გახარაიას პარტიას „საქართველოსთვის“ ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას ხარაგაულის მერის მოქმედი მრჩეველი ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი უხელმძღვანელებს.
ეს ინფორმაცია თავზარაშვილმა თავად დაგვიდასტურა.
მისგან მოპოვებული ინფორმაციით, ივლისის ბოლოს პარტიის „საქართველოსთვის“ ოფისი ოფიციალურად გაიხსნება და ამ დღეს ხარაგაულში გიორგი გახარია ჩამოვა. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის შემდგომი ვიზიტი ხარაგაულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატის წარდგენისას შედგება.
ვინ იქნება პარტიიდან „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი ხარაგაულში, ამის შესახებ ვარლამ თავზარაშვილი ამბობს, რომ ამას პარტია გადაწყვეტს. თუმცა, თავად საკუთარი კანდიდატურის შეთავაზებას აპირებს.
ვარლამ თავზარაშვილი ხარაგაულში „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი თქმით, მან „ქართული ოცნება“ დატოვა იმიტომ, რომ „მმართველი პარტიის დღევანდელმა ხელმძღვანელმა უღალატა იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რის გარშემოც ქართველი ხალხი გაერთიანდა.
„ქართულ ოცნებას“ ვტოვებ იმიტომ, რომ ის დაადგა „ნაციონალური მოძრაობის გზას“, მათ შორის ზღვარი უკვე იშლება, – ადამიანების დაშინებითა და ზეწოლით ცდილობენ დაუპირისპირდნენ საკუთარი გუნდის ყოფილ წევრებს.
დღევანდელი დღე 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიას მახსენებს. დაშინებები, დარეკვები, ფეისბუქლაიქების განხილვები…
კონკრეტული ფაქტების დასახელებისგან თავს შევიკავებ იმ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, ვისზეც ხორციელდება ზეწოლა ჩვენს პარტიასთან ურთიერთობის გამო. უახლოეს დღეებში ყველაფერს გავასაჯაროვებ.
2021 წლის იანვრიდან ხარაგაულის მერის მრჩეველი ვარ სპორტისა და ტურიზმის საკითხებში. უახლოეს დღეებში დავწერ განცხადებას და თანამდებობას დავტოვებ. 2020 წელს ხარაგაულის საკრებულოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად ვმუშაობდი“, – ამბობს ვარლამ თავზარაშვილი.
ვარლამ თავზარაშვილი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ხარაგაულის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
2007-2012 წლებში ვარლამ თავზარაშვილი სასჯელს იხდიდა. მისივე ინფორმაციით, მისჯილი ჰქონდა 13 წელი, თაღლითობისა და ქრთამის მიცემაში წაქეზებისთვის.
ის ამბობს, რომ ციხეში ცრუ ბრალდებით იჯდა, ხუთი წლის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა და რვა წელი პირობითი სასჯელი მიესაჯა.
„2012 წელს სასამართლოს მივმართე, – ამბობს ვარლამ თავზარაშვილი, – სასამართლომ ჩემი თხოვნა 2014 წლის ბოლოს დააკმაყოფილა და ნასამართლობა მომიხსნა. ნასამართლობის მოხსნის დოკუმენტი, სამწუხაროდ, ფიზიკურად ვეღარ ვიპოვნე.
ცხრა წელზე მეტი გავიდა და რატომ არის აუცილებელი ამ დოკუმენტის წარმოდგენა?! მე არ ვმალავ, რომ ნასამართლევი ვიყავი. ვთვლი, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ. სასამართლოს ჩემმა ადვოკატმა წარუდგინა იმ მოწმის ჩვენება, თუ როგორ დაიგეგმა ჩემი დაკავება. 500 ლარის თითქოს გამოძალვისთვის 13 წელს რომ მოგისჯიან, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩემთან ერთად ასამართლებდნენ მკვლელს, რომელმაც ხარაგაულში შვილების წინ მამა მოკლა და იმას 11 წელი მიუსაჯეს, მე – 13 წელი.
ჩემი შრომითი ბიოგრაფია გაცილებით ადრე დაიწყო – ვიყავი საფოსტო ბანკის მმართველი, ხარაგაულის გამგებლის მოადგილე“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე ამბობს, რომ ნასამართლობის მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ პირს კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენია – ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში ყოველთვის იქნება და არ ამოიშლება.
ზაალ გორგიძის განმარტებით, ნასამართლობამოხსნილ პირს, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელი წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო არ დაუმძიმდება. „უფრო დეტალურად განმარტება სასამართლოსგან გაცემული დოკუმენტის ნახვის შემდეგ შემიძლია“, – ამბობს ზაალ გორგიძე.
ნასამართლობის გაქარწყლებისა და მოხსნის სამართლებრივი რეგულაციების მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულს მოუხსნას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე, თუ იგი სასჯელის მოხდის შემდეგ უმწიკვლოდ იქცეოდა. პროცედურა შემდეგნაირია: სასჯელმოხდილი პირი ნასამართლობის მოხსნის შუამდგომლობით მიმართავს გადაწყვეტილების მიმღებ ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებლის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირველ ინსტანციას. შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხარაგაულელები გიორგი გახარიასთან ერთად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი