101 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ხარაგაულელი, მაღალპროფესიონალი პროვიზორი, ღირსეული პიროვნება შალვა გელაშვილი.

კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება და კაცთმოყვარეობა იყო მისი ცხოვრებისეული კრედო.

თბილისის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რექტორმა ინსტიტუტში სამუშაოდ დარჩენა შესთავაზა. ბატონმა შალვამ კი მშობლიურ ხარაგაულში დაბრუნება ამჯობინა.

ბატონი შალვა ხელმძღვანელობდა რაიაფთიაქს, რომელსაც რვა სასოფლო აფთიაქი ექვემდებარებოდა. 1966 წლიდან გადავიდა ხარაგაულის ახლადგახსნილი 200-საწოლიანი რაისაავადმყოფოს აფთიაქის გამგედ, სადაც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა.

„შენი საქმე პატიოსნად, კეთილსინდისიერად, სხვებისთვის სამაგალითოდ უნდა აკეთო, – მიაჩნდა შალვა გელაშვილს, – საზოგადო საქმეზე განსაკუთრებულად ბევრი უნდა იფიქრო. თუ თავად არ ხარ მოწადინებული, მდგომარეობას სხვა ვერავინ გაგიუმჯობესებს. მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთო“.

საუკუნოვანი სიცოცხლის საიდუმლოს ოჯახის წევრებისგან განსაკუთრებულ ზრუნვასა და ასევე იმაში ხედავდა, რომ მის სულში არასდროს იყო ბოროტება.

აწ გარდაცვლილ მეუღლე თინა არევაძესთან ერთად სამი შვილი აღზარდა. ამაყობდა შვილებითა და შვილიშვილებით.

ღირსეული შთამომავლობა არასოდეს დაივიწყებს, ხარაგაულთა მეხსიერებასა და გულებში მუდამ ნათელ მოგონებად დარჩება ამაგდარი პიროვნების, შალვა გელაშვილის, სახელი.

გაეცანით ორი წლის წინ შალვა გელაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს:
„ხანგრძლივად რომ ვიცოცხლე, ჩემი ოჯახის დამსახურებაა და კიდევ იმის, რომ ჩემს სულში ბოროტება არ იყო“