ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. რა პრობლემების მოგვარება და რა საკითხების გათვალისწინება სურთ 2027 წლის ბიუჯეტში, – ამ შეკითხვებით ხარაგაულელებს მივმართეთ.

რამდენიმე მოქალაქე ასახელებს ისეთ პრობლემებსაც, რომელთა გადაჭრა ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციას სცდება. თუმცა, ადამიანები ამბობენ – ხელისუფლებას მხარი რომ დავუჭირეთ, რაც გვაწუხებს, იმ პრობლემების დაძლევაში უნდა დაგვეხმაროსო.

 

გიორგი ხურცილავა, სოფელ ზარანში მცხოვრები: – ზარანში საავტომობილო გზაა დასაგები და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს პრობლემა 2027 წელს მაინც უნდა მოაგვაროს.

ხუთი წლის წინ ამ გზის ნახევარი მოაბეტონეს, 2,5 კმ სიგრძის გზა კი ისევ მოსაწესრიგებელია. მაშინ დაგვპირდნენ, მომავალ წელს საუბნო გზებსაც გავაკეთებთო. ხუთი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. გაბუნიების უბანში ვცხოვრობ. დანგრეულ გზაზე მანქანა ძლივს ამოდის. ხარაგაულიდან 3-4 კმ-ის მანძილზე, ტაქსის მომსახურებაში 15 ლარს ვიხდით.

სერგო კვინიკაძე, ხემაღალში მეწყერით დაზარალებული, ამჟამად დაბა ხარაგაულში მცხოვრები: – სახლ-კარი მეწყერით დამენგრა და ახლა ხარაგაულში ქირით ვცხოვრობ. ქირის ფულს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიხდიან. სხვა ფულადი სოციალური პროგრამებითაც ვისარგებლე.

პრობლემებს რაც შეეხება, ხარაგაულში წყალი არ ვარგა, – ამღვრეული მოდის და სუნიც არასასიამოვნო აქვს. ეს საკითხი თუ მოგვარდება, კარგი იქნება. სიღარიბეც გვაწუხებს. ჩემი შემოსავალი პენსიაა. გულზე ოპერაცია მჭირდება და უსახსრობის გამო ვერ ვიკეთებ.

ზურაბ ყრუაშვილი, საღანძილეში მცხოვრები: – ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, რომ სოფლებში გაზიფიცირების პროცესის დაჩქარებაზე იზრუნოს. ჩვენც გვინდა ნორმალურ პირობებში ცხოვრება. თვეში ორჯერ თხევადი აირის ბალონის დატუმბვაში 50 ლარს ვიხდი. 50 ლარის ბუნებრივ აირს ოჯახი ერთ თვეში ვერ დახარჯავს.

მოსახლეობის შეშით მომარაგების საკითხიც ძალიან რთულადაა. ამ დროს სხლითი-საღანძილის დამაკავშირებელ გზაზე ხეები და ბუჩქები ისე გაიზარდა, ვეღარ გაივლი. არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და არც ვყოფილვარ. თუმცა, სააკაშვილის დროს 9 ლარს ვიხდიდით და 3-3 კბმ შეშის მოჭრის უფლება გვქონდა. გამოყონ ისევ ხელმისაწვდომ ადგილებში საშეშე მერქანი, ან თავად სატყეომ მოჭრას და მათგან შევიძენთ. სოფელში ზამთარ-ზაფხულ შეშა სულ გვჭირდება.

ზამთარში გზა რომ უნდა იყოს გაწმენდილი, მაგას ლაპარაკი რად უნდა?! თუმცა, ხშირად ან ტექნიკა არ ჰყავთ, ან საწვავი არ აქვთ. სოფელში, ძირითადად, ასაკოვანი ხალხია დარჩენილი. ზამთარში ავად რომ გახდეს და სასწრაფო დახმარება დასჭირდეს, მანქანა როგორ მოვა?! სიმართლეს შევხედოთ თვალებში!

ნაილი მაღლაფერიძე, ხარაგაულის ყოფილი აგრარული ბაზრის თანამშრომელი: – ხარაგაულში ბაზარი და ავტოსადგური აუცილებლად საჭიროა. სოფლებიდან ყველის გასაყიდად რომ ჩამოდიან, ყოფილი ბაზრის მიმდებარედ, შუა გზაში, ჭენჭყში დგამენ ვედროებს. მგზავრებს ვეღარ გაურკვევიათ, მიკროავტობუსები საიდან გადიან. ამ პრობლემების მოუგვარებლობა ოჯახებს უკან წევს.

ეს მარტო ჩემი პრობლემა არ არის, ამ საკითხზე ბევრი ადამიანი წუხს. ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე მოვდივარ ხოლმე და რაღაცებს ვყიდი. აქაურობასაც ვუვლი – ტერიტორიას ვასუფთავებ. ბაზრის შენობიდან და დახლების სახურავებიდან შიფერი ცვივა და აქვე ვინახავ. რაიონის ხელმძღვანელობამ ამ საკითხებს უნდა მიხედოს. ხელისუფლებას რომ ვირჩევთ და ხმას ვაძლევთ, რაც გვაწუხებს, ის პრობლემები უნდა მოგვიგვარონ.

ელენე (ნაზი) პაქსაშვილი, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრები: – ხარაგაულში კანალიზაცია არის სასწრაფოდ მოსაწესრიგებელი და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს. 14 ნოემბერს ჩემი სახლის წინ ჭიდან კანალიზაციამ ამოხეთქა. ხარაგაულის კეთილმოწყობის სამსახურში დავრეკეთ და 16 ნოემბერს მოვიდნენ. პრობლემა მოაგვარეს, მაგრამ კანალიზაციის ნარჩენები ეზოს წინ დარჩა, არ გადაურეცხავთ.

საავტომობილო გზის გასწვრივ სანიაღვრე არხი წყალს ვეღარ ატარებს. წვიმის დროს ეზო გვეტბორება. სახლის წინ ქუჩაში იმხელა წყალი მოდის, გზის მეორე მხარეს ვერ გადახვალ. წყალმა ეზოს კედელი დამიზიანა. ჩვენს ქუჩაზე სანიაღვრე არხებია გასაწმენდი.

იზა ვეფხვაძე, სოფელ ლეღვანში მცხოვრები: – დიდი ზამთარი მაშინებს. სოფელში, უმეტესად, მოხუცები ვართ. ჩემი მეუღლე მწოლიარე ავადმყოფია. ხელისუფლებამ გაითვალისწინოს და საჭიროების შემთხვევაში, სოფელში ტრაქტორი მზად იყოს, რომ დიდთოვლობისას გზა გაიწმინდოს.

სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, დანგრევის პირასაა. ბანკიდან სესხი ავიღე და სახლი ავაშენე, თუმცა, ბოლომდე ვერ მოვაწყვეთ და ისევ ავარიულ სახლში ვართ. ჩემი ოჯახის შემოსავლი მხოლოდ პენსიაა. პენსიიდანაც, სესხის გამო, თვეში მხოლოდ 200 ლარი მრჩება. 600 ლარი ბანკში უნდა ვიხადო, კიდევ 4 წლის განმავლობაში.

წამლები ძალიან ძვირია და ლოგინად ჩავარდნილი მეუღლისთვის თუ ვიყიდე, ჩემთვის ვეღარ ვყიდულობ. 45 ლარს რომ გვიმატებენ, თუ ყველაფერი გაძვირდა, რა აზრი აქვს მაშინ ამ მომატებას?!

სოციალური დახმარების მისაღებად ერთი წლის წინ განცხადება დავწერე და მაღალი ქულები მომანიჭეს. ახლა ისევ უნდა მივმართო. თუმცა, მეუბნებიან, იგივე ქულები მოგივაო. ჩემი მდგომარეობა გაუარესდა, რადგან მეუღლემ ამ წლის აგვისტოში ტვინის ინფარქტი მიიღო და მოსავლელი გამიხდა. მომვლელის თანხასაც ვერ ვიღებ, რადგან მაგ სტატუსი რომ მოგანიჭონ, ბევრი საბუთი სჭირდებაო.

ხარები გავყიდე, მეუღლესთვის რომ მემკურნალა. შეშის მოტანაც ძალიან გვიჭირს. მთაში გვქონდა ერთი ყანა და დათვმა გაგვინადგურა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან რამდენჯერმე ფინანსურად დამეხმარენ. თუმცა, ეს არასაკმარისია. ახლა დახმარებას ვეღარ მოვითხოვ.

ჩემი შვილები ლეღვანში ვერ ცხოვრობენ. სოფელში სამუშაო არ არის, რომ შემოსავალი ჰქონდეთ. ახალგაზრდებმა სოფელში შვილ-მომავალი რითი არჩინონ?!