„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ონლაინ ტრენინგი ჩაატარა თემაზე „ბულინგი სკოლაში“.

ტრენინგში, რომელიც ბავშვთა ფსიქოთერაპევტ მაია ცირამუას მიჰყავდა, მონაწილეობდა 70-ზე მეტი უფროსკლასელი და მასწავლებელი ხარაგაულიდან, ჭიათურიდან და ზესტაფონიდან.

ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ბულინგის ფორმები, მისი ამოცნობის მეთოდები და ბულინგის დასაძლევად რეკომენდაციები გაუზიარა.

ონლაინ შეხვედრის დასასრულს ტრენერმა მონაწილეებს შესთავაზა ორი ანიმაციური ფილმი ბულინგის შესახებ.

 

ბულინგის წინაპირობები

– გამოცდილება აჩვენებს, რომ ადამიანები ხშირად ვერ უძლებენ ცდუნებას, რომ საკუთარი უპირატესობა არ გამოიყენონ თავისზე სუსტი ადამიანის საწინააღმდეგოდ, – ამბობს მაია ცირამუა, – თუმცა, უპირატესობა არის ილუზორული იმიტომ, რომ არც თანამდებობრივი მდგომარეობა, არც ასაკი, არც სქესი და არც არაფერი სამყაროში ადამიანს არ აძლევს მეორე ადამიანის დაჩაგვრის უფლებას.

ბულერის, ანუ მჩაგვრელის ქცევა განპირობებულია გარკვეული წინასწარი, სტერეოტიპული განწყობით; მაგალითად, დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომ თითქოს „ყველა ბოშა იპარავს“. ამ აზრს ხშირად გამოიყენებენ კონკრეტული ინდივიდის მიმართ ისე, რომ მისი ხასიათის თავისებურებებს არ ითვალისწინებენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ სამყარო ორ ნაწილად იყოფა – „ჩვენ“ და „ისინი“. მეცნიერმა რობერტ საპოლსკიმ აღმოაჩინა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ადამიანებში კეთილ ქცევას ახალისებს მათ მიმართ, ვისაც „ჩვენ“ კატეგორიაში ვსვამთ და იგივე ჰორმონი აგრესიული ქცევისკენ გვიბიძგებს იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც ჯგუფს – „ისინი“ – მივაკუთვნებთ.

მეცნიერული მოსაზრებით, განსხვავებულისადმი მტრული დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა იმიტომ, რომ გადავრჩენილიყავით. ამას ჩიხში შევყავართ, რადგან ადამიანები ცხოველებისგან ბევრად უფრო აღმატებულები ვართ და კულტურული, მორალური ვალდებულებები გვაქვს. ამას გვასწავლიან რელიგიებიც. ამიტომ ეს ბიოლოგიური განპირობებულობა დიდი გამოწვევაა ადამიანისთვის, რომ როგორმე აჯობოს აგრესიულობას განსხვავებულის მიმართ.

კულტურაც განსაზღვრავს, ვის მიმართ გვექნება სიმპატია და ვის მიმართ – არა.

საუკუნეების წინ, ადამიანები, რომლებიც მარცხენა ხელით წერდნენ, იდევნებოდნენ და მათ „ეშმაკისეულად“ თვლიდნენ. რასიზმი გასულ საუკუნეში სერიოზული გამოწვევა იყო. ფერადკანიანს არ შეეძლო თეთრკანიანის გვერდით დამჯდარიყო ტრანსპორტში, არ  შეეძლო უმაღლეს სასწავლებელში ესწავლა.

ეს კაცობრიობამ დაძლია. ბევრი კვლევა ჩატარდა და ამერიკულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ფერადკანიან და თეთრკანიან ბავშვებს ერთ სკოლაში უნდა ესწავლათ, ერთ კორპუსში ეცხოვრათ. აღმოჩნდა, რომ ასეთ სკოლებში თანდათან გაქრა დისკრიმინაციული დამოკიდებულებები, რადგან ადამიანებმა ერთმანეთი დაინახეს. შეხედეს, როგორ პოზიტიურ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან ფერადკანიანი ოჯახის წევრები, როგორ ეხმარება ქმარი ცოლს. ეს სტერეოტიპები დაიმსხვრა და მათ მიმართ ემპათია გაძლიერდა.

ემპათია არის უმაღლესი სოციალური უნარი, მორალური სტანდარტი, რაც თავს ადამიანად გაგრძნობინებს. სწორედ ემპათიის უნარმა – მეორე ადამიანის ემოციების გაზიარებამ, თანაგრძნობამ მოახდინა სასწაული და რასისტული განწყობები შემცირდა.

nსაყურადღებოა, რომ ბევრი ქართული ანადაზა დისკრიმინაციული შინაარსისაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ საკითხს კრიტიკულად შევხედოთ.

„კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო“, – ხშირად ვამბობთ უფროსები, ბავშვი რომ ხმას ამოიღებს და აზრს გამოთქვამს. ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად კი ჩვენ ვალდებულები ვართ, ბავშვს მოვუსმინოთ. შეიძლება ეს ანდაზა რომელიმე ჩაგრული ჯგუფის მიმართაც თქვან. საბჭოთა კავშირში გარკვეული ეროვნული ჯგუფები ვერ სოციალიზდებოდნენ; მაგალითად, ქურთს შეეძლო ყოფილიყო მეეზოვე და თუ მოინდომებდა, დირექტორი გამხდარიყო, იტყოდნენ, – „კუმ ფეხი გამოყოო…“

„კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო“ – ეს ძალადობრივი ანდაზაა და ამბობს, რომ თურმე მოძალადე მართალია და ცხენია დამნაშავე.

„სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო“ – თუ ადამიანმა ერთხელ დანაშაული ჩაიდინა, ეს სტიგმა მთელი ცხოვრება მიჰყვება. თუ, მაგალითად, ბავშვი ერთხელ ფანჯარას ჩაამსხვრევს, მერე ყველა ფანჯარა მისი ჩამსხვრეული ჰგონიათ.

 

როგორ ამოვიცნოთ ბულინგი

მეცნიერთა განმარტებით, ბულინგი არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან მეორე ინდივიდზე ან ჯგუფზე, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში.

რატომ არ შეგიძლია საკუთარი თავის დაცვაო, – ხშირად ამ ტვირთს ვკიდებთ და პასუხს ვთხოვთ იმას, ვინც იჩაგრება. გამოდის, რომ სიძლიერე თითქოსდა ადამიანის ვალდებულება იყოს. ჩვენ არ ვითვალისწინებთ ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს – ვიღაც უფრო გაბედულია, ვიღაც უფრო უკანდახეული, ვიღაცას დაბალი თვითშეფასება აქვს. თუმცა ეს არავის აძლევს უფლებას, მას მუშტი მოუქნიოს და დაამციროს.

ბულინგის დამახასიათენელი ნიშნებია: ძალთა უთანასწორობა, განმეორებადობა, მიზანმიმართულობა.

ძალთა უთანასწორობაში მოიაზრება ფიზიკური სიძლიერე, ასაკობრივი და სოციალური სხვაობა და სხვ. თუმცა, არანაირი ასიმეტრია არ გვაძლევს უფლებას, ვინმე დავჩაგროთ.

განმეორებადობაა, როდესაც, მაგალითად, მასწავლებელი შედის კლასში და მუდმივად ერთი და იგივე მოსწავლის ნივთებია იატაკზე მიმოფანტული. ეს უნდა იყოს მასწავლებლისთვის მინიშნება, რომ ის ბავშვი რაღაც ნიშნით მიზანმიმართულად იჩაგრება.

დიდ როლს თამაშობს ბავშვის პიროვნული მახასიათებლები. ბავშვს, რომელსაც არ აქვს ემპათიური მიდგომა განსხვავებულის მიმართ, – შესაძლოა სახლში ჩაგრავენ ან აკადემიური მოსწრებით თავს ვერ იწონებს, – და ამიტომ „კუნთების ჩვენებას“ იწყებს.

მჩაგვრელი ანუ ბულერი დამნაშავეს სხვაში ეძებს და ამბობს – „გამაბრაზა და გავბრაზდი“. ამ ფრაზებზე უფროსმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. ასეთ ბავშვებს თანადგომა, ახსნა სჭირდებათ, რომ საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლები თავად არიან.

ბავშვის საქციელი, რომელმაც ატკინა ვიღაცას და ამით ამაყობს, უფროსისთვის საშიში სიგნალი უნდა იყოს. ამ დროს ბავშვს უნდა ვესაუბროთ; წავუკითხოთ მოთხრობა ან ვაჩვენოთ ისეთი ფილმები, რაც მათში გარდატეხას მოახდენს.

ერთ-ერთი პრობლემაა ის, თუ როგორ დაიბარებს მასწავლებელი მჩაგრველი ბავშვის მშობელს სკოლაში და როგორ ეტყვის ამის შესახებ. ხშირად მშობელი სკოლაში შიშით მოდის, რომ ის ცუდი გამოჩნდება. მასწავლებელი თუ მას მენტორული ტონით ელაპარაკა, მშობელი თავდაცვით პოზაში ჩადგება. მშობელთან სწორი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა, რომ ვითანამშრომლოთ და პრობლემა დავძლიოთ.

