

„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს გაცემული წინასაარჩევნო დაპირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები 2021 წლისთვის სრულად გაზიფიცირებული უნდა ყოფილიყო.
დღეისათვის, ხარაგაულის 79 სოფლიდან:
ლაშის იგორეთში, კიცხის იგორეთსა და ღუდუმექედში გაზსადენების მშენებლობა ორი წლის წინ დასრულდა. თუმცა, აბონენტების დაერთება, რაც „სოკარ ჯორჯია გაზმა“ უნდა შეასრულოს, ჯერ დაწყებული არ არის. ამ კომპანიიდან მოპოვებული ინფორმაციით, გაზსადენი, ამ დრომდე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ბალანსზეა. გამრიცხველიანების პროცესის დასაწყებად, ეს გაზსადენი „სოკარ ჯორჯია გაზს“ უნდა გადაეცეს.
„ამ სოფლების გამრიცხველიანების ლიცენზია, ჯერჯერობით, არ გვაქვს, – ამბობს „სოჯარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის უფროსი ლევან აბაშიძე, – როგორც კი გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან ნებართვას მივიღებთ, მოსახლეობის გამრიცხველიანებას დავიწყებთ. ყველანაირად მობილიზებული ვართ“.
კიცხის იგორეთში მცხოვრები მანანა კვაშილავა და მის უბანში მცხოვრები ოჯახები, უკვე ორი წელია, ჭიშკრებამდე მიყვანილი ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანას უშედეგოდ ელოდებიან.
„ჩვენს უბანში შვიდი მოსახლე ვცხოვრობთ. სულ რაღაც 15 მეტრი გვაშორებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემს, რომელიც, კარგა ხანია, გაზიფიცირებულია. გზის იქით მხარეს სახლებში ბუნებრივი აირი არის, ჩვენთან კი – არა“, – ამბობს ქალბატონი მანანა.
გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია გამზადებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 19 სოფლისთვის (ბუდიანეთი, წყალაფორეთი, ლახუნდარა, პატარა ვარძია, ხონი, ბორი, ხიდარი, საღანძილე, ზარანი, ვანი, სხლითი, დიდვაკე, ლეღვანი, მარელისი, მირონწმინდა, სარგვეში, ღორეშა, უბისა, საბე). თუმცა, ამ სოფლებში გაზიფიცირების დაწყების დრო დღემდე გაურკვეველია.
1) როდის დაიწყება კიცხის იგორეთში, ლაშის იგორეთსა და ღუდუმექედში მცხოვრები ოჯახების გაზსადენის ქსელზე მიერთება; 2) როდის დაიწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის იმ 19 სოფლის გაზიფიცირება, რომლებისთვისაც საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა; 3) რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება 2027 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – ამ შეკითხვებით გაზის ტრანსპორტირების კომპანიას 2026 წლის 2 ნოემბერს წერილობით მივმართეთ.
ამ კომპანიიდან ჩვენი წერილის მიღება დაგვიდასტურეს; თუმცა, პასუხს ამ დრომდე ველოდებით.
შეგახსენებთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის პოზიციას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი 2021 წლისთვის რომ უნდა ყოფილიყო გაზიფიცირებული.
„ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის მასშტაბით, – მე როგორც მაქვს ინფორმაცია, – დაახლოებით 87%-ზე მეტი არის გაზიფიცირებული ამ დაპირების შესაბამისად, – ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, – ხარაგაულის 79 სოფლიდან ძალიან მცირე ნაწილია გაზიფიცირებული და წელს 14 სოფელია ჩასმული.
ჯამში, ნახევარზეც რომ გავიდეთ, ამისთვის კიდევ გვჭირდება მიმდინარე წელი და თუ მიმდინარე წელს არ დასრულდა, შესაძლებელია, მომავალი წელიც. რა თქმა უნდა, როგორც თვითმმართველობის კუთხით ამ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, ყველგან ვააქტიურებ ამ თემას.
გაზის ტრანსპორტირების კომპანია აღებულ ვალდებულებებს თუ ვერ ასრულებს, ერთადერთი გზა რჩება, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყდეს. თუმცა, ქვეყანაში ამ სამუშაოების სხვა შემსრულებელი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, უნდა ვცადოთ, რომ დავაჩქარებინოთ, – ოღონდ, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც გააჩნია.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ბევრგან აღარ აქვს საწარმოებელი სამუშაოები. იმერეთის უმრავლეს მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირება დასრულებულია. ეს მას მეტ რესურსს გამოუთავისუფლებს, უფრო სწრაფი ტემპით რომ იმუშაოს ხარაგაულში“, – ამბობს ხარაგაულის მერი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, წლებია, მოუთმენლად ელოდება ბუნებრივ აირს.
P.S. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან დღეისათვის გაზიფიცირებულია შემდეგი 14 სოფელი: ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი, წიფი, ვარძია, კიცხი, თეთრაწყარო, საქარიქედი, ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი, ჩხერი, ჯაფაროული, ლაშე და დაბა ხარაგაული.
თამთა გოგოლაძე
შეიძლება დაგაინტერესოთ:
„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს გაცემული წინასაარჩევნო დაპირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები 2021 წლისთვის სრულად გაზიფიცირებული უნდა ყოფილიყო. დღეისათვის, ხარაგაულის 79 […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 2027 წლის ბიუჯეტის
ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში ტრანსპორტით წარმოქმნილი
სააგენტო, რომელსაც სამთავრობო გრანტები უნდა გაეცა,