ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განხილვის პროცესშია. ეს დოკუმენტი საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა. საბიუჯეტო პარამეტრებზე საუბრისას მან ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, შემოსულობები 21 670 900 ლარით განისაზღვრა, ხოლო გადასახდელები – 26 103 700 ლარით. ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, დეფიციტურია და ამ დეფიციტის დასაბალანსებლად ბიუჯეტში არსებულ თავისუფალი სახსრების ნაშთსა და, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროსგან ფინანსურ დახმარებას მიმართავენ.

მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტულ მიმართულებებად გამოკვეთილია ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, განათლება, კულტურა და სპორტი.

2026 წელთან შედარებით, 2027 წლისთვის 9,8%-ით იზრდება შემოსავალი დამატებითი ღირებულების გადასახადიდან; 2027 წლისთვის ეს შემოსავალი 2 445 000 ლარით იგეგმება.

2026 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემოსავალი ქონების გადასახადიდან 6 მლნ. ლარით მცირდება და 2 მლნ. ლარით დაიგეგმა; მიმდინარე წელს ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით შესული ფაქტობრივი მაჩვენებლსი შესაბამისად.

მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, 231 400 ლარია, ხოლო სხვა შემოსავლები – 6 466 000 ლარი.

2027 წელს მერიაში, საკრებულოსა და ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ყველა ააიპ-ში დასაქმებულთა ხელფასები 8,4%-ით გაიზრდება, გარდა საბავშვო ბაღების თანამშრომლებისა. საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს ხელფასი მომავალ წელს 100-100 ლარით მოემატებათ.

საჯარო მოხელეების ხელფასები, 2022 წლიდან მოყოლებული, 2026 წლის ჩათვლით, 10-10%-ით გაიზარდა.

2027 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 593 7000 ლარით, ხოლო მერია 5 209 500 ლარით დაფინანსდება.

წლებია, ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტრანსფერს თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამატებენ. ჯანდაცვის ცენტრისთვის თანხის დამატება 2027 წლის ბიუჯეტის პროექტითაც არის გათვალისწინებული.

თუმცა, მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიით, ჯანდაცვის ცენტრში თანამშრომლები უნდა შემცირდნენ. ვარლამ ჭიპაშვილმა ბიუჯეტის საკრებულოსთვის წარდგენისას აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დეპუტატების პოზიციები მნიშვნელოვანი იქნება და გადაწყვეტილება საბიუჯეტო თანხების ეფექტურად განაწილების სასარგებლო უნდა იყოს.

„2027 წელს, შესაძლოა, მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღოთ და ბორში პანსიონი გაუქმდეს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – 2026 წლის სექტემბრიდან პანსიონს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ – პანსიონში დამრჩენი მოსწავლეების კვებასა და თანამშრომელთა ხელფასებს. ამ პანსიონის კონტინგენტიც შემცირდა, – ამჟამად ხუთი მოსწავლე ჰყავთ.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები მოზომილად დავგეგმეთ. თუმცა, შესაძლოა, ჩვენგან დაგეგმილი გარკვეული შემოსავლები გადაჭარბებით შემოვიდეს.

ბიუჯეტის პროექტში არ აგვისახავს ასევე თანხები, რომლებსაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და მთის განვითარების ფონდიდან წლის განმავლობაში ეტაპობრივად მივიღებთ. გპირდებით, რომ 2027 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსებას საფრთხე არ დაემუქრება“, – ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე.

ნინო კაპანაძე