ქალაქ ზესტაფონში, 26 ნოემბერს, სურსათის უვნებლობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულ სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროების წარმომადგენლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) პასუხისმგებელი პირები შეხვდნენ.

ეს შეხვედრა ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) (აღმასრულებელი დირექტორი ეკა ურუშაძე) და „ჩემი იმერეთის“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე) თანამშრომლობით, პროექტის – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ია ქარქაშაძემ და რატი მაღლაკელიძემ სეს-ის საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრეს და პასუხები გასცეს მოქალაქეების შეკითხვებს.

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ საბავშვო ბაღებში წყლის ხარისხით, ცხოველთა ვაქცინაციასთან დაკავშირებული და სკოლებში ჯანსაღი კვების საკითხებით.

სეს-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 43 საბავშვო ბაღიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალი მხოლოდ 8 საბავშვო ბაღს მიეწოდება, დანარჩენ საბავშვო ბაღებში ტექნიკური წყალია. ამიტომ იქ სასმელი წყალი თავად აღსაზრდელებს მიაქვთ სახლებიდან.

ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, თამარ გველესიანის თქმით, არც სახლის ონკანიდან წამოსული წყლის ხარისხია სანდო. ამავე დროს, უმეტესად, წყლისთვის უკვე გამოყენებულ პლასტმასის ბოთლს იყენებენ, რაც დაუშვებელია.

სეს-ის წარმომადგენელთა განმარტებით, ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება. ისინი წელიწადში ერთხელ მხოლოდ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან მიწოდებული წყლის ხარისხს ამოწმებენ.

ხშირად მოქალაქეები უარს აცხადებენ მსხვილფეხა ცხოველების, ძაღლებისა და კატების ვაქცინაციაზე. არსებობს თუ არა ამ შემთხვევაში რაიმე სანქცია მეპატრონის მიმართ, – ამ შეკითხვაზე ვეტერინარმა რატი მაღლაკელიძემ განმარტა, რომ  პირველ ეტაპზე მეპატრონეს გააფრთხილებენ, შემდეგ კი ფულადი ჯარიმაცაა დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ მეპატრონეს ცხოველი დარეგისტრირებული ჰყავდეს.

ბავშვების სურვილები და ჯანსაღი საკვები – ამ დილემის წინაშე დგანან სკოლების დირექტორები.

გამზადებული საკვების ეტიკეტს ყოველდღიურად ამოწმებენ ზესტაფონის #2 და ზესტაფონის #3 საჯარო სკოლების დირექტორები გოჩა ღონღაძე და ქეთევან შარიქაძე. ყველა მზა პროდუქტი უნდა იყოს შეფუთული, ხოლო ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს მეწარმე-სუბიექტის მონაცემები, პროდუქტის დამზადების დრო და ვარგისიანობის ვადა. ეს სავალდებულოა ლობიანის, ხაჭაპურის, ბულკისა თუ სხვა საკვები პროდუქტისთვის, რომელიც სკოლის ბუფეტში შეაქვთ.

„სკოლიდან 10 მეტრში მოსწავლე მაღაზიაში ყიდულობს გაზიან სასმელებს, რომლის შემოტანა მეწარმეს ბუფეტში ეკრძალება, – ამბობს ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ღონღაძე, – ყველა თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩადგეს და სკოლასთან ახლოს გაზიანი სასმელების გაყიდვა მაინც აიკრძალოს. ისე სკოლაში გაზიანი სასმელის აკრძალვა „წყლის ნაყვა“ გამოდის“.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ასი პროცენტით ვერ დავიცავთ ბავშვებს არაჯანსაღი პროდუქტების მიღებისგან. ამ საკითხებზე ერთობლივად უნდა იზრუნონ განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ინფორმაცია სისტემატურად მიაწოდონ ჯანსაღი კვების შესახებ.

სეს-ის წარმომადგენლის, ია ქარქაშაძის ინფორმაციით, სკოლების დირექტორების მიმართვის საფუძველზე მათი სამსახური მოსწავლეებთან შეხვედრებს აწყობს. მთავარია, მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა ცხოვრებაში გამოიყენონ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოქალაქეებმა თავადაც უნდა იაქტიურონ – მავნე და ვადაგასული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართონ – დარეკონ ცხელ ხაზზე – 1501.

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და დაინტერესებულ პირს გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობოს.

ამავე თემაზე

სურსათის უვნებლობის საკითხებზე საჩხერეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა