„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.

ფერმერი საშიკო ხიჯაკაძე ამჯერად მერძეული ფურის წველადობის ხანგრძლივობაზე გვირჩევს:

მერძეული მიმართულების ფურმა, წლის განმავლობაში, ანუ ერთ ლაქტაციაზე, უნდა მოიწველოს 300 დღე და დაისვენოს 60-65 დღე.

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მერძეული ფერმის სწორი მენეჯმენტისთვის. არის შემთხვევები, როდესაც ფერმერები ცდილობენ უფრო დიდხანს მოწველონ ფური მეტი სარგებლის მისაღებად. სამეცნიერო კვლევებმა დაამტკიცა, რომ ეს მცდარი მიდგომაა და პირიქით, დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს ფერმერს.

სწორად დაგეგმილი მშრალობა დადებით გავლენას ახდენს როგორც ლაქტაციის მონაწველზე, ასევე ხბოს ჯამრთელობაზე. წველის დროს ცხოველი რძესთან ერთად გასცემს დიდი რაოდენობით კალციუმს და სხვა ნივთიერებებს, რომელთა აღდგენაც უნდა მოხდეს მშრალობის პერიოდში. ასევე ხდება ცურთითის ქსოვილის აღდგენა, რადგან წველისგან გადაღლილ სარძევე ჯირკვლებს დასვენება სჭირდებათ.

წველისგან დასვენება გავლენას ახდენს ხბოს ჩამოყალიბებაზე, ვინაიდან ხბოს ძირითადი მასა ყალიბდება მაკეობის ბოლო 60 დღეში, რასაც ფურის ორგანიზმიდან დიდი ენერგია სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ მშრალობის პერიოდს სწორად სწორად არ დავიცავთ, ცხოველი ვერ აღიდგენს ენერგიას და მისი ორგანიზმი ფიზიოლოგიურად ვერ გაჯანსაღება. ეს კი გამოიწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა – მშობიარობის შემდგომი პარეზი, მასტიტი, დამბლა, პლაცენტის ვერ მოგება, გართულებული მშობიარობა, პროდუქტიულობის შემცირება, სუსტი ხბოს დაბადება.

ასევე მნიშვნელოვანია ფურის სწორად გაშრობა, ვინაიდან ცხოველისთვის ეს წარმოადგენს სტრესს. გაშრობისთვის მომზადება ხდება შემდეგნაირად:

ცხოველის კვების რაციონიდან ვიღებთ მაღალცილოვან და მაღალკალორიულ საკვებს. ცხოველს უნდა მიეცეს საშუალო ხარისხისს უხეში საკვები, რაც გამოიწვევს რძის მოდინების შემცირებას. ამის შემდეგ ვეტერინარული პრეპარატი ყველა ცურთითში ინდივიდუალურად უნდა შევიყვანოთ.

ცხოველი მოგებამდე აღარ უნდა მოვწველოთ. ამ პერიოდში ცხოველს არ სჭირდება ზედმეტად გადასუქება. საკვები ისე უნდა დაბალანსდეს, რომ ცხოველმა  შეინარჩუნოს  სანაშენე კონდიცია.

გახსოვდეთ, რომ სწორად გატარებული მშრალობის პერიოდი არის კარგი პროდუქტიულობის, ჯამრთელი ცხოველისა და მეტი შემოსავლის წინაპირობა.

საშიკო ხიჯაკაძე
ხელოვნური განაყოფიერების და ცხოველთა პროდუქტიულობის ამაღლების ინსტიტუტის დირექტორი

ამავე თემაზე

როგორ დავიცვათ ახალშობილი ცხოველები კოლიბაქტერიოზისგან