განათლების სამინისტრო საქართველოს ოც სკოლაში და მათ შორის, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში, ახორციელებს პროექტს – „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“.

ამ პროექტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ხარაგაულში პროფესიული სასწავლებელი შენდება, სპორტული დარბაზის მიმდებარედ.

როდის ამოქმედდება ეს პროფესიული სასწავლებელი, რომელ პროფესიებს დაეუფლებიან მსურველები, რა ასაკიდანაა შესაძლებელი პროფესიულ სასწავლებელში სწავლის დაწყება, – ამაზე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვეფხვაძე გვესაუბრება.

„პროფესიულ სასწავლებელში მსურველთა მიღებას, სავარაუდოდ, 2027 წლის იანვრიდან დავიწყებთ, – ამბობს ინგა ვეფხვაძე, – მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება.

პროფესიული სასწავლებელი აღიჭურვება ულტრათანამედროვე ლაბორატორიითა და მანქანა-დანადგარებით, რაც პროფესიების დაუფლებისთვის აუცილებელია. საჭირო ინვენტარის შესაძენად განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ხარაგაულის პროფესიულ სასწავლებელში მსურველები ხეზე კვეთასა და კონდიტერიას შეისწავლიან. ორივე სპეციალობა დღეს ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია.

ამ პროფესიულ სასწავლებელში სწავლის უფლება აქვს 15 წლის ასაკიდან ნებისმიერ მოქალაქეს, ასაკის შეუზღუდავად. ადამიანებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო სასურველ პროფესიებს ვერ დაეუფლენ, ეს შანსი ახლა ეძლევათ.

თითოეულ ფაკულტეტზე 15-15 მსმენელის მიღებაა შესაძლებელი, სწავლა 3-დან 5 თვემდე გაგრძელდება.

ამ პროფესიული სასწავლებლის ხარაგაულის #2 სკოლის ბაზაზე ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ მას ამ სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი მართავს. ამ სასწავლებლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსებიც #2 სკოლას ჩაერიცხება.

ჩვენ უკვე შევარჩიეთ ხეზე კვეთისა და კონდიტერიის სერთიფიცირებული სპეციალისტები.

დურგლობისა და კონდიტერიის შესწავლის მსურველები აუცილებლად ჩვენს სასწავლებელში უნდა მოვიდნენ, რადგან მათ ეძლევათ შანსი და საუკეთესო შესაძლებლობა, ხარაგაულიდან გაუსვლელად, უფასოდ დაეუფლონ პროფესიებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი პროფესია საკუთარი და მუნიციპალიტეტის წინსვლისთვის გამოიყენო“.

ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძე