

კლიმატის ცვლილება დღეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ეს პროცესი მოსავლიანობაზე, გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.
რა არის კლიმატის ცვლილების მიზეზები და რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ, ხელისუფლებამ და თითოეულმა მოქალაქემ ამ პროცესის შესარბილებლად, ამ საკითხებზე ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგი ლია რამინიშვილი გვესაუბრება:
– წელიწადის დროები ხასიათდებოდა ბუნებრივი კანონზომიერებით, რაც ამ ბოლო პერიოდში ნამდვილად დაირღვა მთელ მსოფლიოში. ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი გარემოს გლობალური დაბინძურებაა.
მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც უფრთხილდებიან თითოეულ ბალახს, მცენარეს, ცხოველსა და ფრინველს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ დაბინძურებასთან შედარებით, რაც ჩვენს გარშემო ხდება.
მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევები ბუნებრივად ხდება და ეს, ცხადია, კლიმატს ცვლის. თუმცა, ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული დაბინძურება გარემოს უფრო დიდ ზიანს აყენებს.
სოფლის მეურნეობაში მექანიკური შრომა მთლიანად ჩავანაცვლეთ პესტიციდებით, შხამ-ქიმიკატებით, რომლებიც გარემოს აბინძურებს. არ არსებობს ცალ-ცალკე წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება. ჰაერის დაბინძურება ნალექის სახით ისევ ნიადაგს უბრუნდება, ნიადაგი გამოირეცხება და ისევ წყალს დაუბრუნდება. ყველაფერი კი ერთად იყრის თავს ოკეანეში, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია.
სოფლის მეურნეობის განვითარებისას უფრო ეკოლოგიურად უნდა ვიმოქმედოთ და მარტო ჩვენს თავზე არ უნდა ვიზრუნოთ. მარტივია, – დავასხათ წამალი ბალახს და გავანადგუროთ. ეს ცუდია ჩვენი ჯანმრთელობისა და იმ ცოცხალი ორგანიზმებისთვის, რომლებიც გარემოში ბინადრობენ.
ბუნებაში ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ბიოლოგიური როლი აქვს. ამიტომ გაფრთხილება ყველაფერს სჭირდება.
საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური საშუალებები საკანალიზაციო მილებიდან წყალში ჩადის, აბინძურებს წყალს, სპობს ცოცხალ ორგანიზმებს, იწვევს წლის მცენარეების გადაგვარებას და ნიადაგის დაჭაობებას.
სატრანსპორტო საშუალებები, ბენზინი, წვის პროდუქტები ჰაერს საშინლად აბინძურებს. ყველა წვის პროდუქტი არის CO2 – ნახშირორჟანგი. ნახშირორჟანგს მცენარეები მოიხმარენ, როგორც ჩვენ საკვებს და წარმოქმნიან ფოტოსინთეზს, – გამოყოფენ ჟანგბადს. ეს არის უნიკალური პროცესი. დედამიწაზე რომ სიცოცხლეა, ეს მცენარეებისგან გამოყოფილი ჟანგბადის დამსახურებაა.
თუმცა, მცენარეული საფარი შემცირდა, ნახშირროჟანგის დონემ მოიმატა და შესაბამისად, დედამიწაზე ტემპერატურის მატებაა. ეს მატებაც არათანაბარია. ზოგ ქვეყნებში პაპანაქება სიცხეა, ზოგან ღვარცოფია, ზოგან შეიძლება კიდეც მოთოვოს. ჩვენთანაც იყო ასეთი უჩვეულო შემთხვევები აპრილსა და მაისში
ფაბრიკები და ქარხნები, რომლებიც არ იყენებენ მაღალი ხარისხის ფილტრებს, გამონაბოლქვით გარემოს ძალიან აბინძურებენ. ეს გამონაბოლქვი სრულად უნდა გაუვნებელყოფდეს და ისე გაუშვან ატმოსფეროში.
უცხოეთში ამ კუთხით ძალიან დიდი ჯარიმებია. ამიტომ ქარხნის მეპატრონეს ურჩევნია, ისევ ძვირიანი ფილტრები იყიდოს, ვიდრე ჯარიმა გადაიხადოს. კანონის უზენაესობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
გარემოს აბინძურებს ნავთობის გადაზიდვები და წყალს დიდ საფრთხეს უქმნის. ნავთობი წყლის ზედაპირზე რჩება და წყლის ფლორაც და ფაუნაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ასეთი ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება.
თუმცა, აქ უმთავრესია, – ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ.
შესაძლოა, ადამიანმა იფიქროს, – მე, ერთმა ხარაგაულელმა, რა უნდა შევცვალო მსოფლიოში. ეს არის ყველაზე ცუდი ფიქრი, რაც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს იმიტომ, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და ყველას შეგვიძლია რაღაცის გაკეთება.
პირველი – ეს არის რაც შეიძლება მეტი მცენარეული საფარის გაშენება, ხეების დარგვა. ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ თქვა, რომ ადამიანმა ერთი ხე მაინც უნდა დარგოს სიცოცხლეშიო. ეს ერთი ხე ალბათ მაშინ საკმარისი იყო, ახლა ერთი კი არა, ათიც აღარ არის საკმარისი. მხოლოდ ეს არ უნდა იყოს მოდა, რომ სურათები გადაიღო ხის დარგვისას. არ აქვს მნიშვნელობა, შენს ეზოში დარგავ, ტყის პირას თუ სხვაგან. მთავარია, მერე მოუარო. ეს დიდი საშვილიშვილო საქმეა.
გარდა ამისა, თუ დასუფთავების აქციებს ვერ მოვაწყობთ, თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, რომ ნაგავი, რაც ხელში უჭირავს, ნაგვის ურნამდე მიიტანოს. ეს ადამიანს ჩვევაში უნდა გაუჯდეს.
ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი ნაგვის დახარისხებას. ვაშლისა და კარტოფილის ნათალი არ არის ნაგავი და მის გადაყრაზე ნუ იზრუნებთ. თქვენსავე ეზოში, – თუ ეზო გაქვთ, – ამოჭერით სამი ბარის პირზე მართკუთხედი და ჩაყარეთ (თუ არა გყავთ ცხოველი და ამ კუთხით არ შეგიძლიათ მისი გამოყენება), წააყარეთ ისევ მიწა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მიწა იქნება მდიდარი მიკროელემენტებით – გამოგადგებათ ყვავილებისთვის ან სხვა თვალსაზრისით. ბევრ ქვეყანაში აივნებზე აქვთ უკვე ეს საკომპოსტე პატარა ყუთები.
დანარჩენი ნაგავიც უნდა დახარისხდეს და რაც მთავარია, უნდა მოხდეს ნარჩენების მეორადი გადამუშავება. არ შეიძლება ასე ყველაფერს მოხვიო ხელი და გადაყარო. რა მნიშვნელობა აქვს ეს ნაგავსაყრელი ქუთაისში იქნება, ხარაგაულში თუ ხაშურში.
ელემენტები ნაგავსაყრელზე არ უნდა ხვდებოდეს. ის ლითიუმს, საშინლად მომწამვლელ ნივთიერებას გამოყოფს.
მავანი იტყვის, რომ აი, მაქვს ეს მაკულატურა, მაგრამ სად წავიღო, ჩასაბარებელი პუნქტი არის სადღაც შორს. აუცილებლად უნდა იზრუნონ ამაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს ეს პუნქტები.
შემოიღეს კანონი პლასტმასების აკრძალვაზე, მაგრამ კანონის ამოქმედების ვადა გადაწიეს – ჯერ სამი თვით, მერე ხუთი თვით და ახლა აღარ ვიცი, როდის შევა ძალაში. ხარაგაულშიც სპეციალურ კონტეინერებში გროვდებოდა პლასტმასები, რომლისგანაც შემდეგ ისევ სხვადასხვა ნივთებს ამზადებდნენ.
ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად კარგია მექანიკური ტრანსპორტის ან ელექტროტრანსპორტის გამოყენება. ჩვენთან მაინც და მაინც მაღალ-მაღალი ჯიპებით იწონებენ თავს. ამ დროს ევროპის ქვეყნებში ხალხი ველოსიპედებით დადის, გარემოს რომ გაუფრთხილდეს.
ზოგჯერ ერთი ოჯახიდან 5-6 მანქანა გამოდის. საზოგადოებრიივი ტრანსპორტით არ მგზავრობენ და მხოლოდ პირად კომფორტზე ზრუნავენ. აქ ჩემი და შენი არ არსებობს. დედამიწა ერთია და ერთ დღეში ვართ ყველა.
კიდევ უფრო თუ დავამძიმებთ სიტუაციას და გონს არ მოვეგებით, გარემოს დაბინძურება შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს.
ამასწინათ წავიკითხე, რომ „ადიდასი“ პროდუქციის წარმოებისთვის ოკეანიდან „პლასტმასის კუნძულებს“ იყენებს. ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და სხვა მსხვილ კომპანიებსაც შეუძლიათ ასე მოიქცენ. თუმცა, გარემოს დაცვაში ფულს ნაკლებად აბანდებენ.
კენიური ანდაზაა – დედამიწა შენი ნუ გგონია, ის შენმა შვილებმა გათხოვესო. რას ვუტოვებთ ჩვენ შვილებს?! ყველა წუხს, ადრე, სოფელში რომ ვიყავით, საჭმელს რა კარგი გემო ჰქონდა, რა კარგი სურნელი იყოო. გარემოს დაბინძურება ასე თუ გავაგრძელეთ, აღარც ეს ჰაერი გვექნება.
პირველ რიგში მოზარდებს უნდა ჩავუნერგოთ, რომ გარემოს გაუფრთხილდნენ. ეს პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ. აქ სკოლისა და ოჯახის როლი ძალიან დიდია.
ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძე
„დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის
2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის
კლიმატის ცვლილება დღეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ეს პროცესი მოსავლიანობაზე, გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. რა არის კლიმატის ცვლილების მიზეზები და […]
განათლების სამინისტრო საქართველოს ოც სკოლაში და მათ შორის, ხარაგაულის
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის ბორის