

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
ამჯერად ფერმერი, ხელოვნური განაყოფიერების და ცხოველთა პროდუქტიულობის ამაღლების ინსტიტუტის დირექტორი საშიკო ხიჯაკაძე ახალშობილი ცხოველების კოლიბაქტერიოზისგან დაცვის შესახებ გვირჩევს:
ახალშობილი ცხოველებისთვის პირველი 3-5 დღე ყველაზე კრიტიკული პერიოდია. ამ პერიოდში, შესაძლოა ახალშობილი ცხოველი კოლიბაქტერიოზით დაავადდეს. კოლიბაქტერიოზი მწვავე ინფექციური დავადებაა და სწრაფად პროგრესირდება, იწვევს მწვავე ფაღარათს, გაუწყლოებას.
ამ დაავადებაზე სწრაფი რეაგირების გარეშე ახალშობილების 80% ზე მეტი იღუპება. ახალშობილის დაინფიცირება ხდება დაუმუშავებელი ჭიპლარით ან დაბინძურებული ცურით, – იგულისხმება პირველადი მოწოვების დროს ცურის ჰიგიენური მდგომარეობა. ნაწლავის ჩხირი ნაკელში, ბუნებაში და სადგომში ყოველთვის არსებობს.
კოლიბაქტერიოზის სიმპტომებია – წყლისებური ფაღარათი, მჟავე სუნიანი და სისხლნარევი განავალი ან მოყვითალო თეთრი ნაცრისფერი განავალი, ცხოველი სუსტდება, აღარ იღებს საკვებს, აქვს მაღალი სტრესი და ეწყება გაუწყლოება.
დაავადების საწყის ეტაპზე ცხოველის ტემპერატურა მატულობს , ხოლო ფატალური შედეგის დადგომის პერიოდში ტემპერატურა ნელნელა იკლებს – ცხოველს უცივდება სხეული. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ყურებზე.
ამ დავადებისგან თავის აცილების მიზნით ფერმერებს უნდა ჰქონდეთ სუფთა დეზინფექცირებული სამშობიარო ბოქსები, ასევე ახალშობილის მოსათავსებელი დეზინფექცირებული ადგილი.
დაბადების დროს ჭიპლარის იოდის 5%-იანი ხსნარით დამუშავება აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია დაბადებიდან 1-2 საათის განმავლობაში ახალშობილის მივაწოდოთ დედის ხსენი, რადგან დედის ხსენისგან იღებს იმუნოგლობულინებს რაც ეხმარება ახალშობილს იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში, ცხოველის ორგანიზმს ამზადებს დავადებებისგან დაცვისთვის.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში უფრო აქტიურად ხდება იმუნოგლობულინების ათვისება ახალშობილის ორგანიზმის მიერ, ვიდრე შემდგომ პერიოდში.
ასევე აუცილებლია ცურის სრული გასუფთავება – თბილი წყლით ჩამობანვა და მშრალი ტილოთი ან სპეციალური ინდივიდუალური საწმენდით გამშრალება. საწმენდი აუცილებლად უნდა გამოიყენებოდეს ინდივიდუალურად და ირეცხებოდეს მაღალ გრადუსზე ყოველი გამოყენების შემდეგ; ან უნდა იქნეს გამოყენებული ინდივიდუალური სეპტიკიანი ერთჯერადი გამოყენების საწმენდი საშუალება.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა პრევენცია და მაინც დაემართა კოლიბაქტერიოზი ახალშობილს, უნდა დავიწყოთ სწრაფად მკურნალობა, რადგან ყოველი წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აუცილებელია ცხოველს მივცეთ ელექტრორიტები, რამდენიმე საათიანი შუალედით თბილ წყალში გახსნილი, რადგან მოახდინოს წყლის შეკავება ორგანიზმში და მოხდეს წყლის ბალანსის აღდგენა. ამ დროს არ მიეცემა დედის რძე.
პარალელურად საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა ვეტერინარის ზედამხედველობით და სპეციალური შრატები, რომლებიც გამოიყენება ნაწლავური დავადებების დროს.
ცხოველი აუცილებლად უნდა მოვათავსოთ მშრალ, თბილ და სუფთა ადგილას. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ჩავურთოთ სპეციალური თბილი წითელი ნათების ნათურა. აუცილებელია, რომ დაავადებული ცხოველი გვყავდეს იზოლირებულად, რომ დაავადება სხვა ცხოველებშიც არ გავრცელდეს.
საშიკო ხიჯაკაძე
ხელოვნური განაყოფიერების და ცხოველთა პროდუქტიულობის ამაღლების ინსტიტუტის დირექტორი
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
2026 წლის პირველი იანვრიდან მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია
ხარაგაულში 23 ივლისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეწყდება.
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში,
რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, 25 ივლისს,
„დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის