სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე დღეს, 8 აპრილს, განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციის შედეგად შეიცვალა.

„როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

თუმცა ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე, კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.

ბიზნეს სექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები. მადლობა ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამ კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ ოთხი წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება აეკრძალებათ. 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.