

საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ყოველთვის (35%) ან ხანდახან (42%) მშიერია, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე წიგნიერებაში (კვლევა ჩაატარა მოძრაობამ „ხმა“).
სასკოლო ასაკის ბავშვების მშობელთა უმრავლესობა (83.2%), სკოლაში კვების დანერგვის მომხრეა. ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგებით დასტურდება.
უფასო სასკოლო კვების დასანერგად მუშაობა განათლების სამინისტრომ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, 2021 წელს დაიწყო.
როდის გეგმავს განათლების სამინისტრო სასკოლო კვების დანერგვას? – ამ შეკითხვით მივმართეთ განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს, რომელიც 2026 წლის 21 სექტემბერს ხარაგაულში პედაგოგებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.
„ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ბუფეტის მოწყობა, ან საკვების ადგილზე დამზადება, – გვიპასუხა გივი მიქანაძემ, – მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი. სკოლების ინფრასტრუქტურა როგორც კი ამის საშუალებას მოგცემს, მზად ვართ, გადაწყვეტილებები მივიღოთ. თუმცა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – ამბობს მინისტრი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა, არცერთ მათგანში სასკოლო ბუფეტი არ ფუნქციონირებს. მოსწავლეებს საკვები ან სახლიდან მოაქვთ, ან ახლომდებარე მაღაზიებში იძენენ, ან მშივრები არიან.
დაბა ხარაგაულში მოქმედ სამივე სკოლაში დიდი დასვენება, რომელიც 15 წუთი გრძელდება, დაახლოებით ერთსა და იმავე დროსაა. ამ დროს ხარაგაულში არსებულ კვების ობიექტებთან მოსწავლეების რიგი დგება; სკოლიდან გამოსული უფროსკლასელი მოსწავლეები საკვებს თუ დროულად შეიძენენ, ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად შეჭამონ, რომ გაკვეთილზე არ დააგვიანონ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ქუჩაში მოსწავლეთა უსაფრთხოებაა.
ამერიკელ ქველმოქმედთა ჯგუფი, ფონდ „ქუთაისის მოზარდთა სახლთან“ თანამშრომლობით, ორ ათეულ წელზე მეტია, ბორის საჯარო სკოლის მოსწავლებისთვის უფასო სასკოლო კვებას უზრუნველყოფს. 2022 წელს ამ პროგრამაში ვარძიის საჯარო სკოლა ჩაერთო, ხოლო 2025 წლიდან ხიდრისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლები.
ამერიკელი მეგობრები წელს ბორის საჯარო სკოლას 4 ოქტომბერს ეწვივნენ. ქველმოქმედთა ჯგუფის საქართველოს მისიის კოორდინატორის, ლინ ბენქსის, ინფორმაციით, 2027 წლიდან ერთჯერად საკვებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიდევ ხუთი სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.

„ჩვენ გვიყვარს ხარაგაული, ჩვენი ჩამოსვლის მიზანია ბავშვებთან ვიყოთ, ვითამაშოთ და მათთან ერთად ვიმხიარულოთ, – ამბობს ლინ ბენქსი, – ჩვენი პროგრამა მთელი წლის განმავლობაში ეხმარება ამ სკოლებს და ეს არის უნიკალური შემთხვევა წელიწადში ერთხელ, როცა შეგვიძლია პირადად ჩამოვიდეთ და ვიყოთ მოსწავლეებთან.
შევიტყვეთ, რომ არის კიდევ სკოლები ხარაგაულში, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება და ვინაიდან ჩვენ შესაძლებლობა გაგვიჩნდა ამერიკაში, რომ უფრო მეტ სკოლას დავეხმაროთ, გადავწყვიტეთ, დახმარების არეალი გაგვეზარდა. იგეგმება 5 ახალი სკოლის დამატება, მაგრამ ამ სკოლებს, წინასწარ, საჯაროდ არ ვასახელებთ, გვინდა, რომ ეს სკოლებისთვის სიურპრიზი იყოს.
ეს არის ჰუმანიტარული დახმარება, უამრავი ადამიანია კიდევ ამერიკაში, რომელთაც უყვართ და იცნობენ საქართველოს და ძალიან უყვართ ქართველი ბავშვები. ეს ყველაფერი კეთდება სიყვარულით“.
ლინ ბენქსი ამბობს, რომ ამერიკაში უფასო სასკოლო კვება სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ორჯერადია და საუზმესა და ლანჩს ითვალისწინებს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები სკოლაში უფასო ლანჩს იღებენ.
ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე კატო პავლაძე ამბობს, რომ სკოლაში კვება აუცილებელია, რადგან დილით ბავშვები სკოლაში, უმეტესად, მშივრები მოდიან და სკოლაში 2-3 საათამდე უწევთ ყოფნა. მშიერ ბავშვს კი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება უჭირს.

„ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობა ან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან, – ამბობს ბორის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ბარბაქაძე, – დილით სკოლაში მშიერი მოდიან იმ იმედით, რომ სკოლაში კვება აუცილებლად იქნება. შეიძლება ბავშვმა მოითმინოს შიმშილი, გაუძლოს, მაგრამ ეს ხელს უშლის სასწავლო პროცესს. ბავშვს როცა დაკმაყოფილებული აქვს შიმშილის მოთხოვნილება, უფრო მეტად აქტიურია გაკვეთილზე. მე ვმუშაობს სხვა სკოლებში, სადაც ბავშვები არ იკვებებიან, ამ სკოლებთან არ არის კვების ობიექტი, რომ მოსწავლეებმა რაიმე შეიძინონ; მეოთხე-მეხუთე გაკვეთილებზე მოსწავლეები ძალაგამოცლილები არიან“.

„ბავშვები მოუმენლად ელოდებიან კვებას სკოლაში. თან ეს არის უფასო და დღევანდელ რეალობაში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი შვილებისთვის. ბევრს არ აქვს საშუალება, ყოველ დილით გამზადებული საკვები წამოიღოს სკოლაში. მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს“, – ამბობს ბორის საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი თინათინ სარალიძე.
წყალაფორეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია დვალი ამბობს, რომ „სკოლაში ყოველდღე 11:30 საათზე ახალგამომცხვარი, თბილი ღვეზელები ყველა მოსწავლეს ურიგდება. ბავშვი მთელი დღე მშიერი არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია თითოეული მოსწავლისთვის“.
„2023 წლამდე ჩვენს სკოლაში ბუფეტი ფუნქციონირებდა, – ამბობს ხიდრის სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა, – მოიჯარეს სკოლაში გამზადებული პროდუქტები მოჰქონდა, მაგრამ შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასკოლო ბუფეტებში HACCP-ის სისტემის დანერგვა მოითხოვა და ბუფეტი დავხურეთ. 2026 წლის იანვრიდან შემომთავაზეს, რომ ამერიკელების დახმარებით უფასოდ სკოლაში მოსწავლეებს ღვეზელებს მოუტანდნენ და მეც დავთანხმდი“.
პარლამენტის ბიურომ 2 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება უფასო სასკოლო კვების კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებაზე. გასულ პერიოდში კანონპროექტი ორჯერ დახარვეზდა, რის გამოც პროექტის განხილვები ვერ იწყებოდა. ორივე შემთხვევაში, შენიშვნების გამოსასწორებლად, პროექტი ინიციატორებს დაუბრუნდათ..
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, პარლამენტში საინიციატივო ჯგუფმა 2026 წლის სექტემბერში შეიტანა, მას 37 ათასი ამომრჩეველი აწერდა ხელს. საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: აკაკი ჩიქობავა, ანა კამლაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ხასაია, ეკატერინე დანელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თათია ვერულაშვილი, ინა ჩარკვიანი და კონსტანტინე ჩაჩიბაია.
საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად, ხელმოწერებს ხარაგაულში მრავალშვილიანი დედა თამარ ჩერქეზიშვილი აგროვებდა. თამარს მიაჩნია, რომ საგაკვეთილო პროცესში ბავშვების კვება მისი ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.
„ზოგჯერ ისე ხდება, რომ სახლშიც არაფერია ისეთი, რომ შვილებს სკოლაში გავატანო. ვცდილობ, ფული მაინც მივცე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გაკვეთილების დროს სკოლიდან ბავშვის გამოსვლა არ შეიძლება და ვერაფერს ყიდულობენ. ვცდილობ, დიდ დასვენებაზე მაინც მივიდე და რაღაც მივუტანო, რომ შეჭამონ. დღეში თითო ბავშვს 3-3 ლარი მაინც სჭირდება, რომ ერთი ლობიანი და პატარა წვენი იყიდოს. ეს დიდი ხარჯია ნებისმიერი ჩვენნაირი ოჯახისთვის“, – ამბობს თამარ ჩერქეზიშვილი.
თამთა გოგოლაძე
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს:
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო