჭვი გამოთქვა, რომ ახალმა გვირაბებმა, შესაძლოა, ზვარეს უნიკალური მინერალური წყალი დაგვაკარგვინოს და საფრთხე შეექმნას კურორტ ნუნისს. მისივე განცხადებით, სერიოზული პრობლემაა სამშენებლო ნარჩენების განთავსება. „მკაცრი მონიტორიგია საჭირო. მთავარი პრობლემ,ა რაც დავინახეთ, ისაა, რომ პროექტი არ არის სერიოზულად დამუშავებული და ახლა მიმდინარეობს მისი დახვეწა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი, გამოიკითხოს მოსახლეობა და დადგინდეს, რა სარგებელი ექნება მუნიციპალიტეტს.“
„საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლის აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, გვირაბის მშენებლობა, რომელიც ზვარეს მინერალური წყლის საბადოზე გამოვიდა, უნებართვოდ წარიმართა. ამის გამო მშენებელმა ჯარიმა გადაიხადა და ადმინისტრაციული წარმოებაც დაწყებულია. აკაკი საღირაშვილის თქმით, „საქართველოს რკინიგზა“ ამუშავებს ამ მონაკვეთის მშენებლობის ახალ ვარიანტს, რომლითაც სარკინიგზო ხაზი ჭაბურღილებს დაშორდება.
სოფელ ჩრდილში მცხოვრებმა ემზარ ჩაჩანიძემ აღნიშნა, რომ მშენებლობის გამო არ უნდა დაზარალდეს მოსახლეობა და სოფელი. მისივე თქმით, მერვე და მეცხრე გვირაბებს შორის მისი ინიციატივით აგებული „სოსო გოგნაძის სახელობის ბაქანი ჩრდილი“ მდებარეობს. ემზარ ჩაჩანიძე ამბობს, რომ ბაქანის გაუქმება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას. ამიტომ უნდა მოიძებნოს გზები ამ საკითხის მოსაგვარებლად. აკაკი საღირაშვილი მას ამ პრობლემის დეტალურად შესწავლას დაჰპირდა.
nრკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე ვრცლად ისაუბრეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ინგა მაღრაძემ, ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, დ. ხარაგაულის, საღანძილეს, ძირულას მაცხოვრებლებმა. მათი თქმით, შეუძლებელია იმ ზიანის გამოსწორება, რაც მშენებლობის გამო გარემოს და კერძო მესაკუთრეებს მიადგა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, გარემოზე ზემოქმედების საკითხებს განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემები ფარავს. მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია. „არავისთვის აუხსნიათ ნორმალურად, სად გავიდოდა რკინიგზა. ახლა გავარკვიეთ, რომ პროექტიც არ ყოფილა დამტკიცებული და გზადაგზა კონტრაქტორი ცვლიდა. შედეგი რაც მივიღეთ, ვნახეთ – ჯერ გააკეთეს პორტალები და მერე შეიტანეს ახალი პროექტები დასამტკიცებლად. აუცილებელია, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ განახორციელოს მთელი ტრასის ერთიანი განხილვა, ან უბან-უბან შეხვდეს მოსახლეობას, ან წარმომადგენელი აიყვანოს ადგილზე,“ – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობის ინფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილავს.
ნინო კაპანაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