არასდროს უთხრათ დაჩაგრულ ბავშვს, რომ ის ამას იმსახურებს და რომ ჩაგრავენ, მისი ბრალია. ამით მას სტიგმას ვუძლიერებთ. მჩაგვრელს კი ვეუბნებით, – ძლიერი ის კი არ არის, ვისაც გაბრაზებულზე მუშტის მოქნევა შეუძლია, არამედ ის, ვინც ამ მოქნეულ მუშტს გააჩერებს და აგრესორს ღირსეულად მოიგერიებს.

ერთი ბავშვი, ფიზიკური ნაკლის გამო, კლასში ჯამბაზად გადააქციეს. ყველაზე მეტს თავის ნაკლზე ეს ბავში თავად იცინოდა. მასწავლებელი ვერ ხვდებოდა, რომ ეს იყო სასტიკი ბულინგი. ბავშვი იმიტომ კი არ იცინოდა, რომ დაცინვა სიამოვნებდა, მისი ასეთი ქმედება იყო ბულინგისგან თავდაცვა.

 

როგორ დავძლიოთ ბულინგი სკოლაში

ბულინგის რამდენიმე ფორმა არსებობს:

ვერბალური ანუ სიტყვით გამოხატული – გამოჯავრება, ზედმეტსახელის დაძახება, შეუსაბამო სექსუალური შინაარსის კომენტარები, გამოწვევა ძალადობრივი, უხეში კომენტარებით, მუქარა;

სოციალური ბულინგი – განზრახ გარიყვა ჯგუფიდან, სხვა ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ არ ემეგობრონ კონკრეტულ ადამიანს, ჭორების გავრცელება, საჯაროდ შერცხვენა;

ფიზიკური ბულინგი – დარტყმა/ამორტყმა/ბრწკენა, შეფურთხება, ფეხის დადება, ხელის კვრა, სხვისი ნივთის დაუკითხავად აღება/გაფუჭება/დამალვა, ხელით უხეში ჟესტების გაკეთება, რაც სხვას ღირსებას ულახავს.

ბულინს ჰყავს სამი მონაწილე – მჩაგვრელი, ჩაგრული და ბულინგის შემსწრე. ბულინგის შემსწრეები არიან ყველაზე მთავარი ფიგურები. მათ შეუძლიათ დიდი როლი ითამაშონ ბულინგის მართვაში და დაჩაგრულს მხარი დაუჭირონ.

არიან ბავშვები, რომლებიც მჩაგვრელის პოზიციას იზიარებენ იმის შიშით, რომ მერე თავადაც არ დაიჩაგრონ.

მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ ბავშვებთან სკოლაში, უნდა ჩამოუყალიბონ ფასეულობათა სისტემა, რომ დაჩაგვრა ცუდი საქციელია. ადამიანები თანასწორები ვართ და არავის აქვს უფლება ფულის, ასაკის, ფიზიკური სიძლიერის მიუხედავად, ვინმე დააზიანოს, შეურაცხყოს, ღირსება შეულახოს. ბავშვებს თუ ამ ფასეულობებზე გავზრდით და ვასწავლით, რომ სხვა ადამიანის თანადგომა და თანაგრძნობა უმაღლესი ადამიანური თვისებებია, ისინი მჩაგვრელს კი არ გაუმაგრებენ ზურგს, არამედ დაჩაგრულს.

მჩაგვრელს უნდა ვუთხრათ, რომ მისი საქციელი არასწორია და თანატოლებს ის არ მოსწონთ, ამის შემდეგ ის გაიაზრებს, რომ სხვისი დაჩაგვრით პოპულარული ვერ გახდება.

ხშირად ბულინგის შემსწრეებმა არ იციან, როგორ მოიქცენ. განვითარებულ ქვეყნებში

ანტიბულინგური კურიკულუმები და პროგრამები მუშავდება. ასეთ ქვეყნებში ნაკლებია მოზარდებში ფსიქიკური პრობლემები, დეპრესია, შფოთვა, დისციპლინური გადაცდომები, ანტისოციალური ქცევები.

ბულინგის დასაძლევად კვლევასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული რამდენიმე გზა არსებობს:

– სკოლის სოციალურ გარემოზე ფიკუსირება – სკოლაში მყოფი ყველა ადამიანის – მასწავლებლის, მებუფეტეს, კარისკაცის, ექთნის, მძღოლის, ბიბლიოთეკარის გადამზადება ბულინგის ნიშნების ამოსაცნობად;

– ბულინგის შეფასება – კარგი პრაქტიკაა მოსწავლეებისგან ანონიმური კითხვარების შევსება;

სკოლის პერსონალისა და მშობლების ჩართულობა მხარდაჭერასა და ბულინგის დაძლევაზე ორიენტირებულ პროგრამებში;

საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა;

ბულინგის თემაზე ტრენინგების ჩატარება, სკოლის პერსონალისთვის;

– სკოლის წესებისა და პოლიტიკის განსაზღვრა ბულინგთან დაკავშირებით.

