როგორ შეიცვალა ხარაგაულელების ეკონომიური მდგომარეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, – ჩვენს ამ შეკითხვაზე რამდენიმე ხარაგაულელი გვპასუხობს.

ზურაბ გიორგიძე, შპს „ბენზოს“ თანამესაკუთრე: – მას შემდეგ, რაც საწვავი გაძვირდა, ადამიანების უმეტესობას სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. კაცს ხელფასი 2 ათასი ლარი რომ აქვს და ავტომანქანის საწვავის ავზის გავსებას 300 ლარი უნდა, როგორი ჩასასხმელია?! გლეხმა კაცმა რაღა ქნას, შემოდგომაზე შეშა რომ აქვს მოსატანი, დასახერხი, გაზაფხულზე – მიწა ტრაქტორით დასამუშავებელი?!

ძალიან ბევრი ნისიაა. რაიონში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ზოგს ნისიის გადახდა უჭირს და… ვჩუქნით… ასე გავდივართ, – ეს არის სიმართლე.

ნინო ლომიძე, ინდმეწარმე: – ერთი თვეა, სავაჭრო ადგილი შევიცვალე და მყიდველების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა. აუცილებელ და საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებს, უმეტესად, ნისიად ყიდულობენ. ზოგს დროულად მოაქვს, ზოგი თანხის მოტანაზე მაწვალებს, – ფული არ აქვთ; ზოგჯერ ამას უპასუხისმგებლობაც ემატება.

ციცო მაღლაფერიძე, გარემოვაჭრე: – ისეთ რაღაცებს ვყიდი, სულ რომ საჭიროა და იყიდება. უფლის მადლით, ნამდვილად არ ვარ უმადური და მაკმაყოფილებს ჩემი მდგომარეობა, – რაც მაქვს და როგორც მაქვს, პენსიასთან ერთად.

ჩემთან მოსული ადამიანები, ვფიქრობ, არ განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს, მე თვითონ არ მიყვარს მასეთი მოლაპარაკე ხალხი. რაც მაქვს, იმით ვკმაყოფილდები და ასე მგონია, რომ სხვაც ასე უნდა დაკმაყოფილდეს.

დავით ჩადუნელი, ხარაგაულის მერიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი: -ორი წელი არ არის ისეთი დრო, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება რომ მომხდარიყო. თუმცა, გარკვეული განვითარება და წინსვლა ხდება ნებისმიერი მიმართულებით. ამის მაგალითია თუნდაც, – ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, – ხარაგაულის ქუჩებში არსებული ავტომანქანების რაოდენობა. თუმცა, ადამიანებს მეტი გვინდა, მეტი გვჭირდება და ჩვენი მოთხოვნილებები უფრო მეტად იზრდება.

თამარ სხილაძე, პედაგოგი: – სოციალურად დაუცველი ადამიანების ეკონომიური მდგომარეობა გაიზარდა – არასრულწლოვან შვილებზე დახმარება 200 ლარია, სახელმწიფო ეხმარება მედიკამენტების შეძენაში, გასულ წლებში ხომ დაასაქმეს ხალხი 300 ლარად. არ ვიცი, მათ რა აკეთეს, მაგრამ ეს თანხა მათ ოჯახებში პენსიასავით შედიოდა.

სოცდაუცველებს აქვთ ასევე უფასო კვება სათნოების სახლში. ბრენდული ტანსაცმელი მეორად მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. მოსწავლეთა მშობლები ჩემზე უკეთესი ჩაცმულები დადიან. ღმერთმა მისცეთ, არაფერს იკლებენ.

დავიჩაგრეთ ჩვენ, მშრომელი ხალხი, ვისაც საქმის კეთება და წარმოება შეგვიძლია. არ გვეხმარება, მაინცდამაინც, მთავრობა. ჩვენც გვჭირდება ხელშეწყობა, რომ წარმოება განვავითაროთ, ადამიანები დავასაქმოთ და ეკონომიკა წინ წავიდეს.

შოთა მდივნიშვილი, პენსიონერი, ვარძიაში მცხოვრები: – მდგომარეობა უარესდება. 45 ლარს გვიმატებენ პენსიაზე და მომავალი წლიდან ამ მომატებულ თანხას დენისა და გაზის გაზრდილ ტარიფში გადაგვახდევინებენ. ერთეულებისთვის არის „კომუნიზმი“. სოფლებში განუკითხაობაა და მიტოვებულია ყველაფერი, ნადგურდება ტყე.

წელს, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, ეკომიგრანტის სტატუსი მომენიჭა და 30 ათასი ლარი ავიღე. ამ თანხით რა უნდა მეყიდა?! – ვისესხე ფული და ზესტაფონში გასარემონტებელი ბინა შევიძინე. როგორც კი ეს თანხა ავიღე, სოციალური დახმარება – 50 ლარი მაშინვე მომიხსნეს. ეკომიგრანტს იქით არ უნდა მიეხმარო?! უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვართ.