გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას პრესკონფერენციაზე, 2026 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ

ევროკომისიის მიერ დღეს, 4 ნოემბერს, წარდგენილი გაფართოების პაკეტი ნათლად აჩვენებს, რომ გაფართოების პროცესი წინ მიიწევს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ახლახან ბრიუსელში განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს გაფართოების პროცესს უფრო მეტი შედეგი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, გასული 25 წლის განმავლობაში.

ეს მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების ან მხოლოდ ევროკომისიის მიღწევა არ არის – ეს ასევე ჩვენი წევრი სახელმწიფოების მიღწევაცაა, რომლებმაც გაწევრიანების პროცესის თითოეულ ეტაპს დაუჭირეს მხარი.

გაწევრიანებისკენ წინსვლა კვლავ ობიექტური კრიტერიუმებითა და თითოეული ქვეყნის მიღწევებით განისაზღვრება, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საერთო ტემპს ფუნდამენტური პრინციპები განსაზღვრავს. 2026 წლის გაფართოების შესახებ პაკეტი ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

წინსვლა, რომელსაც წელს ვხედავთ, ასევე ხაზგასმით გვაჩვენებს ჩვენს კანდიდატ ქვეყნებს შორის არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებებს. ზოგიერთმა ქვეყანამ, წევრობის გზაზე, არსებითად წაიწია წინ; სხვა კანდიდატებში ეს პროცესი ნელი იყო; ზოგიერთ შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, უკუსვლა ვიხილეთ. ეს განსხვავებები ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური არჩევანი.

გაფართოების პაკეტი ევროპის მომავალს ეხება. ის ასევე ეხება საქართველოს ადგილს ამ მომავალში.

საქართველოს, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩაგასული წლის განმავლობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით არსებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველოს, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა და კვლავ ვერ იღებს სარგებელს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს.

მმართველი პარტია საქართველოში განაგრძობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმისა, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობის საშუალებით. უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამ უფრო მეტად და მკაცრად შეზღუდა სამოქალაქო სივრცე.

ხელისუფლების ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა გამოაცხადა, თუმცა ამ სწრაფვას ძირეულად ეწინააღმდეგება მისი სისტემატური მტრული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ, მანიპულაციური ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელება, ევროკავშირის ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე უარის თქმა.

ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის საშუალებით, საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს უქმნის საფრთხეს; როგორც ახლახან განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა, „საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ძლიერი დაპირისპირების გზაზეა“.

ამავდროულად, ევროკავშირის მრავალწლიანი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა.

თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს კურსის შეცვლას და ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური პრინციპების – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების – ერთგულებას დაუბრუნდება, ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, შესაძლოა, განახლდეს.

საქართველომ თავად მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების თხოვნით და უნდა აჩვენოს, რომ წევრობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ევროკომისიის თანმიმდევრული ანგარიშები გაფართოების შესახებ, ისევე როგორც დღეს გამოქვეყნებული ანგარიში, აწვდიდა საქართველოს ინფორმაციას, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

გასული წლის განმავლობაში საქართველოში ვითარება უფრო მეტად გაუარესდა: ვხედავთ დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას, კანონის უზენაესობის სწრაფ რღვევას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას.

ყოველივე ეს საქართველოს მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანის შედეგია. არჩევანს მნიშვნელობა აქვს. არჩევანს შედეგები მოჰყვება.

ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების ერთგულებას დაუბრუნდება,

საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა კვლავ უცვლელია.