25 ნოემბერს ქალაქ საჩხერეში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – „სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში“.

შეხვედრის მიზანი იყო სურსათის უვნებლობის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება, საჯარო უწყებების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) წარმომადგებლებმა მოწვეულ მწარმოებლებსა და მომხმარებლებს, განათლებისა და სამედიცინო სფეროს  წარმომადგენლებს, სეს-ის საქმიანობის შედეგები გააცნეს; შეკრებილ საზოგადოებას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ; სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმები და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები გააცვნეს.

შეხვედრაზე მოქალაქეებმა შეკითხვები დასვეს ცხოველთა დაავადება „თურქულისა“ და მცენარეთა მავნებელ ფაროსანას შესახებ, დაინტერესდნენ სკოლებში ბუფეტების საქმიანობასთან დაკავშირებული წესებით.

სეს-ის წარმომადგებლებმა ინგა კობახიძემ და მარინე მაჭარაშვილმა განმარტეს, რომ დაავადებული ხორცი მაღაზიებსა და ბაზარში ვერ მოხვდება, რადგან ის სპეციალურ შემოწმებას გადის. გარე ვაჭრობას რაც შეეხება, სურსათის ეროვნულ სააგენტოს კანონმდებლობით არ ევალება ასეთ ადგილებში გასაყიდად გამოტანილი ხორცის შემოწმება. „გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, არაჯანსაღი ხორცი გარე მოვაჭრეებთან იყიდებოდეს, მაგრამ არ გვაქვს მოქმედების უფლება“, – აღნიშნა მარინე მაჭარაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ზამთრის პირზე ძველ ტანსაცმელსა და მუყაოს ყუთებში ფაროსანა გამოსაზამთრებლად შედის. შემდეგ კი მათი განადგურება ადვილია. ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები ყველაზე უვნებელი და მარტივია.

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების ბუფეტში ამოწმებს სურსათის უვნებლობას, ხოლო რა სახის საკვების შეტანა არ შეიძლება სკოლაში, ამას განათლების მინისტრის ბრძანებულება არეგულირებს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველკვარტალურად ვებგვერდზე აქვეყნებს შემოწმების შედეგებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი სააგენტოა, რომელიც აკონტროლებს და უზრუნველყოფს „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპის დაცვას, პირველადი წარმოებიდან სურსათის საბოლოო მოხმარებამდე.

ამ სააგენტოს საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფა;
  • ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და კეთილდღეობა;
  • მცენარეთა სიჯანსაღე და მავნებლებისგან დაცვა;
  • ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა და ინტერგაცია;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა და ინფორმირებულობა.

1) სურსათის უვნებლობის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს:

– სურსათის ბიზნესოპერატორთა რეგულარული ინსპექტირება;

– ბაზარზე სურსათის განთავსების მოთხოვნათა დაცვა;

– ლაბორატორიული კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე;

– სურსათით გამოწვეული დაავადებების იდენტიფიცირება, პრევენცია, მოკვლევა და რეაგირება;

– მწარმოებლებთან მუდმივი კომუნიკაცია.

2) ვეტერინარიის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს:

– ცხოველთა დაავადებებზე ზედამხედველობა და კონტროლი;

– ცხოველების ვაქცინაცია და სისხლის ნიმუშების კვლევა სახელწიფო პროგრამით დადგენილ დაავადებებზე;

– ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

– ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია და ბაზარზე განთავსებული პრეპარატების კონტროლი;

3) მცენარეთა დაცვის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს:

– მცენარეთა მავნე ორგნიზმების მონიტორინგი, გამოვლენა და პრევენცია;

– მავნებლების საწინააღმდეგო კონტროლის ღონისძიებები;

– პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი შიდა ბაზარზე.

სეს-ის ვალდებულებაა, შეამოწმოს, რამდენად უვნებელია პროდუქცია, რომელსაც მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს. ამისთვის სააგენტო ამოწმებს პროდუქციის წარმოებას სხვადასხვა ეტაპზე, ხოლო დახლზე განთავსებული მზა პროდუქციის შემთხვევაში – მის ვარგისიანობას, ეტიკეტსა და ვადას.

ამავე სააგენტოს ვალდებულებაა, მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ სურსათთან დაკავშირებით, თუ დადასტურდა, რომ ეს სურსათი ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის მავნეა.

სააგენტოს უფლებამოსილებაა საწარმოებისა და კვების ობიექტების როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური შემოწმება. არაგეგმიური შემოწმება შეტყობინების საფუძველზე ხორციელდება.

თითოეულ მომხმარებელს შეუძლია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501 დარეკოს, თუ მაღაზიაში, ბაზარსა და კვების ობიექტში ვადაგასული, ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი თუ შენიშნ. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და დაინტერესებულ პირს გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობოს.

საჩხერეში ეს შეხვედრა შედგა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა  (CSRDG) (აღმასრულებელი დირექტორი ეკა ურუშაძე) და „ჩემი იმერეთის“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე) თანამშრომლობით, პროექტის – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.

ამავე თემაზე

საზოგადობამ სურსათის უვნებლობის კონტროლი უნდა მოითხოვოს