ერთ-ერთ სკოლაში ბავშვს სხეულის ტემპერატურა უწევდა და ხშირად მიდიოდა ექთანთან. ექთნის დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა იმ დღეებში, როცა სპორტის გაკვეთილი უტარდებოდა. ის იყო მსუქანი და დასცინოდნენ. ამ დაცინვისგან მისი ბუნებრივი ემოციური რეაქცია ტემპერატურის აწევა იყო.

ანონიმური გამოკითხვებით აღმოჩნდა, რომ ტუალეტი, ჩაბნელებული დერეფანი და სკოლის უკანა ეზო ერთ-ერთი საშიში ადგილებია ჩაგვრისთვის. ასეთ ადგილებში მუდმივად უნდა იდგეს უფროსი. კამერის დაყენება ბულინგს არ შველის. სკოლა საგამოძიებო ორგანო ხომ არ არის, სადაც მერე ამ კამერის ჩანაწერებს ნახავენ?! სკოლაში, სადაც ბავშვი სწავლობს, მან თავი ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს.

არ არსებობს იმაზე დიდი ტყუილი, როცა მასწავლებელი ამბობს, რომ „ჩემ სადამრიგებლო კლასში ბულინგი არ არისო“. ბულინგი ყველგანაა და თუ მე კარგი მასწავლებელი ვარ, ვმუშაობ მის აღმოფხვრაზე.

ყველაზე დიდი არაპროფესიონალიზმია, როდესაც სკოლის დირექტორი ბავშვებს, – რომლებიც ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, – გალანძღავს და შემდეგ ეტყვის, რომ ერთმანეთს გადაეხვიონ. ამ დროს დაბულინგებული ბავშვის ღირსება ილახება. ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლის საკოორდინაციო ჯგუფში ფსიქოლოგების, სოცმუშაკების, მანდატურების ჩართვა.

ხშირად პირველივე კლასიდან იწყება მუშაობა. ტარდება სპეციალური გაკვეთილები, სადაც ბავშვებს ასწავლიან ემოციების ამოცნობას და მათ მართვას. ეს ემოციურ წიგნიერებას, ემოციურ ინტელექტს ავითარებს; ასწავლის კომუნიკაციას, წყენა როგორ გამოხატოს კონსტრუქციულად, – მუშტით კი არა.

ერთ-ერთ სკოლაში ჰქონდათ „შვედური კედელი“, სადაც მეორე კლასელი იყო ასული. მივიდა მასზე უფროსი და – აბა, ჩქარა ჩამოდი, მანდ მე უნდა ავიდეო, – უთხრა. მეორე კლასელი გვეკითხება, – ასეთ დროს როგორ მოვიქცე, უნდა ჩამოვიდე თუ არა; რომ ჩამოვიდე, ის ჩათვლის, რომ მე პატარა ვარ და დამჩაგრა; რომ არ ჩამოვიდე, ჩემზე დიდია და შეიძლება მცემოს.

ბევრი ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ბავშვი ჩამოვიდოდა კედლიდან და ეტყოდა, – აჰა, დაგითმე; ჩამოვალ, რადგან ასე ძალიან გინდა.

დიდი მნიშვნელობა აქვს სხეულის ენას, როგორ პოზიციაში ხარ, როდესაც დათმობაზე წასვლა გიწევს – ხმის ტონი როგორია, რამდენად მყარი ხარ კომუნიკაციის დროს, როგორ ურთიერთობ მჩაგვრელთან, რომ არც საკუთარ თავს ავნო და არც სხვას. ეს სოციალურ-ემოციური უნარები დასწავლადია. ეს რომ იცოდეს ყველა ადამიანმა, ნაკლები იქნებოდა კონფლიქტები და უკეთესი ცხოვრება გვექნებოდა.

ტრენინგი „ბულინგი სკოლაში“ მესამე შეხვედრაა, რომელსაც „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ზემო იმერეთში მცხოვრები უფროსკლასელების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მართავს, ფსიქოლოგ მაია ცირამუას ჩართულობით. წინა ორი ტრენინგი გაიმართა უფროსკლასელებისა და უფროსებისთვის, ცალ-ცალკე, ონლაინ სექსუალური ძალადობის თემაზე. სულ სამივე ტრენინგში 150-მდე მონაწილე ჩაერთო.

ამ ტრენინგების ორგანიზება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

მოამზადა
ნინო კაპანაძემ

ამავე თემაზე

„ბულინგი სკოლაში“, – „ჩემი ხარაგაულის“ ორგანიზებით ტრენინგი გაიმართა

სექსუალურ ძალადობას მსხვერპლის ქცევასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვებით ამოვიცნობთ – მაია ცირამუა